პაატა დავითაია: “ნატომ პირდაპირ გვითხრა, რომ საქართველოში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს”

გარისკავს თუ არა კიდევ ერთხელ ივანიშვილი არჩევნების გაყალბებას, რა გაფრთხილება მისცა დასავლეთმა “ქართულ ოცნებას”, რატომ არის სისულელე სააკაშვილით ხალხის დაშინება, რას გადაწყვეტს ზუგდიდის არჩევნები? – ამის შესახებ “ახალ თაობას” “ევროპელი დემოკრატების” ლიდერი პაატა დავითაია ესაუბრება.

„საქართველოს ხელისუფლებას სძინავს!“ - პაატა დავითაია რუსულ პიარგეგმაზე საუბრობს– დიდი მცდელობის მიუხედავად, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები ოლიგარქმა ვერ მოიგო, ხალხმა ის არჩევანი გააკეთა, რომელიც თავად სურდა. ეს განწყობა საქართველოსაც თუ გადმოედება? შარშან საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური აქაც ოპოზიციამ მოიგო, მაგრამ მეორე ტურში ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ სხვანაირი შედეგი დამდგარიყო.
– გაერთიანებულმა ოპოზიციამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურიც მოიგო. საქართველოს მოსახლეობამ კარგად იცის, რა და როგორ მოხდა, ამიტომ დეტალებში არ შევალ, მხოლოდ იმ შეფასებებზე გავამახვილებ ყურადღებას, რაც საერთაშორისო ორგანიზაციებმა გააკეთეს. მათი შეფასება არის ასეთი – ასე არჩევნების ჩატარება არ შეიძლება,
არავინ იტყვის იმას, რომ არჩევნები არალეგიტიმურია, მაგრამ, პოლიტიკურ ლეგიტიმაციას რომ მოკლებულია, ეს ცალსახად ჩანს.
ნატოს წარმომადგენელმა ღიად და პირდაპირ გვითხრა, რომ უნდა მოხდეს ხელისუფლების ცვლილება. ნატოს წევრობა თუ გვინდა, მათი მოსაზრებებიც უნდა გავითვალისწინოთ.
ნატო არ ნიშნავს მხოლოდ სამხედრო ალიანსს. ამ ორგანიზაციის წევრობისთვის აუცილებელი წინაპირობა დემოკრატიული ღირებულებების აღიარებაა. დემოკრატიული არჩევნები, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, თავისუფალი მედია – ეს ყველაფერი გადაჯაჭვულია ერთმანეთზე.
ერთია, რომ დასავლეთი ითხოვს დემოკრატიულ არჩევნებს და მეორეა, რას გადაწყვეტს ქართველი ხალხი.
– თქვენი აზრით, რას გადაწყვეტს ქართველი ხალხი?
– ხელისუფლებამ რამე თუ არ შეცვალა – დემოკრატიული ცვლილებები არ განახორციელა – არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს. არჩევნების გაყალბებას “ოცნებას” ქართველი ხალხი აღარ აპატიებს. ეს განწყობა უკვე აშკარად ჩანს.
– ამბობთ, ოპოზიცია გაიმარჯვებსო და რომელი ოპოზიცია გყავთ მხედველობაში? სათავისო ოპოზიციას ივანიშვილიც ქმნის.
– გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი გაერთიანებულ ოპოზიციას აქვს. ივანიშვილს სწორედ ამ გაერთიანების ეშინია ყველაზე მეტად. როგორც კი ზუგდიდის მერობის კანდიდატად ქალბატონი სანდრა რულოვსი დავასახელეთ, “ოცნების” ლიდერი მაშინვე გაიქცა ზუგდიდში და დაპირებები დაპირებებზე გასცა.
არჩევნების მოგების ყველაზე მეტი შანსები გაერთიანებულ ოპოზიციას აქვს, მაგრამ, არ გამოვრიცხავ, ეს ერთობა კიდევ უფრო გაიზარდოს.
საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ წელზე მეტი დროა დარჩენილი. წინასწარ რაიმე პროგნოზების გაკეთება ნაადრევია, მაგრამ ერთ რამეში ახლავე თანხმდება ყველა – ხელისუფლების დამარცხება მხოლოდ ოპოზიციის ერთობით შეიძლება.
ახლა ხელისუფლება ქუჩაში აგდია, ჭკვიანი იქნება ის პოლიტიკოსი, რომელიც ამ ხელისუფლების აღებას მოახერხებს.
გაერთიანება თუ არ შედგა და ოპოზიცია დაიქსაქსა, ეს ივანიშვილის წისქვილზე დაასხამს წყალს – მის ხელთ არსებული რესურსებით ძალაუფლების შენარჩუნებას შეძლებს.
– რა მოხდება, თუ ივანიშვილი შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას?
– ასეთ შემთხვევაში, შესაძლოამ ბელორუსის გზას დავადგეთ. შესაძლოა – ევრაზიული კავშირისას. “ოცნების” ლიდერს ძალაუფლების შენარჩუნების შანსები აქვს. თუ ის დემოკრატიულ ცვლილებებს გაატარებს, შეცვლის საარჩევნო კოდექსს და ოპოზიციის სხვა მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, აქვს შანსები, ხელისუფლებაში დარჩეს.
– ივანიშვილის მიერ მართული ოპოზიცია რას მოიმოქმედებს არჩევნებზე? “ოცნებიდან” წასული ხალხი იმიტომ ქმნის პარტიებს, რომ ისევ ივანიშვილს დაუჭირონ მხარი.
– ამიტომაც ვთქვი, რომ ოპოზიციის გაერთიანება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ოპოზიციის დაქსაქსულობა მხოლოდ ხელისუფლებას აძლევს ხელს. ივანიშვილისგან წამოსული ხალხი შეეცდება, ოპოზიციას ხმები წაართვას.
“ქართული ოცნება” სერიოზულად ემზადება არჩევნებისთვის. ამაზე ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებიც მეტყველებს. საპრეზიდენტო არჩევნების დროს აქ ხელისუფლებას 50 კოორდინატორი ჰყავდა უბანზე. მერობის კანდიდატად სანდრა რულოვსის დასახელების შემდეგ 70 კოორდინატორი ჰყავს. 70 კოორდინატორი უბანზე 350 ხმას ნიშნავს.
კოორდინატორები ფულს იმაში იღებენ, რომ არჩევნებზე ხალხი მიიყვანონ და ხელისუფლებისთვის სასურველი კანდიდატისთვის მიაცემინონ ხმა.
ივანიშვილს ულევი ფინანსური რესურსები აქვს და საპარლამენტო არჩევნების დროს უბანზე შეუძლია, 100-100 კოორდინატორი დანიშნონ.
არჩევნების მოგება მხოლოდ გაყალბებით შეუძლიათ, რაც მათთვის სახიფათოა. ამიტომ ურჩევნიათ, ოპოზიციის დაქსაქსვაზე იმუშაონ, რაც სტრატეგიულად სწორია.
ბევრი მუშაობს იმაზე, რომ გაერთიანებული ოპოზიცია დაშალოს. არის ხალხი, ვინც ფიქრობს, რომ ხელისუფლებაში დამოუკიდებლად მოსვლა შეუძლიათ და ამით ოპოზიციას აყენებენ ზიანს.
– ზუგდიდის არჩევნებისთვის “ოცნება” განსაკუთრებულად ემზადება. ამის ფონზე მარნეულის მერისა და მთაწმინდის ოლქში ჩასატარებელი არჩევნები არც კი ახსოვთ. რა ამისთანა ხიბლი აქვს ზუგდიდს?
– ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი არის სანდრა რულოვსი. მისი და გაერთიანებული ოპოზიციის გამარჯვება “ქართული ოცნების” ჩამოშლის დაწყების საწინდარი გახდება.
საერთაშორისო ორგანიზაციებს მართლაც ძალიან მწვავე შეფასებები ჰქონდათ საპრეზიდენტო არჩევნებზე. ამ შეფასებების შემდეგ კიდევ გაბედავს ივანიშვილი არჩევნების გაყალბებას?
– არჩევნებსაც გააყალბებენ და სხვა რამეებსაც გააკეთებენ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ზუგდიდში 70-70 კოორდინატორი ჰყავთ 1 უბანზე. ყველაფერზე წავლენ.
არჩევნების გაყალბებას ხალხის მხრიდან ძალიან სერიოზული რეაქცია მოჰყვება. ზუგდიდელებმა ერთი რამე უნდა გაითვალისწინონ – აქამდე “ოცნებას” სამეგრელო არ ახსოვდა. საკმარისი იყო, გაერთიანებულ ოპოზიციას სანდრა რულოვსის კანდიდატურა დაესახელებინა, რომ ეს რეგიონი გაიხსენეს. ახლა წარმოიდგინეთ, რა მოხდება, ჩვენ რომ მოვიგოთ ზუგდიდის მერის არჩევნები.
– რა მოხდება და საპარლამენტო არჩევნებისთვის მთელი საქართველო გაახსენდებათ, ყველა სოფელს ჩამოივლიან.
– რა თქმა უნდა, ასე იქნება. დაიხარჯება უზარმაზარი ფინანსები. ზუგდიდის არჩევნები გვაჩვენებს იმას, თუ რას აპირებს “ოცნება” საპარლამენტო არჩევნებზე.
– ზუგდიდის არჩევნებმა “ოცნების” ლიდერებს რწმენაც გაუძლიერა. გამუდმებით ხვდებიან მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს. თქვენი აზრით, რა როლს შეასრულებს საპატრიარქო ამ არჩევნებში?
– ყველა ხელისუფლება ცდილობს, საპატრიარქოსთან კარგ ურთიერთობაში იყოს. სასულიერო პირები ალბათ მოუწოდებენ თავიანთ მრევლს, რომ ამა თუ იმ კანდიდატს დაუჭირონ მხარი.
ეს მათი საქმეა და ამაში მე არ ჩავერევი, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ სასულიერო პირებმა უნდა გაითვალისწინონ, რა ვითარებაა ქვეყანაში. მდგომარეობა არ უმჯობესდება. ხალხი საქართველოდან გარბის. მე სტუდენტებთან მაქვს შეხება და ვიცი, რა განწყობაც აქვს ახალგაზრდებს, ერთი სული აქვთ, აქედან გაიქცნენ.
ჩვენმა მოსახლეობამ ერთი რამე კარგად უნდა გაითავისოს – არჩევნების დღე ის დღეა, როდესაც ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს. ეს 1 დღე განაპირობებს იმას, თუ როგორი იქნება მომდევნო 4 წელი.
თუ რამე გაუმჯობესება იქნება, ხალხი ამას დაინახავს, ჯერჯერობით ყველაფერი უარესობისკენ მიდის.
– საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ივანიშვილმა ვითარების შესაცვლელად ერთწლიანი ვადა ითხოვა. ნოემბრისთვის შეძლებს ის რაღაცების შეცვლას?
– რისი გამოსწორების პირობაც დადო, იმას აკეთებს კიდევაც – თავის პარტიას დაერია. ამ ცნობილი დაპირებისას მას საქართველო არ უხსენებია, საკუთარი პარტიის დასალაგებლად ითხოვა 1 წელი.
– პარტიას მაინც თუ ალაგებს?
– რატომ არ ალაგებს? პარტიაში ირაკლი ღარიბაშვილი ტყუილად არ დაუბრუნებია. რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, ამ ადამიანს პარტიის დალაგების რესურსი ნამდვილად აქვს.
არ ვიცი, რა ხდება “ქართულ ოცნებაში”, მაგრამ რაღაცები ნამდვილად დალაგდება.
ბოლო დროს “ოცნებას” ვიღაცები გამოეყვნენ. გაჩნდა ილუზიები, რომ პარტიაში რაღაცები ხდება. არაფერიც არ ხდება. წამოსულები მიხვდნენ, რომ 2020 წლისთვის საარჩევნო სიაში ვეღარ მოხვდებოდნენ და ამიტომ წამოვიდნენ. სიაში მოხვედრის შანსი რომ ჰქონოდათ, დარჩებოდნენ და ყველაფერს აიტანდნენ.
მათი წასვლა “ოცნების” ლიდერსაც აწყობს. მან იცის, რომ წასულების მიმართ ხალხში ნეგატიური განწყობაა. ის ფიქრობს, რომ მათ ადგილზე ახალ ხალხს დაამატებს და საზოგადოების გულს მოიგებს.
– საარჩევნოდ “ოცნებას” აქვს ერთი მაგარი კოზირი – ჩვენ თუ არ ვიქნებით, მიშა მოვა. აქამდე ამ კოზირმა ყველა არჩევნებზე გაჭრა, მომავალშიც გაჭრის?
– ამ კოზირმა შეიძლება კიდევ ვიღაცაზე გაჭრას. რატომ ეშინიათ ასე მიშას დაბრუნების, არ მესმის. ვთქვათ და მოვიდა მიშა, რა უნდა ქნას ერთმა ადამიანმა? გაერთიანებულმა ოპოზიციამ ვთქვით, რომ ყველაფერზე პასუხისმგებლობას ვიღებთ. თავის მოტყუება თუ უნდა ვინმეს, მაშინ შეეშინდეს მიშას მოსვლის.
ჩემამდე არ დადის, რა უნდა ქნას ამ ერთმა მიშამ? ძველი მინისტრების დაბრუნებას ის არ აპირებს. ამის შესახებ თავადაც თქვა და გაერთიანებული ოპოზიციაც ვიძლევით იმის გარანტიას, რომ ძველი არ დაბრუნდება.
– ამ მიშასთან დაკავშირებით ერთი უცნაურობაც ხდება. მიშას დაბრუნებით აშინებენ ხალხს და მიშას მოსამართლეები უვადოდ წამოასკუპეს.
– მარტო მოსამართლეები? ყველა, ვის მიმართაც ხალხს იმ 9 წლის განმავლობაში პრეტენზიები ჰქონდა, დღეს ხელისუფლებაშია. ნაციონალებიდან, მიშასა და რამდენიმე კაცის გარდა, ახლა ყველა “ოცნების” სამსახურშია და რატომ ეშინიათ სააკაშვილის დაბრუნების, არ მესმის.

შორენა მარსაგიშვილი

“ახალი თაობა”

banner
წინა სტატიაში„როგორ მოახერხეთ, რომ შევარდნაძისა და საბჭოთა ჯარის ტრადიციები დააბრუნეთ ქართულ არმიაში” – ნადირაშვილი იზორიას მიმართავს
შემდეგი სტატიაივანე მაჭავარიანი – არც მაშინ ვიყავი ამ მასშტაბის საბანკო რეგულაციების მომხრე და არც დღეს ვარ