პაატა ჩაგანავა – გორბაჩოვმა დაანგრია კომუნისტური პარტია, დღეს ხაბეიშვილი მიშას პარტიას ანადგურებს

გორბაჩოვმა დაანგრია კომუნისტური პარტია და დღეს ლევან ხაბეიშვილი მიშას პარტიას ანადგურებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობიდან“ ფოთის საკრებულოს წევრმა, პაატა ჩაგანავამ განაცხადა.

პაატა ჩაგანავას თქმით, ფოთის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება პირადად ლევან ხაბეიშვილს უკავშირდება.

„დღეს დამიკავშირდნენ საკრებულოს აპარატიდან და მაცნობეს, რომ განცხადება იყო შემოსული ექვსი კაცის ხელმოწერით, რომ დაკავებული თანამდებობიდან გადაყენებული ვიყავი. ეს განაპირობა იმან, რომ 29 ნოემბერს სტატუსი დავწერე, რომ არ მომწონდა პარტიაში არსებული ვითარება, მდგომარეობა, რაც მიმდინარეობდა ცხრა თვის განმავლობაში, რომ ყველა დავიღალეთ ამით. აქედან გამომდინარე, ვითხოვდით, პარტიის თავმჯდომარეს პასუხისმგებლობა აეღო და გადამდგარიყო. გამოქვეყნებიდან ზუსტად ერთ საათში ჩათში დაიწერა, რომ უმრავლესობა უნდა შეკრებილიყო. მე არ ვიყავი შეკრებაზე მიწვეული. ფაქტობრივად, ვიცოდი, რა ხდებოდა, უკვე მეორე დღეს მათ გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდათ. ეს არის ლევან ხაბეიშვილის მმართველობა, ეს არის ის „მგლის ბილეთი“, რაზეც საუბრობდა. განსხვავებულ აზრს დასდევენ. დარწმუნებული ვარ, ფოთში ვერავინ მიიღებდა გადაწყვეტილებას, ზემოდან მართული თუ არ იქნებოდა. ყველაფერი ფასადურია, რაც ხდება, ის გამოსვლებიც, რომ პარტიაში ვიღაც ბრუნდება. დღეს ჩემთან იყო ეს ბილეთი გამოგზავნილი, ხვალ სხვაც უნდა ელოდოს. ეს ყველაფერი მიზანმიმართულად არის გაკეთებული. მინი გორბაჩოვია, გორბაჩოვმა დაანგრია კომუნისტური პარტია და დღეს ლევან ხაბეიშვილი მიშას პარტიას ანადგურებს. პარტია დაყო შუაზე, ან უნდა იყო ხაბეიშვილის მომხრე, ან თავისუფალი ხარ პარტიიდან. სხვა განცდა არ მრჩება.

ლევან ხაბეიშვილი რაც თავმჯდომარედ დაინიშნა, ცხრა თვის განმავლობაში ოთხჯერ იყო ჩამოსული ფოთში, არასდროს მოუთხოვია ჩემთან შეხვედრა, რადგან ერთ დროს მხარი დავუჭირე ნიკანორ მელიას. აქედან გამომდინარე, ჩემთან კომუნიკაციის არანაირი სურვილი არ ჰქონია და ვხედავთ, როგორ მიიყვანა ყველაფერი ბოლომდე. ეს იყო პირადად მისი გადაწყვეტილება. არამარტო მისი გადაწყვეტილება, ეს დავალებები მოდის ცოტა სიღრმიდან, რასაც, მოვა დრო და საზოგადოება დაინახავს. შემეხმიანა პარტიის ადგილობრივი თავმჯდომარე და მას დავუდასტურე, რომ ნამდვილად ჩემი განცხადება იყო, რაც დაიწერა სოციალურ ქსელში პარტიის ერთობასა და ხაბეიშვილის გადადგომაზე. დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგები ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ, თუ არ იქნებოდა ზეწოლა და მოთხოვნა“, – განაცხადა პაატა ჩაგანავამ.

ამასთან, პაატა ჩაგანავამ აღნიშნა, რომ ბოლომდე ბრძოლას აპირებს.

„ვაპირებ ბრძოლას. მინდა, მივმართო ლევან ხაბეიშვილს და მოქმედ მენეჯმენტს, ჩემთვის თანამდებობა არაფერს წარმოადგენს, მე თანამდებობის გარეშეც ვიდექი ქუჩაში და ვიქნები ჩემი ქვეყნის საკეთილდღეოდ, ვიბრძოლებ ბოლომდე. ვაპირებ ნიკა მელიასთან შეხვედრას, ალბათ ხვალ შევხვდებით და ამ თემაზე ვისაუბრებთ“, – განაცხადა პაატა ჩაგანავამ.

ფოთის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარია და მისი მოადგილე პაატა ჩაგანავა თანამდებობებიდან გაათავისუფლეს.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი ეუთოზე: ამ შეუმდგარი ორგანიზაციის სისტემა აშკარად მოშლილია
შემდეგი სტატიაშვეიცარიამ 8,8 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა