პაატა ბურჭულაძის მეუღლე, რომელიც დღეს გამოკითხვაზეა დაბარებული, მოსკოვში გაფრინდა

პაატა ბურჭულაძის მეუღლემ, რომელიც დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზეა დაბარებული, საქართველო დატოვა და მოსკოვში გაფრინდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ანგელა ვასილენკომ მოსკოვის რეისზე რეგიტრაციის გავლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არსად გარბის და 8 ოქტომბერს საქართველოში დაბრუნდება.

„​არსად გავრბივარ, 8 ოქტომბერს დავბრუნდები. უკან დასაბრუნებელი ბილეთი მაქვს, პროკურატურას ყველაფერი ვუთხარი. ჩამოვალ 8 ოქტომბერს და მინდა საგამოძიებო უწყების ყველა კითხვას პასუხი გავცე”,– განაცხადა ბურჭულაძის მეუღლემ.

მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე პაატა ბურჭულაძის მეუღლე სასამართლოში დღეს უნდა გამოეკითხათ. ბურჭულაძის მეუღლემ პროკურატურაში ჩვენების მიცემაზე უარი საგამოძიებო ორგანოდან უწყების მიღებისას განაცხადა და სასამართლოში გამოკითხვა მოითხოვა.

ფონდ „იავნანას“ ყოფილი პრეზიდენტის მეუღლე მთავარ პროკურატურაში გუშინ, 17:00 საათზე უნდა გამოცხადებულიყო.

ამასთან, ვასილენკოს ადვოკატის, სოსო ბარათაშვილის ინფორმაციით, გამოკითხვა 8 ოქტომბერს იყო ჩანიშნული, თუმცა თარიღი მოულოდნელად შეიცვალა.

საქმე ეხება საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ ა(ა)იპ „უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდ იავნანა“-ს დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებს.

მიმდინარე გამოძების ფარგლებში, მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით, პაატა ბურჭულაძის მეუღლე მთავარ პროკურატურაში 2018 წლის პირველ მარტსაც დაიბარეს, თუმცა მაშინ იგი საგამოძიებო ორგანოში არ გამოცხადდა და ამის მიზეზად მისი საზღვარგარეთ ყოფნა დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ ფონდ „იავნანას“ შემოწირულობების არამიზნობრივად ხარჯვის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მედიით გავრცელდა და ცნობილი გახდა, რომ ფონდიდან პაატა ბურჭულაძის მეუღლის ხელფასის, სასტუმროების დაქირავებისა და ავიაბილეთებისთვისრამდენიმე ასეული ათასი ლარი იხარჯებოდა.

banner
წინა სტატიაშილომჯარია ხელისუფლებას აფრთხილებს – ოცნება VS არასამთავრობო ორგანიზაციები
შემდეგი სტატიასიმსივნური პათოლოგია გამოირიცხა, სახის ნერვის დამბლა არ არის – ექიმი