პაატა მანჯგალაძე: როცა საკანონმდებლო ორგანოში ერთ მილიონზე მეტი ადამიანის ნება არ იქნება ასახული, ის ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურ ორგანოდ

როცა საკანონმდებლო ორგანოში ერთ მილიონზე მეტი ადამიანის ნება არ იქნება ასახული, ის ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურ ორგანოდ, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

„ჩვენ არ გვიბრძოლია თანამდებობისთვის, ჩვენ ცვლილებებისთვის ვიბრძოლეთ და მიღწეული რომ იყოს აღმშენებლობის და ცვლილებების იდეა, რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძოდით, ამისთვის აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის ფუნდამენტი, რაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში გამოიხატება. სწორედ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების ნებას ემსახურება ის, რომ პროტესტის სახით არ შევდივართ პარლამენტში, უარს ვამბობთ ჩვენს მანდატებზე და გვინდა, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები; ქვეყანას ჰყავდეს პასუხისმგებლიანი, ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული მთავრობა და არა ოლიგარქების და ცალკეული პიროვნებების წინაშე ანგარიშვალდებული მთავრობა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლებას აქვს არგუმენტი, რომ უბნებზე ოპოზიციის 11 000 დამკვირვებელი იყო, მაგრამ ეს არგუმენტად ვერ გამოდგება, რადგან ისინი კონკრეტულ უბნებზე თავიანთი ფუნქციით იყვნენ დაკავებული და შესაძლებლობა არ ჰქონდათ, პროცესზე თვალი მიედევნებინათ.

„ეს არგუმენტად ვერ გამოდგება. ათი ორთან იყო შეფარდება და შესაბამისად, ოპოზიციას არ ჰქონდა შესაძლებლობა, პროცესს სრულფასოვნად დაკვირვებოდა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, კონსტიტუციის მიხედვით, იმისთვის, რომ პარლამენტის უფლებამოსილება იყოს ცნობილი, ცნობილი უნდა იყოს ორი მესამედის უფლებამოსილება; დღეს კი მანდატების გაუქმებაზე განცხადება 51 ადამიანს აქვს დაწერილი და როგორც კი მათ უფლებამოსილება შეუწყდებათ, პარლამენტი არალეგიტიმური იქნება.

პაატა მანჯგალაძემ დებატებში მონაწილე საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ირაკლი ზარქუასაც უპასუხა, რომელმაც „სტრატეგია აღმაშენებელს“ პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა და თქვა, რომ საჭიროა, ოპოზიციური პარტიები სააკაშვილის და ბოკერიას მძევლობისგან გათავისუფლდნენ.

„თუ იცნობთ „სტრატეგია აღმაშენებელს“, გიორგი ვაშაძეს და იმ გუნდს, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ, ვერავის მძევალი ვერ ვიქნებით და როგორც კი საჭიროდ ჩავთვლით, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია, ჩვენ ნაბიჯებს გადავდგამთ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რა შეიძლება იყოს პირობა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ პარლამენტში შევიდეს, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია შექმნილი და ამ კრიზისის განმუხტვის საშუალება რიგგარეშე არჩევნებია.

„ნებისმიერი ფორმატი, რომელიც ეხება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის თარიღს, შეგვიძლია, ამ თემაზე „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკება გავმართოთ, ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ან ოპოზიციური პარტიების გარეშე“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ვირუსის ბლოკატორები