პაატა დავითაია: მე არ გამოვრიცხავ ხაზარაძის დაკავებას

-ჩვენ დღეს მოვისმინეთ სისხლის სამართლის დანაშაულის შემცვლელი ოთხი მომენტი: შსს მინისტრის მიერ გამოგზავნილი მუქარის წერილი, თიბისი ბანკზე კიბერშეტევა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ქმედებები და ვალების ჩამოწერის მცდელობა. ეს არის ძალიან მძიმე ბრალდებები. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა მოვისმინოთ სახელმწიფოსაგან პასუხები და თუ ჩვენ ეს პასუხები ვერ მოვისმინეთ, მაშინ იბადება კითხვა – მართლა ხომ არ მოხდა ეს ყველაფერი? ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაში აყენებს სახელმწიფო სტრუქტურებს. ხაზარაძემ ღიად მიანიშნა ივანიშვილის ჩართულობის თაობაზე. ასეთი ბრალდებების შემდგომ, და ეს თუ სიმართლეს შეესაბამება, მთავრობის წევრების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. თუ ეს ტყუილი არის, მაშინ ხაზარაძის პასუხისმგებლობის საკითხი დგება. საერთოდ, მე არ გამოვრიცხავ ხაზარაძის დაკავებასაც, რაზეც მან ისაუბრა. მან ყველა ფაქტზე უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება, რომ თავი გადაირჩინოს.

-ექსპერტები აცხადებენ, რომ ხაზარაძემ თავი უკვე გადაირჩინა? – თქვენ ასე არ ფიქრობთ?

-არა, ვერ გადაირჩინა თავი. უფრო გაირთულა მდგომარეობა იმიტომ, რომ სახელმწიფო დადგა არჩევანის წინაშე : მან უნდა უარყოს და გამოიძიოს და პასუხი აგებინოს ხაზარაძეს ან სახელმწიფომ უნდა აღიაროს, რომ რაც ხაზარაძემ ჩამოთვალა, მართლა სჩადიოდა. სხვა გამოსავალი ხაზარაძემ არც თავის თავს დაუტოვა და არც სახელმწიფო სტრუქტურებს. არა მგონია, რომ იგი დაჭერას გადაურჩეს. იმ შემთხვევაში თუ მან მტკიცებულებები წარმოადგინა, ის გადაურჩება დაჭერას. რა მტკიცებულებებზეა საუბარი? პირველი, ეს არის მუქარის წერილი, მეორე, მან უნდა თქვას საიდან ხდებოდა კიბერშეტევა თიბისი ბანკზე, მით-უმეტეს ამის მტკიცებულებები ჰქონია როგორც თავად აცხადებს. მესამე, მან ღიად უნდა დაადანაშაულოს ბატონი ივანიშვილი ვალების ჩამოწერასთან დაკავშირებით და ამის მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს თუ როგორ ხდებოდა ზეწოლა. მეოთხე, ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით მან უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება თუ რას აიძულებდა ეროვნული ბანკი მას. თუ მან ამის მტკიცებულებები არ წარადგინა, ის თავს ვერ გადაირჩენს. მე ვეყრდნობი იმას, რასაც საუბრობს ხაზარაძე. ხაზარაძემ სერიოზული ბრალდებები წაუყენა ხელისუფლებას, თუმცა ბურთი არის ივანიშვილის მოედანზე ვნახოთ რა მოხდება…

-ბატონო პაატა, ხაზარაძის გამოსვლებში შეიმჩნევა თუ არა პოლიტიკაში ჩართვის კონტურები, თუნდაც თავის გადარჩენის მიზნით?

-პოლიტიკაში მოსვლის კონტურები ვერ შევამჩნიე. დავინახავდი იმ შემთხვევაში თუ ის წარმოადგენდა საქმის მტკიცებულებებს. თუ არ მოყვა მას მტკიცებულებები, საქმეს ვაჭრობის სუნი ასდის.

 

ავტორი: ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ავტომანქანა გაქურდეს
შემდეგი სტატიაზუგდიდში “ნიკორას” მარკეტში ინციდენტი მოხდა