პაატა დავითაია: საქართველო და რუსეთი მზად არიან აფხაზეთის რკინიგზის გასახსნელად

რა მიზანს ემსახურება საქართველოში როსნეფტისა და გაზპრომის შემოყვანა, ვინ და როგორ გეგმავს აფხაზეთის რკინიგზის გახსნას, ვინ არიან მთავრობაში რუსეთის გავლენის აგენტები? – ამის შესახებ “ახალ თაობას” “ევროპელი დემოკრატების” ლიდერი პაატა დავითაია ესაუბრება.
-ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ აზერბაიჯანთან ურთიერთობის დაძაბვა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დამსახურებაა. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

_ ამ მიმართულებით სულ სხვა სურათს დაგიხატავთ, სადაც სიტუაციის დაძაბვაში სალომე ზურაბიშვილი ერთი ჩვეულებრივი ჭანჭიკია.
საზღვრების თემაზე ბევრი მაქვს ნამუშევარი და კარგად ვიცი ეს თემა. ერთადერთი ქვეყანა სამეზობლოში, რომელთანაც სასაზღვრო პრობლემები არ გვაქვს, არის თურქეთი. საბჭოთა კავშირის დროს ამ ქვეყანასთან უკვე დადგენილი იყო საზღვრები და მისი დაშლის შემდეგ საზღვრები უცვლელი დარჩა. სამაგიეროდ, სხვა მეზობელ ქვეყნებთან შეგვექმნა სახელმწიფო საზღვრის დადგენაზე პრობლემები.
იმისთვის, რომ რაღაც დამატებითი პრობლემები არ შექმნილიყო, საქართველოს ყველა ხელისუფალი ერიდებოდა ამ საკითხის გააქტიურებას. სახელმწიფო საზღვრების მიმართულებით არც რუსეთთან, არც აზერბაიჯანთან და არც სომხეთთან არანაირი სერიოზული ხელშეკრულება გაფორმებული არ არის. ამის გაკეთებას ყველა მმართველი არიდებდა თავს.
დავითგარეჯს რაც შეეხება, ის არის საქართველოს ნაწილი და ეს ყველამ იცის. აზერბაიჯანელი ისტორიკოსები თვლიდნენ, რომ შეიძლებოდა ეს ძეგლი მათი ყოფილიყო. რადგან ასეთი მოსაზრება გაჩნდა, თავის დროზე ჰეიდარ ალიევმა ძალიან დიდი ეშმაკობა იხმარა.
ქართული მხარე მზად იყო, რომ დავითგარეჯის სანაცვლოდ აზერბაიჯანისთვის სხვა ტერიტორია დაეთმო. ზუსტად ამ პერიოდში ალიევმა შეცვალა კონსტიტუცია, სადაც ჩაიწერა, რომ აზერბაიჯანს სახელმწიფო საზღვრის შეცვლა მხოლოდ რეფერენდუმით შეუძლია.
დავითგარეჯის სადავო ნაწილის საქართველოსთვის დაბრუნება რომ მოხდეს, ამაზე ჩვენს მეზობელ ქვეყანაში რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს. საზღვრის გადაწევას არც ერთი აზერბაიჯანელი მხარს არ დაუჭერს.
ამ ეშმაკობაზე ქართულმა მხარემ რეაგირება არ მოახდინა. სამაგიეროდ, ბაქოსთან შედგა შეთანხმება, რომ ამ თემის გამწვავება არ მოხდებოდა. დავითგარეჯის სადავო ტერიტორიაზე ჩვენი სასულიერო პირებიც უპრობლემოდ ადიოდნენ და მომლოცველებიც.
ორივე მხარე შეთანხმებული იყო იმაზე, რომ ამ მიმართულებით სიტუაცია არ დაიძაბებოდა.
_ სიტუაციის არდაძაბვაში რა იგულისხმებოდა?
_ ის, რომ ამ მიმართულებით არც ერთი მხარე განცხადებას არ გააკეთებდა. ეს შეთანხმება სალომე ზურაბიშვილმა დაარღვია.
_ რაში დასჭირდა სალომე ზურაბიშვილს სიტუაციის დაძაბვა?
_ ვიდრე ამ კითხვაზე გაგცემთ პასუხს, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ აზერბაიჯანი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. მაშინ როცა რუსეთმა სერიოზული ენერგეტიკული პრობლემები შეგვიქმნა, აზერბაიჯანი ღიად დაგვიდგა გვერდით.
2006 წლის იანვარში რუსეთმა ის გაზსადენი აგვიფეთქა, რომლითაც საქართველოს გაზი მიეწოდებოდა. მოსკოვს ჩვენზე ზეწოლის განხორციელება სურდა, მაგრამ აზერბაიჯანი გვერდით დაგვიდგა. მან მოგვაწოდა გაზი და რუსეთს ეს ზეწოლა აღარ გამოუვიდა.
2008 წელს აზერბაიჯანმა ღიად არა, მაგრამ ძალიან სერიოზულად დაგვიჭირა მხარი.
_ აგვისტოს ომის დროინდელ მხარდაჭერაზეა საუბარი?
_ დეტალებს ვერ გეტყვით, მიუხედავად იმისა, რომ დეტალურად ვიცი ამის შესახებ. ეს არის გრიფით `საიდუმლო~ მასალა და ამაზე ღიად საუბარი არ შეიძლება. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მაშინ აზერბაიჯანი გვერდით ისე დაგვიდგა, როგორც ძმა.
მოგეხსენებათ, რომ შევარდნაძე და ჰეიდარ ალიევი მეგობრობდნენ. ის ფული, რომელსაც ახლა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენიდან ვიღებთ, ალიევმა, ფაქტობრივად, გვაჩუქა.
მერე შემოვიდა საქართველოში სოკარი. 2024 წელს ბიპი-ს უწყდება კონტრაქტი და ამ ნავთობსადენის მფლობელი ხდება სოკარი, ანუ აზერბაიჯანი. კონფლიქტიც იწყება აქედან.
რუსეთს ძალიან უნდა ამ ბაზარზე შემოსვლა. მათ იყიდეს ტერმინალი, რომელიც, წესით, მათთვის არ უნდა მიგვეყიდა.
ამ სიტუაციაში აზერბაიჯანი კიდევ იმიტომ არის პრობლემატური, რომ ის რკინიგზის გახსნასთან დაკავშირებით ქმნის პრობლემას.
_ აფხაზეთის რკინიგზის გახსნაზე საუბრობთ?
_ დიახ. საქართველო და რუსეთი მზად არიან ამ რკინიგზის გასახსნელად. ამ მიმართულებით სიტუაციას ბაქო ძაბავს და ის უშლის ხელს ამ რკინიგზის გახსნას. დღეს ქართულ საქმეს აზერბაიჯანი აკეთებს.
_ რატომ უშლის ხელს ბაქო ამ რკინიგზის გახსნას?
_ ამ რკინიგზის გახსნის შემთხვევაში ყარაბაღში სიტუაცია დაიძაბება, რაც აზერბაიჯანის ინტერესებში არ შედის. ის იცავს თავის ინტერესებს და ამით აკეთებს ქართულ საქმესაც.
რუსეთი უკვე იძულებულია, სერიოზულად დაიწყოს მოქმედებები. მრავალი წლის განმავლობაში ეცადა, ბაქო და თბილისი ერთმანეთთან დაეპირისპირებინა, მაგრამ აქამდე ეს არ გამოუვიდა.
_ რატომ არ გამოუვიდა?
_ ჰეიდარ ალიევი და შევარდნაძე მეგობრობდნენ და ერთმანეთს ძმებს უწოდებდნენ. კარგად იყვნენ ერთმანეთში სააკაშვილი და ილხამ ალიევიც.
ხელისუფლებაში “ოცნების” მოსვლის შემდეგ სიტუაციის დაძაბვა დაიწყო. გავიხსენოთ, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. ივანიშვილმა ჯერ რკინიგზის გახსნაზე გააკეთა განცხადებები, მერე ის თქვა, რომ მისთვის სომხეთი არის მისაბაძი მაგალითი.
ეს განცხადებები ივანიშვილმა პრემიერის რანგში გააკეთა და ამას ბაქოსგან მკვეთრი რეაქცია მოჰყვა.
მერე რუსეთს ნელ-ნელა დაუკმაყოფილეს გაზისა და ნავთობის სფეროში ინტერესები. ამან კიდევ უფრო გაამწვავა ვითარება. ქართულმა მხარემ ესეც არ იკმარა და რამდენიმე თვის წინ ახალქალაქში ყარაბაღის ომის მონაწილეს, სომხეთის ეროვნულ გმირს, ძეგლი დაუდგეს.
_ ეს მართლა კატასტროფა იყო, მაგრამ “ოცნებამ” თავი იმით იმართლა, იმ ბოევიკს თანასოფლელებმა დაუდგეს ძეგლიო.
_ ეს არ იყო თანასოფლელების მიერ ძეგლის დადგმა. ამ ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის ორი წევრი ესწრებოდა. ამან ოფიციალური ბაქო ძალიან გააღიზიანა.
ასეთი რამე წინა მთავრობების დროს რომ მომხდარიყო, ძეგლის აღმმართველს ციხეში ჩასვამდნენ, როგორც კონფლიქტის გამღვივებელს.
ამას მოჰყვა სოკარისთვის ფინანსური პრობლემების შექმნა. კომპანიაში ფინანსური პოლიცია შევიდა.
ამის ფონზე საქართველოს პრეზიდენტი ჩადის დავითგარეჯში, აკეთებს განცხადებას და ქმნის პრობლემას.
მის მიერ გაკეთებული განცხადება არ არის სისულელე. ეს არის მიზანმიმართული ქმედება, რომლის მიზანიც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის დაძაბვაა.
თბილისსა და ბაქოს შორის იმდენად უნდა დაიძაბოს ვითარება, რომ ენერგეტიკული თვალსაზრისით რუსეთზე დამოკიდებულები გავხდეთ და, როცა რუსეთს ჩვენზე ზეწოლის განხორციელება მოუნდება, აზერბაიჯანი ჩვენ გვერდით აღარ დადგება.
ვინც ამ ყველაფერს ხელს უწყობს, მასზე პირდაპირ შემიძლია იმის თქმა, რომ ის არის რუსეთის გავლენის აგენტი.
_ სალომე ზურაბიშვილი რუსეთის აგენტია?
_ ყველა, ვინც ამ მიმართულებით სიტუაციას ძაბავს, არის რუსეთის გავლენის აგენტი. სხვა დასკვნა ამას არა აქვს. იმას არ ვამტკიცებ, რომ ვინმე რუსეთის პირდაპირი აგენტია, მაგრამ გავლენის აგენტები ხელისუფლებაში მრავლად არიან.
როცა ამ ინტერვიუს ვწერთ, უამრავი ადამიანი მიემართება დავითგარეჯისკენ. ეტყობა, ძალიან ბევრმა მათგანმა არ იცის, როგორ იწყება კონფლიქტები. მე ეს ბევრჯერ მაქვს ნანახი. სპეცსამსახურები აწყობენ პროვოკაციას. იწყება კონფლიქტი და მერე უკვე მორჩა ყველაფერი.
_ ზემოთ თქვენ აფხაზეთის რკინიგზის გახსნა ახსენეთ. ამაზე საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლება აქტიურად მუშაობენ. აქამდე მისი გახსნა ვერ მოხერხდა. მომავალში რა იქნება?
_ აქამდე არ გამოუვიდათ, მაგრამ, თუ აზერბაიჯანთან სიტუაცია სერიოზულად დაიძაბება, ამ თემაზე აქტიურ მუშაობას დაიწყებენ.
ეს ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და ნურავის ჰგონია, რომ დაპირისპირება ვიღაცის წამოროშილზე დაიწყო.
_ საქართველოს აზერბაიჯანთან კონფლიქტი არ აწყობს, აზერბაიჯანს თუ აწყობს ჩვენთან დაპირისპირება?
_ არც მათ არ აწყობთ ეს დაპირისპირება და ამიტომაც იყო, რომ ისინი ბევრჯერ დაგვიდგნენ გვერდში.
_ მაშინ რატომ მოდიან ისინი გამწვავებაზე? ჩვენს ხელისუფლებაში გავლენის აგენტები არიან, იქით რაღა ხდება?
_ ბაქო არც მიდის გამწვავებაზე. მათ გვთხოვეს, რომ არ გავამწვავოთ. ჩვენებმა დაიწყეს სისულელეები და იქითა მხარემაც რეაქცია მისცა. ჩვენც მივცემდით რეაქციას.
_ დარწმუნებული ხართ, რომ ჩვენც გვექნებოდა რეაქცია?
_ რა თქმა უნდა.
_ რუსეთი ლამის ყოველდღე სწევს ე.წ. საზღვარს, ჩვენივე ტერიტორიიდან იტაცებენ ჩვენს მოქალაქეებს და არც ამაზე იღებენ ხმას. მეეჭვება, ხელისუფლებას რამეზე ჰქონდეს რეაქცია.
_ მე ხელისუფლებაზე არც მაქვს საუბარი. იმ ხელისუფლებას რა რეაქცია უნდა ჰქონდეს, რომელსაც მტირალა მინისტრი ჰყავს. ტირილ-ტირილში დავით ზალკალიანმა ისიც კი ვერ გაიგო, რომ აზერბაიჯანულ მხარეს გზა გაჰყავდა.
ქვეყანას ჰყავს მტირალა საგარეო საქმეთა მინისტრი და მისგან ითხოვთ, რომ აზერბაიჯანთან სიტუაცია დაალაგოს. რომელიც სომხეთთან საომარ მდგომარეობაშია, ამდენი წლის განმავლობაში იმხელა გამოცდილება შეიძინეს, რომ ყარაბაღის დამოუკიდებლობა არ აღიარა არავინ.
_ ყარაბაღი არ აღიარეს, მაგრამ, სამაგიეროდ, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიმართულებით მიდის აქტიური მუშაობა აღიარების თვალსაზრისით.
_ რატომ გიკვირთ, საქართველოს ხელისუფლებას საერთოდ აღარ აინტერესებს არც აფხაზეთი და არც ცხინვალის რეგიონი.
აბა დააკვირდით, როგორც პოლიტიკოსი, აფხაზეთზე არაფერს ვიტყვი და ამ თემაზე არავინ ლაპარაკობს.
_ თქვენ რატომ აღარ ლაპარაკობთ?
_ სპეციალურად არ ვიღებ ხმას, მაინტერესებს, სხვა რას იზამს, ან როდის მიხვდებიან, რომ ამ თემაზე საუბარია საჭირო.
რამდენიმე დღის წინ იტალიაში აფხაზებმა დიდი გამოფენა მოაწყვეს. მთელი სავაჭრო პალატა იყო იქ ჩასული. აფხაზებს იმ ქალაქის მერი შეხვდა, სადაც ეს ღონისძიება გაიმართა. ვინმემ იცის, რომ ასეთი რამე მოხდა? მე ვიცოდი, მაგრამ სპეციალურად არ ამოვიღე ხმა.
ახლახან აფხაზეთში სლოვაკეთიდან და უნგრეთიდან ჩავიდნენ სპეციალისტები, რომ აქაურობის ტურისტული პოტენციალი შეისწავლონ. არც ამაზე იღებენ ხმას, მეც გაჩუმებული ვარ.
_ მოდით, ისევ რუსულ ინტრიგებს დავუბრუნდეთ, აქამდე რუსეთმა სადაც მოინდომა არევა, აურია. დაგვაპირისპირებს აზერბაიჯანთან?
_ მონდომების შემთხვევაში შეიძლება ამ დაპირისპირების გაყინვა. წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდებით.
_ მონდომების შემთხვევაში ყველაფრის გაკეთება შეიძლება, მაგრამ უნდა “ოცნებას” ამ სიტუაციის გამოსწორება?
_ ხელისუფლება იქცევა ისე, რა დავალებაც აქვთ რუსული გავლენის აგენტებს და თუ მოსკოვის დავალებების შესრულებას გააგრძელებენ, ძალიან სერიოზულ პასუხს მიიღებენ. ეს ასე მარტივად არ დასრულდება.
_ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით თუ ვიმსჯელებთ, აღმოჩნდება საქართველო რუსეთის ხახაში?
_ ცალსახად მინდა გითხრათ, რომ 60%-ით უკვე იქ ვართ. რუსეთის მოქმედებები ამ შემთხვევაში არის სწორი. ეს არის საქართველოს დაპყრობის მექანიზმი. გვიძაბავს სიტუაციას მეზობლებთან. მათზე ენერგეტიკულად და ფინანსურად ვხდებით დამოკიდებული. ყოველთვის გასროლა კი არ არის საჭირო.
ამ გეგმას რუსეთის უშიშროების საბჭო 2006 წელსაც განიხილავდა, როცა იანვარში გაზსადენი აგვიფეთქეს. მაშინ მიხვდნენ, რომ სააკაშვილის ხელისუფლებასთან ეს გეგმა არ გავიდოდა და 2008 წელს დაიწყეს ომი.
ახლა ჩვენ დასაპყრობად ომი საჭირო უკვე აღარ არის.

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტად მეორედაც იყრის კენჭს
შემდეგი სტატიანათია თურნავა წალენჯიხასა და ჩხოროწყუში გაზიფიციკაციის სამუშაოებს გაეცნობა