8.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 17, 2026
banner

პაატა ბურჭულაძემ დაგვიანონსა ბრალის აღიარება- კობახიძე

პაატა ბურჭულაძემ დაგვიანონსა ბრალის აღიარება, ეს კარგია, მოვუწოდებ აღიაროს დანაშაული და ის დატოვებს საპატიმროს, რაც შეეხება მის შვილს, ასეთი შვილი ძალიან მძიმე რამეა, – ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ პაატა ბურჭულაძის შვილის, შუქრი ბურჭულაძის განცხადებას, რომ „სხვა პატიმრების გათავისუფლების შემდეგ იქნება მსჯელობა იმაზე, პაატა ბურჭულაძე უფრო ფასეულია ციხეში თუ თავისუფლებაზე“.

ირაკლი კობახიძე ასევე გამოეხმაურა თავად პაატა ბურჭულაძის პოზიციასაც, რომ „ოცნებასთან“ საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა.

„რა თქმა უნდა, ბურჭულაძის ეს განცხადება არის აშკარა ანონსი. მასაც არ უნდა, ბუნებრივია, ციხეში ყოფნა და ასეთი ფორმით ერთგვარად დაგვიანონსა, საბოლოო ჯამში, საკუთარი ბრალის აღიარება. ეს კარგი იქნება, მასაც მოვუწოდებ აღიაროს საკუთარი დანაშაული, ასეთ შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან შესაბამისი ნაბიჯი გადაიდგმება, ის დატოვებს საპატიმროს. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებმა, ზოდელავამ, ბურჭულაძემ, სხვებმა ჩაიდინეს უმძიმესი დანაშაული, მათ ხელისუფლების დამხობა სცადეს, ასეთ პირობებშიც კი, ჩვენ მზად ვართ, შესაბამისი ნაბიჯი გადავდგათ. მიხარია, რომ მისი მხრიდან აღიარება დაანონსდა, რა თქმა უნდა, თუ ეს ნაბიჯი გადაიდგმება, ჩვენი მხრიდანაც იქნება შესაბამისი რეაგირება…. [რაც შეეხება შვილს], მე არ ვიცი, ასეთი შვილი ძალიან მძიმე რამეა, სხვა კომენტარი რა გავაკეთო, არც კი ვიცი. თავის დროზე, ჩახუნაშვილის შვილმა გააკეთა ასეთი განცხადება, ახლა ბურჭულაძის შვილმა. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის პავლიკა მოროზოვისეული დამოკიდებულება მშობლის მიმართ“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, მსჯავრდებული მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძის შვილმა, შუქრი ბურჭულაძემ ჟურნალისტების კითხვას, გააფორმებს თუ არა პაატა ბურჭულაძე საპროცესო შეთანხმებას, უპასუხა: „4 ოქტომბრის აქციის მონაწილეებმა აუცილებლად უნდა გააფორმონ საპროცესო შეთანხმება, ხოლო პაატა ბურჭულაძე ციხეში უფრო ფასეული იქნება ქვეყნის თავისუფლებისთვის თუ თავისუფლებაზე, ამას შემდეგ განვიხილავთ“. შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა: მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე შესაბამისი განცხადებებით მიმართეს. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძის შვილმა, შუქრი ბურჭულაძემ, მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძის მიერ პროკურატურისთვის საპროცესო შეთანხმების მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი – მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე“.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ფავლენიშვილი: როცა ქვეყანაში ამყარებ დიქტატურას, ხდები სანქცირების ობიექტი
შემდეგი სტატიაგრიგოლ გეგელია: „ქართულ ოცნებას“ კორუფცია ერთადერთ შემკვრელ ენერგიად დარჩა, რომ ეს „მონათა პრივილეგიის სისტემა უზრუნველყოფილი იქნას და საწვავი მიეწოდოს“