პაატა დავითაია: „რუსეთიდან სერიოზული საფრთხე გველოდება“

მოსკოვში 3+3 ფორმატის შეხვედრა გაიმართა, ამ შეხვედრას საქართველო არ დასწრებია, მაგრამ იქ ქართული სახელმწიფო დროშა ფრიალებდა. არის თუ არა ეს მინიშნება იმაზე, რომ საქართველო მაინც გახდება ამ ექვსეულის წევრი, ამაზე „თაიმერის“ კითხვებს „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია პასუხობს.
პაატა დავითაია:
– საქართველო ამ ფორმატში არ მონაწილეობდა და დროშა იქ სავარაუდოდ პროვიკაციის მიზნით დაკიდეს. ოფიციალურმა თბილისმა ღიად განაცხადა რომ ამ ფორმატში მონაწილეობას არ მიიღებს. ეს სავსებით სწორი გადაწყვეტილებაა. ჩვენ თუ მივისწრაფვით ევროკავშირისკენ და ნატოსკენ, ამ ფორმატში არაფერი გვესაქმება.
მოლაპარაკებები ნებისმიერ ფორმატში შეიძლება გაიმართოს, ამის წინააღმდეგი არც მე ვარ და არც სხვა ვინმე. აქ მთავარი პრობლემა ისაა, რომ ფორმატის მონაწილე ოკუპანტი ქვეყანაა. ამ ქვეყანასთან ძალიან ძნელია ურთიერთობის დალაგება. ვხედავთ რომ ოკუპირებული მიწები არ აკმაყოფილებთ და უკრაინასთან ახალ კონფლიქტს იწყებენ, რომ ახალი ტერიტორიები მიიტაცონ. იმ ქვეყანასთან ლაპარაკი წარმოუდგენელია, რომელიც სხვადასხვა ქვეყნების მიწების მიტაცებით არის დაკავებულია.
სავსებით ვიზიარებ ჩვენი ოპოზიციის პოზიციას, რომელიც 3+3-ის ფორმატის წინააღმდეგ გამოდის. ხელისუფლებამაც დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ საქართველო ამ ფორმატში არ ჩაერთვება, მაგრამ ამით არაფერი არ დამთავრებულა, ამას აუცილებლად ექნება გაგრძელება.
– რა გაგრძელება?
– ჩვენს ქვეყანაზე იქნება ზეწოლები, რომ როგორმე გვაიძულონ და ამ ფორმატში შეგვიყვანონ. სამწუხაროდ ასეთი მაგალითები ყველას გვახსოვს.
-ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ჩვენი დსთ-ში “შეთრევაა”.
-დსთ-ში შესვლა არ გვინდოდა, მაგრამ ისეთი სიტუაცია შეგვიქმნეს რომ იძულებულები გავხდით შევსულიყავით. მე მეამაყება, რომ ვარ იმ პარლამენტის წევრი, რომელმაც დსთ-დან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო. აქედან გამომდინარე არ გამოვრიცხავ რომ ზეწოლებს ექნება ადგილი.
-ზეწოლას რუსეთი დასავლეთზეც ახორციელებს. მოსკოვმა დასავლეთს ულტიმატუმი წაუყენა უარი თქვით ნატოს გაფართოებაზეო, რაც ალიანსში უკრაინის და საქართველოს არ მიღებას გულისხმობს.
– პუტინის და ბაიდენის მოლაპარაკების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავლო მკვეთრი წითელი ხაზი. ჩვენ ჩაგვაგდეს ძალიან მძიმე სიტუაციაში. მოსკოვი ითხოვს რომ შავი ზღვისპირეთში წვრთნები არ ჩატარდეს, ნატოში არ მიგვიღონ… რეალურად ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ აღმოვჩნდით ცეცხლის ხაზზე. ნებისმიერ სიტუაციაში ჩვენთვის ვითარება დამძიმდება. ნატოს წევრები თუ გავხდებით, რუსეთი მაინც შემოგვიტევს. რუსი არც იმ შემთხვევაში გაჩერდება, თუ დასავლეთი უკან დაიხევს და ალიანსში არ მიგვიღებენ.
ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ და ამ დროს რითი ვართ დაკავებულები, ერთმანეთის ჭამით. შიდა დაპირისპირებაზე ვართ გადასულები და ამ დროს ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ ვდგავართ. რუსეთს ჩვენს წინააღმდეგ ბევრი ნაღმები აქვს ჩადებული.
– ჩვენ რას ვუპირისპირებთ ამ ნაღმებს?.
– ფაქტიურად არაფერს. საზოგადოების და მედიის ყურადღება მიმართულია ორი ძალის დაპირისპირებისკენ. ამ ქვეყანაში ყველა სხვა თემა გადაფარულია. ამით ძალიან კარგად სარგებლობს რუსეთი. ეს დაპირისპირება აწყობს „ქართულ ოცნებას“. აწყობს იმიტომ რომ ყოველთვის მოუგებს ნაციონალურ მოძრაობას. ნაციონალურ მოძრაობას აწყობს დაპირისპირება იმიტომ, რომ თავად გამოჩნდეს მთავარ ოპოზიციურ ძალად. ამას ხედავს ოკუპანტი ქვეყანა და შექმნილ ვითარებას სათავისოდ იყენებს.
დღეს მთავარი თემა საოკუპაციო რეჟიმი და მოსალოდნელი საფრთხეები უნდა იყოს, მაგრამ ყურადღება „ოცნების“ და ნაციონალების დაპირისპირებაზეა მიმართული. მხოლოდ რამდენიმე მედიასაშუალებას აინტერესებს რა ხდება ოკუპირებულ რეგიონებში. ეს არის ძალიან ცუდი. არ აინტერესებთ რა საფრთხე ელოდება გარედან. აქ თუ გინდა რომ მედიის და საზოგადოების ყურადღება მიიპყრო ან შენ უნდა ჩაიხადო და ან სხვას უნდა ჩახადო.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიბაქომ მოახერხა ერევნის დარწმუნება, რომ საავტომობილო გზის გახსნა გარდაუვალია
შემდეგი სტატიამღვდელი ექვთიმე საპატრიარქოს უპირისპირდება და ამხელს