პაატა მანჯგალაძე – პირდაპირ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ჯობს

პირდაპირ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ჯობს, მაგრამ ამას თუ ვერ მივაღწევთ, შესაძლებელია პლებისციტის, როგორც ალტერნატიული ვერსიის განხილვა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით ერთიანია, თუმცა ამ მიზნამდე მისასვლელ გზას შესაძლოა განსხვავებულად ხედავდნენ.

„იმ მძიმე კრიზისიდან გამოსავალი, რომელშიც ახლა ქვეყანაა, პლებისციტი თუ იქნება, რა თქმა უნდა, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მხარს ვუჭერთ. პირდაპირ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ჯობს, მაგრამ ამას თუ ვერ მივაღწევთ, შესაძლებელია პლებისციტის, როგორც ალტერნატიული ვერსიის განხილვა. პლებისციტის მოწინააღმდეგეების არგუმენტებს რასაც ვუსმენ, იგივე არგუმენტები ასევე წარმატებით შეგვიძლია გამოვიყენოთ ვადამდელი არჩევნების სასარგებლოდ, ამიტომ არჩევნებს ამ ქვეყანაში ვერ გავაუქმებთ. რაც შეეხება ოპოზიციაში დაპირისპირებას, ჩვენ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხში ერთმანეთის სტრატეგიული პარტნიორები ვართ, რაც შეეხება ამის მიღწევის მექანიზმს და გზას, ამაში შეიძლება განსხვავებული პოზიციები გვქონდეს. პირდაპირ ვამბობ, ცუდია ერთპარტიული პარლამენტი და ასევე, ცუდი იქნებოდა ერთაზრიანი ოპოზიციაც. ძალიან კარგია, როცა აზრთა სხვადასხვაობა არსებობს და საერთო ჯამში, ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რაც ქვეყანას სჭირდება.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საკითხს, ჩემს პირად პოზიციას ვაფიქსირებ. მიხეილ სააკაშვილი, რა თქმა უნდა, არის ფაქტორი ქვეყანაში. ასევე, შეიძლება, მიხეილ სააკაშვილს არ დავეთანხმოთ და ვინც ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გაკრიტიკება არ შეიძლება, მათთან დებატებში შესვლას არ ვაპირებ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშიფოცხოეწერში ყოფილი სასტუმროს შენობაში გაზის ბალონი აფეთქდა
შემდეგი სტატიაუგულავა: არასწორია ახლა რაიმეს დამუნათება, საკითხის ამგვარად დაყენება, რომ პლებისციტი ბიძინას თამაშია