პაატა ბურჭულაძის პარტია ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმაც დატოვეს

პაატა ბურჭულაძის პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა დატოვეს. განცხადება ახალგაზრდული ორგანიზაციის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ გიგა ფარტენაძემ გუნდთან ერთად გაახმოვანა და პარტიის რიგების დატოვების მიზეზებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში უყურადღებოდ დარჩა მოძრაობის ახალგაზრდული აქტივი, რომელსაც ბოლო სამი თვეა „მხოლოდ შიშველი ენთუზიაზმით უწევს პარტიული დავალების შესრულება“. გიგა ფარტენაძის განმარტებით, ეს იმ ფონზე ხდება, როცა „პარტიულ ელიტას“ ძვირადღირებული ვოიაჟები აქვს ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ.
გიგა ფარტენაძის განმარტებით, კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც პარტია დატოვა, არის ის, რომ მოძრაობას არასწორი ტაქტიკური და სტრატეგიული გათვლები ჰქონდა, რის გამოც საზოგადოებრივ ინტერესზე კონცენტრირება ვერ შეძლო. „აჭარის რეგიონის რეგიონული ახალგაზრდული მიმართულება მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოძრაობა რეგიონში ადეკვატურად ვეღარ პასუხობს არსებულ რეალობას, რაც კარგად ჩანს პარტიული და საარჩევნო კამპანიის სტრუქტურების მშენებლობასა და საქმიანობაში, ხოლო ეს უკანასკნელი კარგად ავლენს, რომ პოლიტიკური მოძრაობა შორს დგას არსებული რეალობისგან. ჩვენ რეგიონის ახალგაზრდებს, ვისაც შეგვტკივა გული ჩვენი რეგიონის განვითარებისათვის, მივისწრაფვით აქ არსებული პრობლემების გამოვლენის და მათი გადაჭრის გზების დასახვისთვის და მოძრაობა მიგვაჩნდა მსგავსი ამოცანების რეალიზების ერთ-ერთ უმთავრეს რესურსად, დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან ვერ შეძლო საზოგადოებრივ ინტერესებზე კონცენტრირება, მასთან დაახლოებისთვის ვერ მოახერხა რეგიონის საზოგადოებასთან სწორხაზოვანი დიალოგის წარმოება, რაც მოძრაობის არასწორი სტრატეგიული და ტაქტიკური გათვლების შედეგია. უფრო მეტიც, ბოლო პერიოდში მოძრაობის გარშემო სულ უფრო მეტად ჩნდება პასუხგაუცემელი კითხვები საზოგადოებაში, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვებს მათი საზოგადოებისათვის მიუღებელ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებში ალიანსში. სამწუხაროდ, უყურადღებოდ დარჩა მოძრაობის ახალგაზრდული აქტივი, რომელსაც ბოლო სამი თვეა მხოლოდ შიშველი ენთუზიაზმით უწევს პარტიული დავალების შესრულება და ეს იმ ფონზე, როცა აშკარად იკვეთება პარტიული ელიტის კერძო, ძვირადღირებული ვოიაჟები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოძრაობის ახალგაზრდულმა მიმართულებამ მიიღო ერთსულოვანი გადაწყვეტილება პოლიტიკური მოძაობის რიგების დატოვების და ინდივიდუალურ დონეზე საზოგადოებრივი საქმიანობის გაგრძელების შესახებ“, – განაცხადა გიგა ფარტენაძემ.

banner
წინა სტატიაშიავტოავარია ჭუბერში – ადგილზე 30-მდე მაშველი და მყვინთავია მობილიზებული
შემდეგი სტატიაერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3174 ლარი გახდა