პაატა ბურჭულაძე -ფონდ ,,იავნანას” წინააღმდეგ მორიგი პროვოკაცია იგეგმება

ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ ფონდის წინააღმდეგ მორიგი პროვოკაცია იგეგმება. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, გარკვეული ჯგუფები კვლავ სპეკულირებენ ფონდის სახელით და იმ ოჯახებს სტუმრობენ, რომელთაც „იავნანა“ დაეხმარა.

პაატა ბურჭულაძე საქართველოს პროკურატურას მოუწოდებს, „შეწყვიტოს სამარცხვინო დევნა, გამოვიდეს, ბოდიში მოიხადოს და ხალხს უთხრას სიმართლე“.

„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ფონდ „იავნანას“ წინააღმდეგ იგეგმება მორიგი პროვოკაცია. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან 25 ოქტომბერს ფონდი გეგმავს გრანდიოზულ, საქველმოქმედო გალა-კონცერტს.

საქმე იმაშია, რომ გარკვეული ჯგუფები კვლავ სპეკულირებენ ფონდის სახელით, ჩადიან იმ ოჯახებთან, რომელთაც ფონდი დაეხმარა. მინდა, მივმართო “იავნანას” ყველა ოჯახს, სტუდენტსა თუ ბავშვს, არ მოტყუვდეთ, არც ფონდი და არც მე თქვენთან ინტერვიუსთვის, ან რამე სხვა საკითხთან დაკავშირებით არავის არ ვაგზავნით. ეს ადამიანები ცრუობენ და არ არიან ფონდის წარმომადგენლები.

კიდევ ერთხელ მივმართავ საქართველოს პროკურატურას, შეწყვიტოს ეს სამარცხვინო დევნა, გამოვიდეს, ბოდიში მოიხადოს და ხალხს უთხრას სიმართლე. უთხრას, რომ ყველაფერი იყო სიცრუე და დადგმული სპექტაკლი, რომელმაც ყველაზე მეტად სწორედ ის ადამიანები დააზარალა, ვისაც ფონდი ეხმარებოდა.

ერთი წელია, ფონდი ვეღარ აკეთებს თავის საქმეს და ერთი წელია, სოციალურად დაუცველი ოჯახები ვეღარ იღებენ იმ დახმარებას, რომელსაც ფონდი გასცემდა.

მე დღეს ასევე მივმართავ საქართველოს მთავრობას თხოვნის წერილით, დაეხმარეთ იმ ოჯახებს, ვისაც ძალიან უჭირს, სანამ „იავნანა“ სრულფასოვნად დაიწყებდეს მუშაობას. ჩვენ საქართველოს პროკურატურასაც გადავეცით იმ ოჯახების სია, ვისთვისაც დახმარების გაწევა გვინდოდა და გიგზავნით თქვენც, საქართველოს მთავრობას, კერძოდ ბატონ პრემიერ-მინისტრს. 25 ოქტომბრიდან ფონდი “იავნანა” ჩაერთვება და ახალ სიცოცხლეს დაიწყებს და ამაში მას ხელს ვეღარავინ შეუშლის“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

banner
წინა სტატიაშიმირზა სუბელიანის დაკითხვა, სავარაუდოდ, ადვოკატების გარეშე მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრო გირჩის აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს