პაატა მანჯგალაძე – დააკვირდით თაკო ჩარკვიანს, ის აუცილებლად შემოვა პარლამენტში

სამწუხაროა, რომ თაკო ჩარკვიანმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, დარწმუნებული ვარ, შეიცვლის პოზიციას და შემოვა პარლამენტში, – განაცხადა თემის კომენტირებისას პარტიის წარმომადგენელმა, პაატა მანჯგალაძემ.

„რაც შეეხება პარტიულ რღვევებს, „სტრატეგია აღმაშენებელში“ არანაირი სტრატეგიული რღვევები არ გვაქვს. პარტია არის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ამომრჩეველი და პოლიტსაბჭო ამ გადაწყვეტილებას უჭერენ მხარს. თაკო ჩარკვიანს აქვს განსხვავებული პოზიცია, არ ვეთანხმებით. დააკვირდით თაკო ჩარკვიანს, ის აუცილებლად შემოვა პარლამენტში. არა მარტო თაკო ჩარკვიანი, „ნაციონალური მოძრაობაც“ შემოვა პარლამენტში“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

პაატა მანჯგალაძის შეფასებით, გუშინ ხელმოწერილი გადაწყვეტილებით ოპოზიციამ მიაღწია იმას, რასაც ვერ მიაღწია ცხრა წლის განმავლობაში.

„აქ სუბიექტურ გადაწყვეტილებებზე არ უნდა ვისაუბროთ, გუშინ ხელმოწერილ გადაწყვეტილებით მივაღწიეთ იმას, რასაც ცხრა წლის განმავლობაში ვერ მიაღწია პარლამენტში ყოფნით ოპოზიციამ.

პრეზიდენტმა მიშელმა მიიჩნია, რომ იდეალური გადაწყვეტა, ოქროს კვეთა იყო შემოთავაზებული ვარიანტი და ჩვენთვის მასზე უარის თქმა იქნებოდა დასავლეთისთვის სილის გაწნა. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენს გადაწყვეტილებაზე და ვისაც არ მოსწონს, მათ მოვუწოდებ, თუ არ მოსწონთ, უარი თქვან იმ შედეგებზე, რასაც ეს შეთანხმება იძლევა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

პაატა მანჯგალაძემ ასევე აღნიშნა, რომ ალეკო ელისაშვილისგან განსხვავებით, მათ გადაწყვეტილება მიიღეს ევროპის მედიაციის ქვეშ.

„ელისაშვილისგან განსხვავებით, როდესაც გვადარებენ მას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ ევროპის მედიაციის ქვეშ. გარანტორები, რომ შეთანხმება შესრულდება, იყვნენ ევროპა და აშშ, ბრიუსელი და ვაშინგტონი. ელისაშვილის შემთხვევაში გარანტორი იყო თალაკვაძე. ჩვენი წინადადება არის რომ შეიქმნას მექანიზმები, რომელიც უზრუნველყოფს შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულებას“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ამასთან, მან კომენტარი გააკეთა სალომე სამადაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებზეც.

„რაც შეეხება სალომე სამადაშვილის განცხადებას, რომ დოკუმენტის ხელის არმოწერა რუსეთის ინტერესებშია, მის განცხადებამდე მსგავსი განცხადებები გაკეთდა ამერიკის სენატში; სენატორები საუბრობდნენ, რომ ყოველი დღე, როდესაც გადაწყვეტილება არ არის მიღწეული, არის რუსეთის თამაში. ასევე განცხადება გაკეთდა ევროპარლამენტშიც. პირდაპირ თქმა, ვინც ხელი არ მოაწერა, თამაშობს რუსეთის თამაშსო, არასწორია, ისინი თამაშობენ თავიანთ თამაშს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიარმაზ ახვლედიანმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა
შემდეგი სტატიაედგარს რინკევიჩსი – იმედისმომცემი სიახლეებია საქართველოში