პაატა ბურჭულაძის პარტიის წევრი ამბობს, რომ მარნეულში არეულობები “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა დაიწყეს

„ყიზილაჯლოში მომხდარი დაპირისპირების ინიციატორი “ნაციონალური მოძრაობა” იყო, მათი საქციელი მიუღებელია, ისინი ნებისმიერი გზით ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას”, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს არსაკალთა კავშირის“ წარმომადგენელმა ალი გასანოვმა ტელეკომპანია “იმედს” განუცხადა.

“ნაციონალურ მოძრაობას” პროვოკაციის დაგეგმვასა და განხორციელებაში, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც ადანაშაულებენ.
მათი თქმით, დაპირისპირების მიზეზი არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის შესაძლო დამარცხება იყო.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი იმამკულიევი აგებდა მარნეულში და, როგორც თავის დროზე სულეიმანოვმა მომიგზავნა თავისი ცოლის ძმები დასაშინებლად, ასევე იმოქმედეს ახლაც. ეროვნული შუღლის გაღვივება უნდოდათ, ეს არის აზერ სულეიმანოვის დავალება და იმამკულიევის შესრულება, ამითი უნდათ, რომ აჟიოტაჟი ატეხონ”, – განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა “სახელმწიფო ხალხისთვის”, კამრან მამედოვმა.

აზერბაიჯანელთა კონგრესის თავმჯდომარემ მიიჩნევს, რომ ყველაფერი დაგეგმილი სცენარით განხორციელდა.

“მიკვირს, როგორ შეიძლება მომხდარიყო ასეთი პროვოკაცია. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ვინმე არეულობას ეთნიკურ ნიადაგზე ცდილობს, ეს არ გამოუვა. ჩვენ საუკუნეების მანძილზე ერთად ვცხოვრობთ, დღესასწაულებს ერთად აღვნიშნავთ, ჩვენი ხალხი მსგავს პროვოკაციებს არ წამოეგება. დემოკრატიულ ქვეყანაში ხალხი ჯერ უსმენს კანდიდატებს, შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას, ასე მოხდა მარნეულის ყველა სოფელში. რაც შეეხება ყიზილაჯლოს,სულელიც კი ხვდება, რომ ეს კონკრეტული სცენარისტის მიერ დაწერილი პროვოკაცია იყო”, -განმარტა გუსეინ იუსუბოვმა.

ყიზილაჯლოში დაპირისპირება 8ოქტომბერს საარჩევნო უბანთან მოხდა, მომხდარი ინციდენტისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სპეცრაზმი,გამოძიება ახლაც მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში“ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა განაცხადა, რომ არჩევნები იყო გამჭვირვალე და მშვიდობიანი”
შემდეგი სტატიაზურაბ ჯაფარიძე: მე ვაპირებ ხმის მიცემას საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხის წინააღმდეგ