პაატა დავითაია: „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე რუსეთთან არანაირ ფორმატში არ უნდა ვილაპარაკოთ“

ფორმატი 3+3 ჩვენი საზოგადოების შეშფოთებას იწვევს. გაერთიანებას, რომელშიც ირანი, რუსეთი, თურქეთი, საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი უნდა შევიდნენ, ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხის შემცვლელად მიიჩნევენ ექსპერტები. „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია ამ ფორმატით აღფრთოვანებული არაა. მისი აზრით, საქართველო ამ გაერთიანებაში კონსტიტუციიდან გამომდინარე ვერ გაწევრიანდება. რუსეთთან დიალოგის დაწყება კი მხოლოდ ერთ შემთხვევაში მიაჩნია მიზანშეწონილად. რა არის ის ერთი საკითხი და რას წარმოადგენს ფორმატი 3+3? – ამაზე პაატა  დავითაია „თაიმერთან“ საუბრობს.

პაატა დავითაია:

– საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ 3+3 ფორმატზე მოლაპარაკებები მიდის. ამის შემდეგ მე გავაკეთე განცხადება, სადაც ავღნიშნე რომ ამ ფორმატში საქართველოს ჩართვა ყოვლად მიუღებელია. საქართველო ვერ მიიღებს იმ ფორმატში მონაწილეობას, რომლის წევრიც არის ოკუპანტი ქვეყანა. საქართველო ამიერკავკასიაში წამყვანი ქვეყანაა და მის გარეშე ვერცერთი გაერთიანება ვერ იცოცხლებს. ამიტომ საქართველომ არ უნდა დათმოს პოზიციები.

ჩვენთვის წითელი ხაზი არის ტერიტორიული მთლიანობა. საქართველოს კონსტიტუციამ ცალსახად განსაზღვრა ერთი თემა, რომ ჩვენ ვისწრაფვით ნატოსკენ და ევროკავშირისკენ. ეს ჩაწერილია ჩვენს მთავარ კანონში. ამიტომ იქ ვერ მოვხდებით, სადაც არის ოკუპანტი ქვეყანა.

ჩემი ამ განცხადების შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განმარტება და თქვა რომ ამ ფორმატთან დაკავშირებით არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. შეიძლება ეს ჩემს განცხადებას არ უკავშირდება და უბრალოდ დაემთხვა, მაგრამ ფაქტია რომ საგარეო უწყებამ  განმარტება ჩემი განცხადებიდან რამოდენიმე საათში გააკეთა.

– დაგაკმაყოფილათ საგარეოს პასუხმა? გჯერათ რომ ამ მიმართულებით არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს?

-ეს გახლავთ ოფიციალური განცხადება და რანაირად არ უნდა დავიჯერო? ძალიან კარგად მესმის ჩვენი მეზობელი ქვეყნების სტრატეგია, მაგრამ სანამ ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება, რუსეთთან არანაირ ფორმატში არ უნდა იყოს მოლაპარაკებები.

– რუსეთმა აფხაზეთს და სამაჩაბლოს არ დათმოს. გამოდის რომ მათთან არასდროს არ უნდა დავილაპარაკოთ.

– ახლა არ თმობს, მაგრამ ხვალ შეიძლება დათმოს. სომხეთიც ბევრ რაღაცაზე არ თანხმდებოდა, მაგრამ მოუწია მთიანი ყარაბაღის დათმობამ. მე არ მჯერა რომ რუსეთი ამას იტყვის, მაგრამ ვთქვათ და თქვეს რომ აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოს ნაწილია, მაშინ მათთან დალაპარაკება შესაძლებელია. დიალოგი მოსკოვთან ძალიან გამარტივდება. ჩემთვის მთავარია ტერიტორიული მთლიანობა.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე რუსეთთან არანაირ ფორმატში არ უნდა ვილაპარაკოთ. ამ ფორმატში დიალოგს რომ დავთანხმდეთ, რა გარანტია გვაქვს რომ ცოტა ხანში რუსეთმა ფორმატში კიდევ ორი ახალი რესპუბლიკა აფხაზეთი და ცხინვალი არ შემოიყვანოს.

– ვთქვათ და რუსეთმა მართლა უკან წაიღო აფხაზეთის და ცხინვალის აღიარება და ისინი საქართველოს ტერიტორიებად სცნო, აფხაზებთან და ოსებთან მოვახერხებთ საერთო ენის გამონახვას?

– ჩვენ ხომ ყველამ კარგად ვიცით, რომ აქ მთავარია რუსეთის პოზიცია. მოსკოვს ზურგი რომ არ გაემაგრებინა, ვერც აფხაზები და ვერც ოსები საქართველოს წინააღმდეგ წასვლას ვერ გაბედავდნენ.  გასაღები არის რუსეთში და მათ შეუძლიათ ამ პრობლემის მოგვარება.

– მე მაინც მგონია, რომ აფხაზებთან განსაკუთრებით ძნელი იქნება დიალოგი.

– საერთოდ არ იქნება ძნელი. აფხაზებთან, მხედველობაში ხალხი მყავს, ძალიან მარტივად დავილაპარაკებთ. ისინი ხედავენ იმ განსხვავებას რაც მათსა და ჩვენს შორის არის, ხედავენ ჩვენ როგორ ვცხოვრობთ და ისინი რა დღეში არიან.  იქ საოკუპაციო რეჟიმია და აფხაზებს უკმაყოფილების გამოხატვა უჭირთ. პრივატულ საუბრებში აფხაზები ამბობენ, რომ ძალიან დიდ ჭაობში არიან.

– ჩვენ არ ვართ დიდი ჭაობში?

– ჩვენც ვართ, მაგრამ აფხაზებთან შედარებით დიდ ჭაობში ნამდვილად არ ვართ.აფხაზებთან შედარებით ჩვენ ამ რეგიონის ფლაგმანი ვართ. როგორც არ უნდა გვიჭირდეს,. ჩვენი და მათი ცხოვრების დონის შედარება არ შეიძლება.მაგათთვის დრო გაიყინა, ჩვენთვის დრო მიდის. ჩვენ მოძრაობაში ვართ, რაღაც გვინდა, ჭეშმარიტებას ვეძებთ. აფხაზები მართლა ჭაობში არიან. აფხაზი ახალგაზრდები წამალში ლპებიან. ძალიან დაბალ დონეზეა განათლება. ჩვენი ახალგაზრდები დასავლეთში სწავლობენ და მუშაობენ. ჩვენს ახალგაზრდებს სწავლის პარალელურად მუშობა არ უტყდებათ, აფხაზებს მუშაობა უტყდებათ.

-აფხაზებს მუშაობა საბჭოთა პერიოდშიც უტყდებოდათ.

-უტყდებოდათ. საბჭოთა კავშირის დროს განსაკუთრებული სტატუსი ჰქონდათ. ჩვენ არ ვართ ჭაობში. აფხაზეთში ქალაქები და სოფლები ტყეს მიაქვს. ტყეს მიაქვს იქაურობა იმიტომ რომ ქართველები წამოვიდნენ იქედან. ქართველების დამსახურება თუ არაა გალი რატომ არ მიაქვს ტყეს? იმიტომ რომ იქ ქართველები ცხოვრობენ.

თაიმერი

banner
წინა სტატიაშიცესკოს თავმჯდომარე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
შემდეგი სტატიაკახი კალაძე: არჩევნების მოგებაში რა მარწმუნებს? განწყობა, ხალხის დამოკიდებულება