“ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაია ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემებზე საუბრობს და ამბობს, რომ სეპარატისტული ხელისუფლებები რუსეთთან ინტეგრაციისთვის ყველაფერს აკეთებენ. ექსპერტის თქმით, ამას ცხადყოფს იმს ფაქტიც, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში არ შეუშვა.
დავითაია ამბობს, რომ კანიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა, მხოლოდ საქართველოს პრობლემა კი არა, ევროკავშირიც პრობლემად გახდა. მისი თქმით, ევროკავშირმა ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა უკვე დაიწყო.
ექსპერტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, აწარმოოს ინტენსიური სამუშაო რეჟიმი ევროკავშირთან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.
სეპარატისტული ხელისუფლებები აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ყველაფერს აკეთებენ, რომ სრული ინტეგრაცია მოახდინონ რუსეთის ფედერაციასთან და ოკუპირებული ტერიტორიები და მოსახლეობა ამყოფონ იზოლირებულ მდგომარეობაში. ამას ცხადად აჩვენებს ის, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ შეუშვა კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში.
2023 წელს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შემდეგ, დაიწყო ახალი პროცესი – ოკუპირებული ტერიტორიები აღარ არის მარტო საქართველოს პრობლემა, ეს უკვე ევროკავშირის პრობლემაცაა. ევროკავშირის წარმომადგენელი უკვე ღიად ჩაერთო ამ საკითხის დარეგულირებასა და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში. ევროკავშირის მიერ გამოყოფილია სპეციალური თანხები, რათა მოხდეს ადგილობრივი მოსახლეობის ინტეგრაციის პროცესი საქართველოსთან და გატარდეს სხვადასხვა ჰუმანიტარული პროგრამები.
სეპარატისტულ ხელისუფლებებს კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ ადგილობრივ მოსახლეობას მოუწევს გააკეთოს არჩევანი თავისუფალ სამყაროში ცხოვრებასა და რუსეთის ფარდის მიღმა ცხოვრებას შორის, ამიტომაც უწევენ წინააღმდეგობას მოსახლეობას და მათ პროტესტს, რასაც აფხაზეთში უკვე მწვავედ გამოხატავს ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც არ უჭერს მხარს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების პოზიციას რუსეთთან დაკავშირებით.
ის, რომ ევროკავშირის წარმომადგენელი არ შეუშვეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ნათლად აჩვენებს დე ფაქტო ხელისუფლების არჩევანს. ადგილობრივმა მოსახლეობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს თვითმყოფადობის გადასარჩენად, რაც მათ შეუძლიათ მხოლოდ საქართველოსთან თანაცხოვრების პირობებში.
მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, აწარმოოს ინტენსიური სამუშაო რეჟიმი ევროკავშირთან ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რათა წარმოჩინდეს ის ქმედებები, რასაც დღეს რუსეთი ახორციელებს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დანაშაულებრივი რეჟიმების დახმარებით, – აცხადებს პაატა დავითაია.