პაატა კვიჟინაძე – ამ ორი დღის განმავლობაში ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა, მათ შორის ისეთებსაც, რომელსაც არავითარი კავშირი არ ჰქონდა დღის წესრიგთან

ამ ორი დღის განმავლობაში ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა, მათ შორის ისეთებსაც, რომელსაც არავითარი კავშირი არ ჰქონდა დღის წესრიგთან, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა პაატა კვიჟინაძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრის მოსმენის შემდეგ განაცხადა.
უმრავლესობის დეპუტატმა სეპენსიო რეფორმასა და გადასახადების შემცირებასთან ოპოზიციის განცხადებებზე გაამახვილა ყურადღება.
„საპენსიო რეფორმა არც დღეს და არც გუშინ არ გაკეთებულა, ევროკავშირი და მსოფლიო ბანკი წლობით მუშაობდა ამ თემაზე საქართველოში. ექსპერტები წლობით იყვნენ საქართველოში და რაც მივიღეთ, ეს არის საუკეთესო ევროპული პრაქტიკა. ამას ადასტურებს სავალუტო ფონდის და ევროკავშირის განცხადებებიც. რაც შეეხება ოპოზიციონერ კოლეგებს, ისინი მაშინაც ეწინააღმდეგებოდნენ ამ კანონს. როდესაც ვკითხე, ევროკავშირს და მსოფლიო ბანკს მოსწონს, თქვენ რა საწინააღმდეგო მაგალითი გაქვთ-მეთქი, სინგაპური დაგვისახელეს. მაშინ ხუმრობით ისიც კი ვუთხარი, თქვენ „ევროპული საქართველო“ ხართ, თუ სინგაპურული საქართველო-მეთქი. აქ ყველაზე მთავარი რა არის იცით? ამ ხალხს რატომ არ ვეკითხებით, უნდათ თუ არა ამ საპენსიო დანაზოგის გამოტანა?! ასე მოვჭრათ და არაფერი ვკითხოთ? 40 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის სისტემაში დარჩენა ნებაყოფლობითი იყო და 3 თვის განმავლობაში შეეძლოთ, უარი ეთქვათ, მაგრამ ხალხი არ გავიდა. რატომ? იმიტომ, რომ თუ მოქალაქე 100 ლარს დადებს, 100-ს წარმოება ამატებს, 100-ს კიდევ ბიუჯეტი და 300 ლარი უხდება, რასაც ემატება კიდევ გამომუშავება და როგორც ბატონმა გიორგიმ თქვა, ეს 14%-ს შეადგენს. რატომ უნდა თქვან ამაზე უარი, ამიხსენით. თან ისეთი წარმოდგენა იქმნება, თითქოს ამ 700 მილიონს ყველას დაურიგებ. ყველას თავის ანგარიშზე აქვს თანხა და შეუძლია ნახოს, რამდენი ემატება“, – განაცხადა კვიჟინაძემ.
რაც შეეხება გადასახადების შემცირებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებას, უმრავლესობის დეპუტატის შეფასებით, მსგავს მოწოდებებს რეალური საფუძველი არ აქვს, ვინაიდან საქართველო გადასახადების სიმცირით ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა.
„ამ თემაზე საუბრისას ერთი ცნობილი ფილმი მახსენდება, ექიმი ადამიანსაც და ცხოველსაც ერთი და იმავე წამლით რომ კურნავდა – აბი გლუკოზა. დაახლოებით ასეა, რა საკითხზეც არ უნდა ვილაპარაკოთ, ოპონენტები ყველგან იძახიან გადასახადები შევამციროთო. შეამცირეთ გადასახადები და მორჩა. 2008 წელს, ცნობილი მოვლენების შემდეგ, 4, 5 მილიარდი აშშ დოლარი მიიღეს, არც ხალხს დახმარებიან, არც საწარმოებს, 2009 წლის კანონში შეპირდნენ, რომ 2012 წლის დასაწყისში საშემოსავლო უნდა ყოფილიყო 15% და ისიც არ შეუსრულებიათ. სად წაიღეს ეს თანხა?! ახლა 1,5 მილიარდი განაწილებულია, ვინ, როდის და რამდენი უნდა მიიღოს. რაც შეეხება, საგადასახადო თემებს, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მცირეა გადასახადები. ამიხსენით, დღგ-ის 2%-ით შემცირება როგორ იმოქმედებს კრიზისში ჩავარდნილ მოსახლეობაზე, ან როგორ დაეხმარება გლეხს ან უმუშევარს. ეს შეიძლება მომავალზე იყოს გათვლილი. როდესაც ვსაუბრობთ, რა გაკეთდა ჩვენ დროს, რა თქმა უნდა, უნდა აღვნიშნოთ მოგების გადასახადის გაუქმება, ხანდაზმულობის ვადის შემცირება 6-დან 3-მდე. დღგ-გან გავათავისუფლეთ სოფლის მეურნეობა, ასევე მოხდა ვალების ჩამოწერა და ა.შ. მაგრამ მთავარი რა იყო იცით? როდესაც თქვენი მმართველობის დროს საგადასახადო შედიოდა საწარმოში, ეს იყო საჭირისუფლო საკითხი, აი რომ უნდა მიუსამძიმრო დაახლოებით, იმიტომ რომ ეს ნიშნავდა, რომ ის უკვე განადგურებული იყო და ჩვენ დროს ეს არ ხდება. და თუ ვინმეს ხელი გაექცევა ამ კუთხით, არის სასამართლო, არის ოპოზიცია, არიან არასამთავრობოები, რომლებიც ამას არ დაუშვებენ. ყველა საკითხზე ამომწურავი იყო პასუხები ბატონი პრემიერ-მინისტრისგან და მას წარმატებას ვუსურვებ“, – აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ.

banner
წინა სტატიაშიინაშვილი:ოგიწოდებთ ხელისუფლების და უმრავლესობის წარმომადგენლებს, მეტი პატივისცემა გამოვიჩინოთ ერთმანეთისადმი და ტერმინოლოგია, რომლითაც მოიხსენიებთ ოპოზიციას, შეცვალოთ
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – სკოლებში სველი წერტილები ჩვენ აშენებული არ დაგვხვედრია და არ დაგვინგრევია – განათლების სამინისტროს დაევალა, რომ სექტემბრისთვის ყველა სკოლაში ნორმალური სველი წერტილი იყოს