პაატა დავითაია: „ივანიშვილსა და „ოცნების“ სხვა ლიდერებს დასავლეთი სანქციებს დაუწესებს“

„ქართულმა ოცნებამ“ ვა-ბანკზე წასვლა გადაწყვიტა. მმართველი გუნდი უარს ამბობს 8 მარტის შეთანხმების შესრულებაზე. მათთვის არც დასავლეთიდან მოსული წერილები ნიშნავს რამეს. ყველა ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსი „ნაციონალად“ ცხადდება, თუ ის პოლიტპატიმრების განთავისუფლებას მოითხოვს.
რა ჩაიფიქრა ივანიშვილის პარტიამ? რა საფრთხის წინაშე აყენებს „ოცნება“ ქვეყანას? რას იზამს დასავლეთი? რას გეგმავს ოპოზიცია? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი, პაატა დავითაია ესაუბრება:
-ეს დღეებია, დასავლეთიდან არ წყდება წერილები – ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ითხოვენ, რომ „ოცნებამ“ შეასრულოს დანაპირები და პოლიტპატიმრები გაათავისუფლოს. თქვენი აზრით, რატომ მიიყვანა საქმე აქამდე ივანიშვილის პარტიამ? რა ეგონათ, შეთანხმებას თუ არ შეასრულებდნენ, დასავლეთიდან რეაქცია არ იქნებოდა?
_ „ქართული ოცნების“ ქმედებებს ახსნას ვერ ვუძებნი. მათ პასუხისმგებლობა აიღეს, რომ პოლიტპატიმრებს გაათავისუფლებდნენ. 8 მარტის შემდეგ საქართველოში კორონავირუსი გავრცელდა. ხელისუფლებამ ამ პანდემიის დროს ერთგვარი რეიტინგი აკრიფა. ოპოზიცია ჩრდილში გადავედით, რომ ვირუსთან ბრძოლაში ხელი არ შეგვეშალა. ამით ისარგებლა ხელისუფლებამ და გადაწყვიტა, 8 მარტის შეთანხმება ჩაეშალა.
საინტერესოა, რომ თავად „ქართულმა ოცნებამ“ მოახდინა ამ თემაზე პედალირება. მათ დაიწყეს საუბარი, რომ პოლიტპატიმრებს არ გამოუშვებდნენ, ამის გარეშე კი ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებას. ოპოზიციის მხარდაჭერა თუ არ ექნათ, ცვლილებები ჩავარდება. შესაძლოა, „ქართულ ოცნებას“ სწორედ ეს უნდა და ამიტომ ამბობს უარს პოლიტპატიმრების განთავისუფლებაზე. მე არ ვიცი, რას ელოდა ხელისუფლება დასავლეთიდან, მაგრამ როგორც კი ოპოზიციამ ამ თემაზე განცხადებები გააკეთა, დასავლეთიდან მყისიერი რეაქცია იყო.
მთავარი მომენტი კი „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები გახლდათ. მათ მიმართეს საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს, – თქვენი პოზიცია დააფიქსირეთ, 8 მარტს რაზე შევთანხმდითო. მოგეხსენებათ, მოლაპარაკებები, რომელიც 8 მარტის შეთანხმებით დასრულდა, დიპლომატების ორგანიზებული იყო. მოლაპარაკებებს დიპლომატებიც ესწრებოდნენ. ვისაც დიპლომატია და საგარეო ურთიერთობები ესმის, ის მიხვდება, თუ რამხელა შეცდომა დაუშვა მმართველმა პარტიამ. ელჩი არის ამა თუ იმ ქვეყანაში მყოფი პირი, რომელიც ინფორმაციას გადასცემს თავის ხელისუფლებას. გადაწყვეტილებას ელჩები კი არ იღებენ, არამედ მისი ქვეყნის მმართველობა. ელჩი ამ გადაწყვეტილებას ახმოვანებს, „ქართული ოცნება“ კი ელჩებს ეუბნება, თქვით, რაზე იყო შეხვედრებზე საუბარიო. ორღობის ჭორის დონეზე დაიყვანეს პოლიტიკა.
– ელჩები გადაწყვეტილებებს არ იღებენ, მაგრამ „ოცნებამ“ ძალიან მალე მიიღო მათგან პასუხი.
– აქ აკრედიტებულმა ელჩებმა ცენტრს აცნობეს საქართველოში არსებული ვითარების თაობაზე. უთხრეს, რომ იყო შეთანხმება, რომელიც უნდა შესრულდეს. ამერიკული პოლიტიკის ერთ-ერთმა წამყვანმა სახემ – ჯიმ რიშმა, რომელიც სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეა, წერილი გამოგზავნა. საუბარია იმ კომიტეტის თავმჯდომარეზე, რომლის ინსტრუქციითაც მოქმედებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და თეთრი სახლი. რიშის ბიოგრაფიას თუ გადავხედავთ ვნახავთ, რომ მისი განცხადებების საფუძველზე ებრძვიან არადემოკრატიულ რეჟიმებს.
საქართველოს ისტორიაში პირველად დიპლომატებმა იხმარეს ტერმინი პოლიტპატიმარი. დიპლომატები ყოველთვის ერიდებიან ამ ტერმინის გამოყენებას. „ქართულმა ოცნებამ“ იმდენი გააკეთა, რომ მათ ეს ათქმევინა. ამით ივანიშვილის პარტიამ თავის დემოკრატიულ იმიჯს წერტილი დაუსვა. დღეს გვაქვს ასეთი სურათი _ მარტო ოპოზიცია არ ამბობს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არიან, ამაზე აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე საუბრობს, რაც ძალიან სერიოზული ამბავია. აი, ამას ჰქვია გაჩალიჩება. თუმცა არა – ეს ისეთი რამეა, გაჩალიჩებაც რომ გინდოდეს, ვერ გააჩალიჩებ. ამათ სასწაული ჩაიდინეს. ახლა დასავლეთიდან პოლიტპატიმრების თემაზე მწვავე წერილების კასკადი წამოვა.
-ეს სიმწვავე პოლიტპატიმრების განთავისუფლებას თუ აიძულებს „ოცნებას“?
– ვერ გეტყვით. ხელისუფლებამ ასე თუ გააგრძელა, ამას სანქციები მოყვება. პირად სანქციებს დაუწესებენ როგორც ბიძინა ივანიშვილს, ასევე – „ოცნების“ სხვა ლიდერებს. ჯიმ რიშის წერილით სანქციების დაწესებას საფუძველი ჩაეყარა. არ გამიკვირდება, დასავლეთში ახლა გაკეთდეს განცხადება, რომ საქართველოში დიქტატურაა. პოლიტპატიმარი როცა გყავს, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანას დიქტატორი მართავს.
მიჭირს იმის თქმა, თუ რას იზამს „ქართული ოცნება“. მათ ქმედებებში ვერანაირ ლოგიკას ვერ ვხედავ. თუ ძველი საარჩევნო სისტემა დარჩა, ეს ძალიან ცუდ რყევებს გამოიწვევს. იმდენად ცუდს, რომ ამაზე კომენტარის გაკეთებაც კი არ მინდა. იმედს ვიტოვებ, საკონსტიტუციო ცვლილებები გატარდება. ასევე იმედი მაქვს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები თავს დაანებებენ ჭორაობას, – იმან ასე თქვა და ამან – ისეო. ეს სიტუაციას აუბრალოებს და რაც მთავარია, ქვეყნის იმიჯი ილახება.
– ქვეყნის იმიჯი რატომ ილახება?
– ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა პირველად თქვეს, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები. ეს საქართველოს დემოკრატიულ იმიჯს ჩრდილს აყენებს. ვინც არ უნდა მოვიდეს ახლა ხელისუფლებაში, მან იმაზე უნდა იზრუნოს, რომ დემოკრატიული ქვეყნის იმიჯი დაუბრუნოს საქართველოს.
მართლა არ ვიცი, თუ რაზე ფიქრობენ „ქართულ ოცნებაში“. თვე-ნახევარში 20 ივნისია და იმ სისხლიანი აქციის წლისთავისთვის დასავლეთს აღიარებინეს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არიან. ამ ტერმინს დასავლეთი ყოველთვის არ იყენებს და რაკი გამოიყენეს, ეს ახლა რეზოლუციებშიც ჩაიწერება. დასავლეთი ივანიშვილის პარტიას გადაგდებას არ აპატიებს. ერთია ოპოზიციის გადაგდება და მეორეა იმ შეთანხმების შეუსრულებლობა, რომელიც დიპლომატების თანდასწრებით გაფორმდა.
– 20 ივნისი ახსენეთ და რას აპირებთ „გავრილოვის ღამის“ წლისთავზე? 13 მაისს გამართულ კონსულტაციებზე ოპოზიციამ სურვილი გამოთქვა, რომ ამ დღეს დიდი აქცია გაიმართოს.
– ამ ინიციატივით შალვა ნათელაშვილი გამოვიდა. მეტი დეტალის თქმა ახლა არ შემიძლია. ჩვენ ამ საკითხზე ცალკე შეხვედრას გავმართავთ. ერთს ახლავე გეტყვით: რა სიტუაციაც არ უნდა იყოს ქვეყანაში, 20 ივნისს ოპოზიცია მკვეთრად აქტიური იქნება.
– დასავლეთიდან მოსულმა მწვავე წერილებმა ხელისუფლება გააბრაზა. გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ჯიმ რიში „ნაციონალების“ კაცია. ამაზე რას ფიქრობთ?
_ ზემოთ ვისაუბრე, თუ რას ნიშნავს იყო აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთბათა კომიტეტის თავმჯდომარე. „ნაციონალები“ თუ მართავენ ამ კაცს, მაშინ ეს პარტია ყოფილა მასონთა ლოჟა და მსოფლიოს საიდუმლო მთავრობა. ყოჩაღ, ვოლსკის, თუ მათთან აპირებს ბრძოლას.
– ისე, უხერხული არაა, ვოლსკი რიშს „ნაციონალს“ უწოდებდეს, როცა რამდენიმე წელი თავად იყო სააკაშვილის მთავრობაში მინისტრის მოადგილე?
_ ვოლსკის შეფასების დონეზე ნამდვილად ვერ დავალ. ძალიან სამწუხაროა, რომ „ოცნების“ ლიდერები უკვე პიროვნულ შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებს. დასავლეთს ამაზეც ექნება რეაქცია. როგორც უკვე გითხარით, ეს საქართველოს იმიჯს შეულახავს და ყველაზე მეტად ეს მაწუხებს. ნაკლებად მჯერა, რომ „ოცნება“ გონს მოეგება, ამიტომაც ვფიქრობ, აქ პროცესები მძიმედ განვითარდება.

შორენა მარსაგიშვილი

 

banner
წინა სტატიაშიბოლნისის ორ სოფელში, სადაც 15 ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა, მოსახლეობის გამოკვლევა კიდევ გაგრძელდება
შემდეგი სტატიასაგარეო უწყება – 15 მაისის მონაცემებით, ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ საქართველოს 20 302 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 11 046