პაატა დავითაია: „აგვისტოში დასავლეთიდან ხელისუფლების მამხილებელი წერილების კასკადი წამოვა“

კორუფციის, სიღარიბისა და კორონავირუსის ჭაობში ჩაფლულმა რუსეთმა კონსტიტუციაში ცვლილების შესატანად რეფერენდუმის ჩასატარებლად მოიცალა. ამ რეფერენდუმით ავადსახსენებელ ვლადიმირ პუტინს რუსეთის მოსახლეობის 81%-ზე მეტმა უვადო პრეზიდენტობა მიანიჭა.

ვინ აუმხედრდა გარემოცვიდან პუტინს? რატომ არის რუსებისთვის იმპერიული ამბიციების დაკმაყოფილება ასეთი აუცილებელი? რა საფრთხეები ემუქრებათ რუსეთის მეზობელ სახელმწიფოებს? არის თუ არა მზად საქართველო ამ გამოწვევისთვის? რა გველოდება შემოდგომაზე დაგეგმილ არჩევნებზე? – ამის შესახებ პაატა დავითაია „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ ბატონო პაატა, ვლადიმირ პუტინმა რუსეთში რეფერენდუმი ჩატარა, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში ცვლილებები შევა: პუტინს სამუდამო პრეზიდენტობა აქვს გარანტირებული. დაკმაყოფილდება ამით მისი ამბიციები, თუ კიდევ რამე ახალს მოიფიქრებს?
_ პუტინის ამბიციების დაკმაყოფილება ასეთი ადვილი არ არის. თავად რუსეთში მოვლენები ძალიან საინტერესოდ ვითარდება. ეს ადამიანი ისტორიაში შევა, როგორც პირი, რომელიც სტალინზე უფრო დიდი ხნით იყო ხელისუფლების სათავეში. ეტყობა, რუსეთის პრეზიდენტს სურს, რომ ბელადს კონკურენცია გაუწიოს. მე ხშირად მსმენია, რომ ის სწორედ სტალინს ადარებს თავს. ეს ისეთი არგუმენტია, რომელიც რუსეთის მმართველის შინაგან ეგოს აკმაყოფილებს. ამ ვერსიას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ, სინამდვილეში, სულ სხვა რაღაცისთვის დასჭირდა პუტინს კონსტიტიციაში ამ ცვლილების შეტანა. დღეს რუსეთში მმართველობა ისეა აწყობილი, რომ ის ერთ ადამიანზეა მორგებული. ეს ერთი ადამიანი არის ვლადიმირ პუტინი. ამ დროს რუსეთში გამოჩნდნენ პერსონები, რომლებმაც პუტინის შემდგომ პერიოდზე დაიწყეს ფიქრი. მარტო ფიქრი კი არა, ამაზე ღიად აკეთებენ მინიშნებებს.
_ „ვინ გაბედა“ ასეთი რამე?
_ ესენი არიან სეჩინი, პატრუშევი, შოიგუ.
_ სად ჩანდა, რომ ისინი პუტინის შემდგომ პერიოდზე ფიქრობდნენ?
_ ეს უკვე აშკარად ჩანდა მათ გამოსვლებში. მათი ასეთი დამოკიდებულება მთელ სისტემას თავდაყირა აყენებდა. ამ ადამიანების პოზიცია პუტინისთვის სულერთი არ იქნებოდა. ეს ხალხი ძალოვან ბლოკს წარმოადგენს და ისინი სერიოზული გავლენებით სარგებლობენ რუსეთში.
_ კი მაგრამ, შოიგუ ხომ პუტინის ერთგული იყო? იგივე შეიძლება ითქვას პატრუშევზეც.
_ კი ბატონო, ვინც დღეს რუსეთის მთავრობაშია, ყველა პუტინის „ერთგულია“, მაგრამ ისიც ვთქვათ, თუ ვინ ღუპავს დიქტატორებს. დიქტატორებს, როგორც წესი, ღუპავს ახლო გარემოცვა. ერთ პრიმიტიულ მაგალითს მოვიყვან, როდესაც პუტინი ტელეფონით ესაუბრებოდა აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს, ამ დროს რუსეთის მოიერიშეებმა საფრთხე შეუქმნეს ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავებს. ეს უბრალო დამთხვევა არ არის. ასეთი რამე ისტორიას არ ახსოვს. ამერიკასა და საბჭოთა კავშირს შორის როგორი მწვავე დაპირისპირება იყო, მაგრამ მაშინაც კი არ მომხდარა მსგავსი რამ. წარმოუდგენელია, ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს ტელეფონით ესაუბრებოდეს და ამ დროს ერთ-ერთი სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრმა მეორესთან დაძაბოს სიტუაცია. ასეთი რამე დიპლომატიაში არ ხდება, გამორიცხულია. ამ მარტივი მაგალითიდანაც ნათლად გამოჩნდა, რომ რუსეთის ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც რაღაც-რაღაცებს სხვანაირად ფიქრობენ.
პუტინისთვის ეს შეუმჩნეველი არ დარჩებოდა და მან საპასუხოდ მოიფიქრა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, რომლის ძალითაც მან სამუდამო მმართველობა დაიკანონა. ამით მან საკუთარი გარემოცვის წინააღმდეგ გაილაშქრა. იმ გარემოცვის, რომელსაც რაღაც დამატებითი ამბიციები გაუჩნდა. ამ ამბიციების შედეგად რუსეთის პრეზიდენტმა მიიღო ციფრები, რომ მას შეუძლია რუსეთის პრეზიდენტი იყოს სამუდამოდ. თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს ციფრები არაა იმის გარანტი, რომ პუტინი რუსეთის ხელისუფლებაში სამუდამოდ იქნება.
_ ფიქრობთ, რომ ეს ციფრები მის გარემოცვას, რომელსაც, როგორც თქვენ ამბობთ, დამატებითი ამბიციები გაუჩნდა, არ გააჩერებს და პუტინის ჩამოგდებას მაინც შეეცდება?
_ გამორიცხული არაფერია. როგორ განვითარდება მოვლენები, ამას დრო გვიჩვენებს. ან პუტინი მიუჩენს ამ გარემოცვას თავის ადგილს, ან ისინი ჩამოაგდებენ რუსეთის პრეზიდენტს.
_ თქვენი აზრით, რომელი მხარე აჯობებს? პატრუშევი და შოიგუ არაა პატარა ძალა.
_ ძალიან ძნელია იმის თქმა, თუ რომელი მხარე აჯობებს. გარედან ბევრი რამ კიდევ არ ჩანს. კომენტარის გაკეთება მხოლოდ იქიდან შემიძლია, რაც გარედან ჩანს. შიგნით ცოტა სხვანაირი სურათი იქნება. არ ვფლობ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ როგორ აკონტროლებს ამ მომენტში ძალაუფლებას. შესაბამისად, გამიჭირდება იმის თქმა, თუ ვინ მოიგებს. თავისი გარემოცვისგან პუტინი საფრთხეს კარგა ხანია, გრძნობს და ამასთან გასამკლავებლად სხვა ზომებიც მიიღო.
_ სხვა ზომებში რას გულისხმობთ?
_ ბევრად ადრე შექმნა გვარდია, რომელიც პირადად მის დაქვემდებარებაშია. შექმნა ასევე სახელმწიფო საბჭო. არც ის იყო შემთხვევითი, დიმიტრი მედვედევი პრემიერობიდან რომ გაათავისუფლა.
_ ეს შიდა დაპირისპირება მეზობლებთან ბრძოლაში ხომ არ გადაიზრდება? თქვენ გიყვართ 1993 წლის სექტემბრის გახსენება, როცა რუსეთში სამოქალაქო ომი იყო, მაგრამ ამას რუსული არმიისთვის ხელი არ შეუშლია, რომ აფხაზეთის ოკუპაციაში მიეღო მონაწილეობა.
_ დარწმუნებული ვარ, ეს შიდა დაპირისპირება რუსეთის მეზობელ ქვეყნებს სერიოზულ საფრთხეებს შეუქმნის. პუტინის ხელისუფლების სათავეში ყოფნა ხომ თავის ტკივილია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვება შოუგუ-პატრუშევ-სეჩინის ფრთას დარჩა, ეს ბევრად უარესი იქნება.
_ პუტინის მმართველობაზე უარესი რა შეიძლება იყოს?
_ თუნდაც პატრუშევ-შოიგუ-სეჩინის დაჯგუფება.
_ ანუ იმაზე უნდა ვიოცნებოთ, რომ პუტინი მართლა სიცოცხლის ბოლომდე იყოს რუსეთის პრეზიდენტი?
_ არა და არა! ჩვენ მხოლოდ საქართველოს უნდა ვუგულშემატკივროთ. ამასთან, უნდა ვიცოდეთ, თუ რას აპირებენ ჩვენი მეზობლები. შოიგუ-პატრუშევის დაჯგუფება ეს ის ფრთაა, რომელიც თბილისის აღებაზე თავს დებდა. 2008 წლის აგვისტოში პუტინი გაჩერდა, თორემ ამათ აგვისტოს ომის დროს საქართველოს დედაქალაქის აღება სურდათ.
_ მაშინ შოიგუს თბილისის აღებასთან რა ხელი ჰქონდა? ის ხომ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელობდა.
_ მერე ეს პატარა თანამდებობა გგონიათ? მთელი არმია იყო მაშინ მის დაქვემდებარებაში. მას სხვებთან ერთად სურდა თბილისის აღება. ამიტომ ვამბობ, რომ ესენი პუტინზე უარესები არიან. ბოლო დროს დასავლეთი რუსეთის ზრახვებზე შემაშფოთებელ პროგნოზებს აკეთებს. ისინი, როგორც წესი, ჰაერზე არაფერს ამბობენ და მხოლოდ საფუძვლიანი ანალიზის შემდეგ აკეთებენ განცხადებებს.
გასულ კვირას ჟირინოვსკიმ რუსულ მედიას ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინტერვიუ მისცა. ეს კაცი კი აღიქმება არასერიოზულად, მაგრამ, როგოც წესი, კრემლი მას ახმოვანებინებს ხოლმე თავის გეგმებს, რომელთა დიდი ნაწილი სისრულეში მოჰყავს ხოლმე რუსეთის ხელისუფლებას. ამ ინტერვიუში ჟირინოვსკი კითხულობს, ვინ გაუბედავს, წინ აღუდგეს რუსულ ჯარსო. ის აცხადებს, რომ რუსეთი იმპერიის აღდგენას არ გამორიცხავს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთში უკვე შექმნილია საკანონმდებლო ბაზა იმასთან დაკავშირებით, სადაც შეიძლება გამოიყენონ რუსული ჯარი. ამ ჯარის დახმარებით უნდა მიიერთონ ესა თუ ის ქვეყანა. რუსეთმა დააკანონა, რომ ნებისმიერმა ქვეყანამ თუ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთთან შეერთების შესახებ, კრემლს შეუძლია, ის აღასრულოს.
_ პოსტსაბჭოთა ქვეყნებზეა საუბარი?
_ არა, სხვა ქვეყნებზეც. ჟირინოვსკი, მათ შორის, ვენესუელის მიერთებასაც არ გამორიცხავს. ძალიან ყურადსაღები ინტერვიუა. იმპერიალისტური ზრახვებით გაჯერებულია, მაგრამ ახლოს დგას რეალობასთან. ერთი შეხედვით, ვენესუელის მიერთება სასაცილოდ გამოიყურება, მაგრამ წლების წინათ ბევრს არც ეგონა, რომ მოსკოვი თბილისს დაბომბავდა და საქართველოს ტერიტორიაზე ღიად შემოიჭრებოდა, კრემლმა ეს გააკეთა. აქედან გამომდინარე, გამორიცხული არაა, რუსეთმა რიგი ქვეყნების, მათ შორის, ვენესუელის მიერთება სცადოს.
ჩვენი დასავლელი პარტნიორები რუსეთში მიმდინარე პროცესებს სერიოზულად აკვირდებიან. ისინი ხედავენ, რომ დაპირისპირებული მხარეები იმპერიული ზრახვებით არიან შეპყრობილი. როდესაც ასეთი ჯგუფები ერთმანეთს უპირისპირდებიან, იქ მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ აგრესიის განხორციელების გარდა სხვა გამოსავალი არაა.
_ სხვა გამოსავალი რატომ არ აქვთ?
_ რა უნდა გააკეთონ? ეკონომიკა უნდა გააუმჯობესონ? ხალხზე უნდა იზრუნონ? რუსებმა იციან მხოლოდ ფულის კეთება, შავი ფულის გათეთრება და სხვა ქვეყნების ტერიტორიების მიერთება. რაც არ უნდა უჭირდეთ რუსებს, ის ტერმინი, რომ „ყირიმი ჩვენია“, ყველაფერს გადაწონის.
_ რა ხეირი იმით, რომ ყირიმი მათია? რუსეთის ღრმა გუბერნიებს გადახედონ, რა პირობებში ცხოვრობს ხალხი.
_ ჩვენ არ ვართ იმპერიული სახელმწიფო და არ გვაქვს იმპერიული ზრახვები. შესაბამისად, არ ვიცით, რა ხიბლია ამაში. იმპერიულ სახელმწიფოს ტერიტორიების დაპყრობა უფრო ადარდებს, ვიდრე ის, თუ როგორ ცხოვრობს ხალხი ღრმა გუბერნიებში.
_ რუსეთის ხელისუფლების ზრახვები გავიგე, მაგრამ ხალხისთვისაც ეს არის მთავარი?
_ დამიჯერეთ, რომ რუსეთის მოსახლეობის 90%-ისთვის მთავარია იმპერიული ამბიციების დაკმაყოფილებაა. მათ ძალიან ბევრ სიდუხჭირეზე შეუძლიათ თვალის დახუჭვა ერთი ფრაზის _ ყირიმი ჩვენიას _ გაგონების სანაცვლოდ.
_ რას დაემსგავსა ყირიმი მას შემდეგ, რაც მათი გახდა _ ყველამ ნახა, მათ შორის, რუსებმაც.
_ მერე რა! მათთვის მთავარია, რომ ყირიმის ტერიტორიას რუსეთის ნაწილი ერქვას. სადაც ფეხი დაადგეს, ყველაფერი გაანადგურეს, გადავხედოთ აფხაზეთს.
_ ყირიმისგან განსხვავებით აფხაზეთი რუსეთის ნაწილი არ გახდა.
_ ჯერჯერობით ვერ გახდა, მაგრამ შეიძლება, ყველაფერი შეიცვალოს. საქართველომ თავისი პოლიტიკა თუ არ შეცვალა ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით და რაღაც ზომები არ მიიღო, შეიძლება, აფხაზეთიც გაიფორმონ რუსებმა იურიდიულად.
_ გადმოვიდეთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზეც: მზად ვართ იმ საფრთხეებთან გასამკლავებლად, რაც შეიძლება ჩრდილოეთიდან დაგვემუქროს?
_ არ მინდა, ამ თემას ჩავუღრმავდე, ამიტომ მოკლედ გეტყვით: რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებთან გასამკლავებლად ჩვენ მზად არ ვართ.
_ ახლა ჩვენს შიდა ამბებზეც ვისაუბროთ. თქვენ წარმოადგენთ ოპოზიციურ ერთობას. რა ხდება ამ ფრონტზე? ბოლო დროს რაღაც პასიურია ეს ფლანგი.
_ ოპოზიცია რას აპირებს, ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით, რადგან ყველას თავისი გზა აქვს. ის სტრატეგია, რაზედაც დღეს საუბრობენ, პირადად მე წამგებიანად მიმაჩნია.
_ რა მიგაჩნიათ წამგებიანად, უფრო კონკრეტულად გვითხარით.
_ რითაც არჩევნებზე აპირებენ გამოსვლას. ყველა პოლიტიკური პარტია ცალ-ცალკე აპირებს არჩევნებში მონაწილეობას. თითქოს მაჟორიტარებზე შეთანხმდნენ, მაგრამ ამასაც ვერ მიაღწიეს.
_ თბილისში ხომ მიაღწიეს შეთანხმებას?
_ მარტო თბილისია მთელი საქართველო? თან, მხოლოდ ექვს ოლქში შეძლეს შეთანხმება. პიარულად ერთიანი მაჟორიტარები კარგია, მაგრამ ამის განხორციელება ტექნიკურად რთულია.
_ რთული რატომ არის?
_ წარმოიდგინეთ ამა თუ იმ პარტიის ამომრჩეველი, მან პარტიულად სხვა ნომერი უნდა შემოხაზოს, მაჟორიტარს კი სულ სხვა ნომერი ექნება. ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ წისქვილზე დაასხამს წყალს.
_ რაღაც უიმედოდ ჩანხართ, თუ მეჩვენება?
_ იმაზე ვსაუბრობ რაც რეალობაა. ჩვენ თვეების მანძილზე ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს ლეიბორისტების ოფისში. ეს კონსულტაციები სხვანაირად უნდა დამთავრებულიყო. ოპოზიციას ერთიანი საარჩევნო ბლოკი უნდა შეექმნა. სხვა შემთხვევაში ერთიანი საარჩევნო ბლოკის შექმნა ასეთი აუცილებელი არ იქნებოდა, მაგრამ ახლა ამის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება.
_ რატომ გგონიათ, რომ გამოსავალი ოპოზიციური საარჩევნო ბლოკის შექმნა იყო?
_ როცა ხელისუფლებას ამდენი ფული აქვს და თითქმის ყველა ბერკეტი მის ხელშია, მისი დამარცხება ძალიან ძნელია, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება, თუ ოპოზიცია დაქსაქსულია. კი აცხადებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, როცა პარლამეტში შევალთ, მაშინ გავერთიანდებითო, მაგრამ ეს აბსოლუტური ბლეფია. ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ხელისუფლებას, რომელსაც უზარმაზარი ფინანსური რესურსი აქვს, შეცვლის მხოლოდ ოპოზიციური ერთობა. სხვანაირად „ქართული ოცნების“ დამარცხება წარმოუდგენელია.
_ ოპოზიციური ბლოკის შექმნის შემთხვევაში „ქოცები“ ისევ მიშას ფაქტორს წამოსწევდნენ წინ. რვა წელია, მისი დაბრუნებით აშინებენ ამომრჩეველს.
_ თუკი ოპოზიცია გაერთიანდებოდა, იქ რა შუაში იქნებოდა მიშა? ეს არგუმენტი ცოტა არასერიოზულად მიმაჩნია.
_ რატომ მიგაჩნიათ არასერიოზულად? ამ ფორმატში მონაწილეებს ისედაც „ნაციონალებს“ გეძახიან და ერთი ბლოკის შექმნის შემდეგ ხომ საერთოდ „მამალ ნაცებად“ მოინათლებოდით?
_ ამის შიშით როგორ შეიძლება ოპოზიციურ ერთობაზე უარის თქმა? მიშა საააკაშვილი სანამ ცოცხალია, საქართველოში სულ ფაქტორი იქნება. სააკაშვილი არგუმენტი აღარ არის. ოპოზიციის ერთიანობა რომ შემდგარიყო, იქ სააკაშვილს ძალიან გაუჭირდებოდა. „ნაციონალებს“ თუ ჰგონიათ, რომ დამოუკიდებლად დაამარცხებენ „ქართულ ოცნებას“, ძალიან ცდებიან. პირადად მე ეს სასაცილოდაც არ მყოფნის. იგივე შეიძლება ითქვას სხვა პარტიებზეც.
_ ერთობა კარგია, მაგრამ ამასაც ხომ ჰქონდა თავისი მინუსები?
_ პლუსები გაცილებით მეტი იყო. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ „ქრთული ოცნების“ დამარცხება მხოლოდ ერთიანი ძალით არის შესაძლებელი.
_ თქვენ ამბობთ, რომ ხელისუფლებას არჩევნებზე სასურველი შედეგის დასადებად ბევრი რესურსი აქვს. დასავლეთი ღიად მოითხოვს, რომ აქ საპარლამენტო არჩევნები სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარდეს. ეს მოთხოვნა ივანიშვილის პარტიას ზრახვების სისრულეში მოსაყვანად ხელს ვერ შეუშლის?
_ ასეთი დიდი დაინტერესება საქართველოში არჩევნების მიმართ არ მახსოვს. ასეთი რამე არც 2012 წელს ყოფილა და _ არც „ვარდების რევოლუციის“ წინ. 2003 წელს შევარდნაძეს მისმა მეგობარმა ბეიკერმა გამოუგზავნა ერთი წერილი, ახლა კი წერილების კასკადი გვაქვს. წინ უარესი გველოდება.
_ უარესში რას გულისხმობთ?
_ წერილებს. მოვლენებს წინ გავუსწრებ და გეტყვით, რომ აგვისტოში ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან ძალიან ბევრ სკანდალურ ფაქტს გაიგებთ.
_ რა სკანდალებზე საუბრობთ?
_ ბევრ რამეზე, მათ შორის, კრიმინალურ ფაქტორებზე. ხელისუფლებაში მიმდინარე პროცესებზე ძალიან ბევრ საინტერესო რამეს გაიგებთ. ვიმეორებ: წერილების მთელი კასკადი იქნება დასავლეთიდან. წერილები იქნება რეზონანსული, მაგრამ ის ხელისუფლებას ვერ შეაფერხებს. „ოცნება“ თავისი ზრახვების განხორციელებაზე არავითარ შემთხვევაში არ იტყვის უარს. ძალიანაც რომ უნდოდეს, „ქართული ოცნება“ სხვანაირად უკვე ვეღარ მოიქცევა.
_ რატომ ვეღარ მოიქცევა სხვანაირად?
_ იმიტომ, რომ მათ სხვა არჩევანი არ დაიტოვეს. ახლა მათ მხოლოდ რადიკალიზმი რჩებათ და ამ კურსს ვერ გადაუხვევენ. ისევ გავუსწრებ მოვლენებს და გეტყვით, რომ ეს საარჩევნო კამპანია უბინძურესი და ნეგატივით სავსე იქნება. ამის გარდა, ეს საარჩევნო კამპანია იქნება ყველაზე ძვირადღირებული. და რაც მთავარია, ეს სააჩევნო კამპანია აჩვენებს იმას, რომ რეალური პოლიტიკოსები თემაში არ იქნებიან. წინა პლანზე გამოვლენ წყევლა-კრულვის პოლიტიკოსები. იქნება ერთმანეთის დაჭმა და ა. შ.
_ სანქციები თუ იქნება ივანიშვილის წინააღმდეგ, რაზედაც უკვე ბევრს საუბრობენ ამერიკელები?
_ არჩევნებამდე მის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ ველოდები, მაგრამ თუ ის ყველაფერი მოხდა, რაზედაც მე ვილაპარაკე, „ოცნების“ ლიდერისთვის სანქციების დაწესება, ალბათ, გარდაუვალი იქნება.
_ უღირს ივანიშვილს ქონების დაყადაღება არჩევნების მოგებად?
_ რა თქმა უნდა, არ უღირს, მაგრამ ფაქტია, რომ რისკავს. რასაც მე ვუყურებ, შემიძლია ვთქვა, რომ მისი მოქმედების სტრატეგია მოკლევადიანია.

შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: „ხელისუფლებამ ხალხი აუხდენელი ოცნების ამარა დატოვა“
შემდეგი სტატიაბელგიაში მცხოვრები ვეტერანი ფეხბურთელი გიორგი ჭინჭარაული თხოვნით მიმართავს საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს