პაატა დავითაია: „აფხაზები რუსების წინააღმდეგ ფარულ ბრძოლას დაიწყებენ“

„საქართველოს ხელისუფლებას სძინავს!“ - პაატა დავითაია რუსულ პიარგეგმაზე საუბრობსუკვე 26 წელზე მეტია, რაც აფხაზებს რუსული ჩექმის ქვეშ უწევთ ცხოვრება. ყველანაირად რუსეთზე არიან დამოკიდებული, მაგრამ ამის მიუხედავად კრემლმა მათი სრული რუსიფიცირება ვერ მოახერხა. რაც ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმაც დაადასტურა. აფხაზებმა რუსეთის ემისარი ხაჯიმბა ჩამოაგდეს. რომელიც მოსკოვმა უკვე მეორედ გაიყვანა პრეზიდენტად. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრილი ხალხის დარბევაზე უარი თქვა, როგორც აფხაზურმა პოლიციამ, ასევე ჯარმა.

რა ხდება აფხაზეთში, რატომ არის აფხაზებისთვის მიუღებელი რაულ ხაჯიმბა, რატომ გაიზარდა ანტირუსული განწყობები, შეგვიძლია თუ არა აფხაზებთან საერთო ენის გამონახვა? – ამ თემებზე „თაიმერს“ „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია ესაუბრება.

-ბატონო პაატა, ერთხელ თქვენ მომიყევით როგორ გითხრათ ქართველების წინააღმდეგ მებრძოლმა აფხაზმა, მოვა დრო და ერთად მოგვიწევს რუსეთის წინააღმდეგ სანგარში ჩაჯდომაო. დადგა ეს დრო? აფხაზეთში რაც ხდება, ეს ხომ რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული?

-ერთ სანგარში ჩაჯდომა ჯერ ადრეა. მოვლენები კი აფხაზეთში ძალიან საინტერესოდ ვითარდება, ის რაც ახლა ხდება მოსალოდნელი იყო. ქართველი ე.წ. ექსპერტები და პოლიტიკოსები გამოდიან და სოხუმში მიმდინარე მოვლენებს აფასებენ, სამწუხაროდ მათ წარმოდგენაც კი არ აქვთ, თუ რა ხდება იქ სინამდვილეში. ზოგიერთი მათგანი ამტკიცებს, რომ იქ თურმე ყველაფერი რუსული სცენარით მიდის, არადა საპირისპირო ხდება. აფხაზები ღიად ამბობენ, რომ მათ არ სურთ იყვნენ რუსების მონები. ძალიან სამწუხაროა, რომ არც საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს წარმოდგენა იმაზე, რაც დღეს სოხუმში ხდება. ეს თემა ფაქტიურად არავის აღარ აინტერესებს.

ამ პროცესების უკან დგას ალექსანდრე ანქვაბი. რომელიც რიგი მიზეზების გამო ღიად არ მოქმედებს. ანქვაბი არის პროაფხაზური ორიენტაციის მქონე ადამიანი. მას საქართველოში შესვლა არ სურს, მაგრამ არც ის უნდა, რომ აფხაზეთი რუსეთმა გადაყლაპოს.

– რამდენიმე წლის წინ ხაჯიმბას მომხრეებმა ანქვაბიც ასე ჩამოაცილეს პრეზიდენტის პოსტს, ისინიც ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ.

– ოდნავ განსხვავებული ვითარება იყო. ანქვაბი მანამდე გაეცალა სიტუაციას, სანამ ხაჯიმბას მომხრეები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შევიდოდნენ. მაშინ პროცესებს რუსეთი მართავდა. ანქვაბი მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მისი პრეზიდენტობის დროს რუსებმა ვერ გააფორმეს ის ხელშეკრულებები სოხუმთან, რასაც ხაჯიმბამ სიამოვნებით მოაწერა ხელი. ამ შეთანხმებების გაფორმების შემდეგ, აფხაზეთს სრულად რუსები აკონტროლებენ.

ანქვაბი რუსებისთვის იმ დამოკიდებულების გამოც იყო მიუღებელი, რასაც ის აფხაზეთში მცხოვრები ქართველების მიმართ ამჟღავნებდა. მისი პრეზიდენტობის დროს, გალში მცხოვრებ ქართველებს აფხაზურ პასპორტებს ურიგებდნენ. ამის გამო ანქვაბს ხშირად ეძახდნენ პროქართული ორიენტაციის პოლიტიკოსს. მას ქართველები არ სძულს, მაგრამ პროქართული არაა. ის იმ აფხაზებს მიეკუთვნება, რომლებიც მართლა დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან.

ასეთმა აფხაზებმა მოაწყვეს ახლა ხაჯიმბას წინააღმდეგ გამოსვლა. ამ უკანასკნელმა მოახერხა და ყველა გადაიკიდა. მას გადაემტერნენ მეომრები. 1992-1993 წლების ომის მონაწილეებს იქ დიდ პატივს სცემენ და მათ გმირებად თვლიან. ხაჯიმბამ თავის წინააღმდეგ განაწყო უხუცესები. ეს უკვე ძალიან ცუდ განაჩენს ნიშნავს. აფხაზებს სისხლში აქვთ გამჯდარი უფროსის პატივისცემა. აქაური საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია უხუცესთა კავშირის აზრი. უხუცესები ხაჯიმბას ღიად უპირისპირდებიან.

– ხაჯიმბას უხუცესები 2004 წელსაც დაუპირისპირდნენ. მაშინაც ცდილობდა კრემლი პრეზიდენტად მის გაყვანას, მაგრამ მთელი აფხაზეთი მის წინააღმდეგ წავიდა. რატომ აქვთ აფხაზებს ხაჯიმბას მიმართ ასეთი მიუღებლობა?

– იმიტომ რომ ის რუსეთის ინტერესების გამტარებელია. ის არ იბრძვის აფხაზეთის დამოუკიდებლობისთვის. როგორც უკვე გითხარით, მისი პრეზიდენტობის დროს ისეთ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომ აფხაზეთს მთლიანად რუსები განკარგავენ.

განსაკუთრებული უფლებები მიეცათ რუს სამხედროებს და სპეცსამსახურებს. ისინი ძალიან გამომწვევად იქცევიან. მათ პასუხს ვერავინ მოსთხოვს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი აფხაზეთის ტერიტორიაზე მკვლელობას ჩაიდენენ. რუსი სამხედროების თავგასულობა ძალიან აღიზიანებს აფხაზებს.

აფხაზებს აღიზიანებს ისიც, რომ ხაჯიმბას დამსახურებით, რუსებმა აფხაზეთში შემოსვლა და ქონების ყიდვა დაიწყეს. ჩამოდიან რუსი მილიონერები და გაღატაკებულ აფხაზეთში ყველაფერს ყიდულობენ.

ეს უკმაყოფილება წლებია დაგროვდა აფხაზებში. ამას საპრეზიდენტო არჩევნებიც დაემთხვა. სადაც ხაჯიმბამ კანონიერი ქურდების და რუსების დახმარებით გაიმარჯვა. საპრეზიდენტო არჩვენებამდე რამდენიმე თვით ადრე მოწამლეს პრეზიდენტობის ოპოზიციური კანდიდატი ასლან ბჟანია. რომელსაც გამარჯვების რეალური შანსი ჰქონდა. მოწამვლის წყალობით ის ხანგრძლივი დროით გამოეთიშა პოლიტიკურ პროცესებს. ჯერ მოსკოვში მკურნალობდა, ხოლო შემდეგ გერმანიაში.

გამარჯვებასთან ახლოს იყო ოპოზიციის კიდევ ერთი კანდიდატი კვიცინია. რომელსაც ხაჯიმბამ რუსების და კანონიერი ქურდების დახმარებით აჯობა. ოპოზიციამ ეს შედეგები სასამართლოში გაასაჩივრა. საქმის განხილვა დღემდე გრძელდება. მორიგი სასამართლო შედგა 9 იანვარსაც, როცა ოპოზიცია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრა.

აღსანიშნავია რომ ამ დღეებში აფხაზეთში დაბრუნდა ასლან ბჟანია რომელიც ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ გამოჯანმრთელდა და მზადაა ბრძოლაში ჩაერთოს. ის ჩაერთო კიდევაც ბრძოლაში. ბჟანია ანქვაბის მსგავსად აფხაზეთის ნამდვილი დამოუკიდებლობის მომხრეა. იგივე ითქმის კვიცინიაზეც. აფხაზები უკვე ძალიან კარგად ხვდებიან, რომ რუსეთს მათი შთანთქმა უნდა და ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს პროცესი გააჩერონ.

აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნება. ოპოზიცია კვლავ ასლან ბჟანიას წარადგენს. რომელიც მოიგებს არჩევნებს. კვიცინია ვიცე-პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს.

-ბჟანია და კვიცინია გააფხაზებული მეგრელები არიან?

-არა, არა. ორივე სუფთა აფხაზია. ბჟანიას გამარჯვებით აფხაზეთის სათავეში პროაფხაზური ხელისუფლება მოვა. რომელიც რუსეთს ბრძოლას გამოუცხადებს. ეს ღია ბრძოლა არ იქნება, მაგრამ მოსკოვი თავისუფლად ვეღარ იმოქმედებს, როგორც ხაჯიმბას დროს მოქმედებდა. ვიმეორებ, ამ ხალხს ნამდვილად სურს დამოუკიდებლობა.

-ოსებისგან განსხვავებით, აფხაზები მართლა ცდილობენ დამოუკიდებლობის მოპოვებას, ცხინვალს კი დაუჩემებია, რუსეთში გვინდაო და მოსკოვი მათ აი იერთებს.

– რუსეთი პირველ რიგში აფხაზეთის მიერთებით არის დაინტერესებული. აფხაზებისგან ასეთი წინააღმდეგობა რომ არ ყოფილიყო, სოხუმიც და ცხინვალიც კარგა ხნის წინ ექნებოდა მიერთებული. აფხაზების წინააღმდეგობის გამო, ვერც ცხინვალის მიერთებას ახერხებს.

-ისე ცოტა უცნაურიც არის, რომ რუსული ჩექმის ქვეშ მყოფი აფხაზები მოსკოვის წინააღმდეგ გამოდიან, ამ დროს ოფიციალური თბილისი კრემლს ენას უჩლიქავს და ლამისაა რუსეთის შემადგენობაში შევიდეთ

_ აფხაზებისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვიცით რა გვინდა. აფხაზების დიდმა ნაწილმა იცის რა სურს. მათ დამოუკიდებლობა უნდათ. ბევრი მათგანი 1992-1993 წლებში გულწრფელად იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის.  აქამდე ქართველების წინააღმდეგ იბრძოდნენ,. ახლა რუსებისგან უნდათ თავის დაღწევა.  ისინი ალბათ შეძლებენ დამოუკიდებლობის შენარჩუნებას.

– ჩვენ კი ისე მივექანებით რუსეთისკენ, რომ შეიძლება თავის გადასარჩენად აფხაზეთის შემადგენლობაში მოგვიწიოს შესვლამ.

– ასე იოლად საქართველოს ვერავინ შეიყვანს რუსეთის შემადგენლობაში. აფხაზებიც ნელ-ნელა გათავისუფლდებიან მათი გავლენებისგან.

– აფხაზეთში რომ ანტირუსული განწყობაა კარგია. ეს გვაძლევს თუ არა მათთან საერთო ენის გამონახვის შანსს?

-რა თქმა უნდა. მათთან აქამდეც შეიძლებოდა საერთო ენის გამონახვა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას ეს თემა არ აინტერესებს. ოფიციალურმა თბილისმა არც კი იცის სინამდვილეში რა ხდება სოხუმში. ხელისუფლებაში ოპოზიციის მოსვლის შემდეგ აფხაზებთან საერთო ენის გამონახვის ალბათობა კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენ საერთო მტერი გვყავს _ რუსეთი.

– ბოლო რამდენიმე წელია სერგეი შამბაც შეცვლილი ჩანს. თითქოს ეგაც რუსების წინააღმდეგია. მის სახეცვლილებაზე რას ფიქრობთ.

– მას არ უნდა დავუჯეროთ. სერგეი შამბა არის გაიძვერა პოლიტიკოსი. ის  თავის ძმებთან ერთად გახლავთ აფხაზური სეპარატიზმის ფუძემდებელი.

 

შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაზუგდიდში რუსული სიმღერების შეუსრულებლობის გამო მომღერლებს სცემეს?!