პაატა მანჯგალაძე – მომხრე ვიყავით ხალხთან მეტი კომუნიკაციის, ეტყობა, საკმარისად ვერ ვიმუშავეთ

ნებისმიერი კვლევა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. ის აჩვენებს გარკვეულ ტენდენციებს და ერთგვარი პოლიტიკური სარკეა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლიტიკური თერმომეტრია, რომელიც თუ ზუსტად არ ზომავს, მაინც ამჟღავნებს გარკვეულ რეალობას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

რაც შეეხება საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევას ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებასთან დაკავშირებით, მანჯგალაძემ განაცხადა, რომ ხალხთან მეტი კომუნიკაციაა საჭირო, რათა მათი საჭიროებების შესახებ უკეთ გაიგონ.

„60 პროცენტს რაც შეეხება, სწორედ ამაზე ვსაუბრობდით ჩვენ გუნდის შიგნით, ვსაუბრობდით ოპოზიციურ შეხვედრებზე, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ ემხრობა არა ვთქვათ, იმ კამპანიას, რომელიც არის გაჩაღებული და ვეჯიბრებით ერთმანეთს რაღაც შოუებში, არამედ ჩვენ ვიყავით მომხრე ხალხთან მეტი კომუნიკაციის. „სტრატეგია აღმაშენებელს“ დაწყებული აქვს რეგიონებში გასვლა და უფრო მჭიდრო კოორდინაცია ადამიანებთან, რომ ის საჭიროებები, რაზეც ვსაუბრობთ პოლიტიკოსები და ის, რაც უჭირს ხალხს, არ აცდეს ერთმანეთს. ეს მიუთითებს ამ აცდენაზე და კარგია, ვიყოთ თვითკრიტიკულები და ვთქვათ, რომ ეტყობა, საკმარისად ვერ ვიმუშავეთ.

რაც შეეხება კვლევის შედეგების გათვალისწინებას, ოპოზიციის სახელით ვერ ვისაუბრებ, „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი მოქალაქის აზრი, მათ შორის იმ ადამიანების, ვინც არ გვეთანხმება. ჩვენ თვითონაც ვატარებთ გარკვეულ კვლევებს და ეს ტენდენციები ჩვენთვისაც ცნობილია. ჩვენთვის ამ ეტაპზე მთავარ ამოცანას წარმოადგენს ხალხის საჭიროებებზე რეაგირება. ჩვენ, პოლიტიკოსები ძალიან გავერთეთ პოლიტიკური თემატიკით. ამ კვლევებში იყო პოლიტიკური და სოციალური ნაწილი, სადაც ადამიანები ამბობენ, რომ მათი მდგომარეობა გაუარესდა და ეს გაუარესება არ შეიძლება, აიხსნას მხოლოდ პანდემიით, ჩვენ შეგვიძლია წარმოგიდგინოთ ციფრები პანდემიამდეც, როდესაც ყველა მიმართულებით იყო გაუარესება. ჩვენი სათქმელი ხალხისთვის არის, რომ ის ვითარება, რაც საქართველოშია, სიღარიბე და სიდუხჭირე, განაჩენი არ არის და თუ მოვინდომებთ, ყველა ერთად შევცვლით ამ რეალობას“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძე – კარლ ჰარცელთან შეხვედრაზე განვიხილეთ გზები, როგორ შეიძლება განხორციელდეს დანიელსონის გეგმა
შემდეგი სტატიაგიორგი ღვინიაშვილი – ნუ იფიქრებს ხელისუფლება, რომ ნიკა მელიას გათავისუფლებით კრიზისი ამოიწურება