პაატა დავითაია: „მოსკოვი სოხუმში სურკოვს აგზავნის“-კრემლი აფხაზეთზე კონტროლს კარგავს

სოხუმში ვითარება კვლავ მძიმეა.  სასამართლომ რაულ ხაჯიმბას პრეზიდენტად არჩევა ბათილად სცნო. ამ გადაწყვეტილებას ხაჯიმბა არ ეთანხმება. ის არც აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას მიიჩნევს კანონიერად. 12 იანვარს აფხაზურმა ცესკომ ვადამდელი არჩევნების თარიღი დაასახელა. აფხაზებმა ყველაფერი თავზე თუ არ დაიმხეს, იქ ვადამდელი არჩევნები 21 მარტს ჩატარდება.

არჩევნების თარიღის დანიშვნასთან დაკავშირებით ხაჯიმბას პრესცენტრმა 12 იანვარსვე გაავრცელა განცხადება.  სადაც ნათქვამია, რომ ცესკომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. ხაჯიმბა თავს კვლავ პრეზიდენტად მიიჩნევს და უკანდახევას არ აპირებს, ისევე როგორც ოპოზიცია.

ამაო გამოდგა რაშიდ ნურგალიევის სოხუმური ვოიაჟი. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილე კრემლმა აფხაზეთში ვითარების დასარეგულირებლად მიავლინა. ის ჯერ ოპოზიციას შეხვდა, შემდეგ ხაჯიმბას. ეს შეხვედრები 11 იანვარს გაიმართა. 12 იანვარს ის ხაჯიმბას და ოპოზიციას ერთად შეხვდა.  ოპოზიციის მხრიდან შეხვედრას რუსების მიერ მოწამლული, სასწაულად გადარჩენილი ასლან ბჟანია და ალხას  კვიცინია ესწრებოდნენ. ნურგალიევმა მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა. დიალოგისთის მზადყოფნას ორივე მხარე გამოხატავს, მაგრამ დათმობა არცერთს არ სურს.

„ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია ამბობს, რომ ეს უკვე ძალიან სერიოზული ამბავია.

– ნურგალიევმა ვერ შეძლო ოპოზიციას და ხაჯიმბას შერიგება. აშკარაა, რომ აფხაზეთზე რუსეთის გავლენები სუსტდება, – ამბობს „თაიმერთან“ საუბარში დავითაია. აღსანიშნავია, რომ პაატა დავითაია იყო პირველი, ქართველებიდან ვინც განაცხადა, რომ აფხაზეთში ვადამდელი არჩევნები დაინიშნებოდა. მოგვიანებით მისი ეს განცხადება ქართველმა ექსპერტებმა სიტყვა-სიტყვით გაიმეორეს. „თაიმერში“ გამოქვეყნებული დავითაიას ინტერვიუ თავის მოსაზრებებად ისე გაასაღეს, შუბლის ძარღვიც კი არ შესტოკებიათ.

პაატა დავითაიას ინფორმაციით, სიტუაციის დასარეგულირებლად მოსკოვი სოხუმში ახალ ემისარს გააგზავნის. ეს ემისარი ავადსახსენებელი პუტინის თანაშემწე სურკოვია.

-ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ დღეებში სოხუმში სურკოვი ჩავა და ის შეეცდება სიტუაციის დალაგებას. აფხაზეთის თემატიკას სურკოვი წლების წინ ჩამოშორდა. ის მთლიანად უკრაინის თემაზე იყო გადართული. და რაკი სურკოვს ძველი მიმართულებით აგზავნიან, ეს იმას ნიშნავს რომ სოხუმში მოსკოვს ძალიან უჭირს, -აღნიშნავს ჩვენთან საუბარში დავითაია.

„ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი დარწმუნებულია, რომ მოსკოვი აფხაზეთს ძველებურად ვეღარ აკონტროლებს

– სურკოვის სოხუმში ეს უკვე სერიოზული სიგნალია. რუსები აფხაზეთს ვეღარ აკონტროლებენ. ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს რომ კრემლმა სოხუმზე კონტროლი დაკარგა, მაგრამ აფხაზების სრულად გაკონტროლება უკვე ძალიან უჭირს, – აცხადებს „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი.

შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიმეორედ მოსვლა ახლოსაა ჩვენთან და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოვემზადოთ მეორედ მოსვლისათვის
შემდეგი სტატიარაულ ხაჯინბამ ე.წ პრეზიდენტის პოსტი დატოვა (ვიდეო)