კატეგორიულად მიუღებელი და დანაშაულის ტოლფასია თავდასხმა მშვიდობიანი და ლეგიტიმური აქციის მონაწილეებზე, ხელისუფლების გადაწყვეტილებით აღშფოთებულ მოქალაქეებზე, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციასა და ქვეყნის ევროპულ კურსს იცავენ. ძალადობა ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე, რომლებიც ასრულებენ პროფესიულ მოვალეობას,- ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.
მისი შეფასებით, დღეს მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში სტაბილურობა იყოს, „რათა ოკუპანტ ქვეყანასთან პირისპირ არ დავრჩეთ“.
„გუშინ „ქართული ოცნების“ მიერ ოფიციალურად გაცხადებული პოზიცია, რომ საქართველოს მხრიდან შეჩერებული იქნება ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის პროცესი, არაკონსტიტუციური და კატეგორიულად მიუღებელია. საქართველოს კონსტიტუციით ჩვენი ვალდებულებაა ევროკავშირისკენ და ნატოსკენ სვლა. შეჩერების პროცესი ევროკავშირთან ურთიერთობების შეწყვეტას ნიშნავს.
ადამიანები, რომლებიც ითხოვენ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის აღსრულებას და დაცვას ეწინააღმდეგებიან საქართველოს სახელით გადაწყვეტილების გამოტანას ხელისუფლების მიერ. ხელისუფლების პასუხი – მშვიდობიანი მომიტინგეების სასტიკი დარბევა, თავდასხმები ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ საზოგადოების ინფორმირებულობას, ცალსახად აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ მოქმედებს მიზანმიმართულად და უკანდახევას არ აპირებს.
მივმართავ „ქართულ ოცნებას“ გააცნობიეროს მდგომარეობა, რომელშიც ქვეყანა აღმოჩნდა, გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა კონსტიტუციის წინაშე. მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, გამოიძიოს ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე განხორციელებული თავდასხმების ფაქტები. გამოძიებულ იქნას არაპროპორციული ძალის გამოყენების შემთხვევები, სხვა შემთხვევაში ხელისუფლება დაკარგავს კონტროლს და საბოლოოდ გავა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან.
დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, რათა ოკუპანტ ქვეყანასთან პირისპირ არ დავრჩეთ, რომელიც შესაძლებლობას არ უშვებს ხელიდან, არ გამოეხმაუროს საქართველოში მიმდინარე პროცესს. სტაბილურობის გარანტი უნდა იყოს ევროკავშირი, ნატო, ქვეყნის ხელისუფლება და არა ხელისუფლების ჩართვა ბრძოლაში ნატოსთან, ევროკავშირთან და ჩვენს პარტნიორებთან.
„ევროპელი დემოკრატები“ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ მედიის წარმომადგენლებს, მშვიდობიან მომიტინგეებს. საზოგადოებამ და პოლიტიკურმა პარტიებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია და არ შეჩერდეს ქვეყნის სვლა ევროკავშირისკენ“,- განაცხადა პაატა დავითაიამ.