ეს არ იქნება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სანქციები, ამას მოჰყვება შემდგომი ნაბიჯებიც, – აცხადებს პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე , პაატა დავითაია აშშ-ს მიერ დაწესებულ სანქციებზე.
მისი თქმით, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება არის სტრატეგიული პარტნიორის ღია მხარდაჭერა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ის ნაბიჯები, რასაც ჩვენი მთავარი პარტნიორი აშშ დგამს. ჩვენ ვხედავთ ერთ რამეს, ეს არის ღია მესიჯი – ქართველი ხალხის მხარდაჭერა. ამ ფონზე, ეს ნიშნავს იმას, რომ ის ადამიანები, ვინც ხელს უშლიან ქართველი ხალხის სწრაფვას, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის აღსრულებას, საუბარია ნატო-ში, ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ყველას მიმართ დადგება სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. ეს არ იქნება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სანქციები, საუბარია ვიზასთან დაკავშირებით პრობლემების შექმნაზე, ეს არის ფინანსური სანქციები, ამას მოჰყვება შემდგომი ნაბიჯებიც“, – განაცხადა დავითაიამ.