რუსი ოკუპანტების სამხედრო ბაზების გასანათებლად საქართველოს ხელისუფლება ფულს საქართველოს ბიუჯეტიდან გამოყოფს. ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით, მთავრობა რუსული კომპანიისგან „ინტერ რაო“ 45 მილიონ კილოვატსაათ ელექტრო ენერგიას შეიძენს.ოპოზიცია მოთხოვს ენერგეტიკის სამინისტრომ საჯარო გახადოს ხელშეკრულება, რომელიც რუსულ „ინტერ რაოსთან“ გაფორმდა. არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ელექტრონერგიით, რომლის შესყიდვასაც საქართველოს მთავრობა აფინანსებს, რუსული სამხედრო ბაზები და რუსი ჯარისკაცების საცხოვრებელები განათდება.
„გაფორმდა ხელშეკრულება “ინტერ რაოსა” და საქართველოს შორის 45 მლნ კილოვატსაათის ყიდვასთან დაკავშირებით, რომელიც აფხაზეთს უფასოდ გადაეცემა. ეს ხელშეკრულება ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. 2012 წლამდე მოქმედი ხელშეკრულებით, აფხაზეთს წელიწადში 500 მილიონ კილოვატსაათს ვაწვდიდით უფასოდ. ხაზს ვუსვამ, 500 მილიონ კილოვატსაათს! დანარჩენზე აფხაზური მოსახლეობა ფულს იხდიდა, რომელიც ე.წ. აფხაზურ ბიუჯეტში შედიოდა. 2012 წლის შემდეგ ეს 500 მილიონი გაიზარდა ერთ მილიარდ კილოვატსაათამდე წელიწადში, რაც აფხაზეთში 28 რუსული სამხედრო ბაზის შექმნამ გამოიწვია.
გამოდის რომ საქართველო უფასოდ აძლევს ელექტროენერგიას რუსულ ბაზებს. 500 მილიონი სამჯერ გაანათებს აფხაზეთს. რუსული სამხედრო ბაზები იკვებება ქართული ელექტროენერგიით. ამ ფონზე ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველომ “ინტერ რაოდან” 45 მილიონი კილოვატსაათი შეისყიდა და ამას აწვდის აფხაზეთს”, – ამის შესახებ პარტია “ევროპელი დემოკრატების” ლიდერმა პაატა დავითაიამ “თაიმერთან” საუბარში განაცხადა.
მისივე თქმით, „აფხაზეთს ერთი მილიარდი კილოვატსაათი ელექტროენერგია არ სჭირდება. ის სადღაც იყიდება და ამაზე კეთდება ფული. ამ ფონზე კიდევ 45 მილიონი კილოვატსაათი საერთოდ აბსურდული ხელშეკრულებაა. გარდა ამისა, აფხაზური პრესა აცხადებდა, რომ ამ ელექტროენერგიას აწვდის არა საქართველო, არამედ რუსეთი. იბადება კითხვა: რატომ დასჭირდა საქართველოს რუსეთის “ინტერ რაოსაგან” ელექტროენერგიის ყიდვა და შემდეგ მისი სადენებით აფხაზეთისთვის გადაცემა, მაშინ, როდესაც “ინტერ რაოს” პირდაპირ შეუძლია მიაწოდოს ელექტროენერგია აფხაზეთს. აბსურდია ჯერ ჩვენ ვიყიდოთ რუსეთისგან დენი და მერე ჩვენვე უნდა მივცეთ აფხაზეთს იგი რუსეთის გავლით. ეს არის სუფთა კომერციული კრიმინალური გარიგება. “ინტერ რაოსთან” ხელშეკრულება ფულის კეთების მიზნით გაკეთდა. ამაზე გამოძიება უნდა დაიწყოს. “ინტერ რაოს” ხელშეკრულება აზიანებს ქვეყნის უსაფრთხოების საკითხს და მინდა მოსახლეობამ იცოდეს, რომ ჩვენ რუსულ ბაზებს დენს უფასოდ ვაწვდით“ – აღნიშნა პარტია “ევროპელი დემოკრატების” ლიდერმა პაატა დავითაიამ.
ბერდია კალანდია
“თაიმერი”