“პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში შესანიშნავი შანსით შემოვიდა, მაგრამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რეიტინგი დაეკარგა”

არ მაქვს განცდა, რომ პოლიტიკოსები გრძნობენ, რა თქვან და რა არა, – განაცხადა პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ გადაცემა 2030-ში.

“ერთი და იგივე ტიპის ფორმულებია, მეტი ემოციით ნათქვამი სიტყვაა. ყველა ამბობს, რომ გვინდა ევროპა, მაგრამ არცერთი პარტია არ ამბობს, პენსიების გაზრდას და ა.შ როგორ მოახერხებს. პოლიტიკოსმა მე, ამომრჩეველს უნდა დამიმტკიცოს, რომ არჩევის ღირსია, მაგრამ ამისთვის პოლიტიკური სპექტრი თავს არ იწუხებს. დაახლოებით, ყველა ერთნაირია. ძირითადად, პოლიტიკოსები იმაზე მუშაობენ, რომ ამომრჩეველმა ემოციური არჩევანი გააკეთოს და არა გააზრებული არჩევანი”, – განაცხადა საყვარელიძემ.

მისი თქმით, საქართველოში შესაბამისი პოლიტიკური გამოცდილება არ არსებობს.

“არის განცდა, რომ ჩვენ პოლიტიკას ვთამაშობთ და რეალურ პოლიტიკას არ ვაწარმოებთ. რეალურ პოლიტიკას რომ ვაწარმოებდეთ, მაშინ კონსტიტუციის საკითხიც სხვანაირად გადაწყდებოდა და ბევრი საკითხის მოგვარების რეალური გეგმა დაიდებოდა. ეჭვი მეპარება, რომ პოლიტიკოსების ნაწილმა მაინც იცის, როგორი უნდა იყოს კარგი ქვეყანა, რადგან შესაბამისი პოლიტიკური გამოცდილება არ გვაქვს”, – განაცხადა პოლიტოლოგმა.

როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკოსები არაადეკვატურად იქცევიან.

“პოლიტიკოსები არაადეკვატურად იქცევიან. მაგალითად, პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში შესანიშნავი შანსით შემოვიდა, მაგრამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რეიტინგი დაეკარგა. ბურჭულაძეს სხვა პოლუსი რომ არ დაეკავებინა, მესამე ძალის ნიშის დაკავების შანსი ჰქონდა. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ბურჭულაძის ხაზი ჩავარდება. სამწუხარო რეალობაა ის, რომ შესაძლოა, პარლამენტი ისევ ორპარტიული იყოს. შესაძლოა, სხვა პარტიებმა ბარიერს გადააბიჯონ, მაგრამ ისინი პარლამენტში ძალის გარეშე შევლენ”, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგი: თუ ქვეყანა სტანდარტებს აკმაყოფილებს, ის შეიძლება ნატოს წევრი გახდეს
შემდეგი სტატიაობამა და ფილიპინების პრეზიდენტი, რომელმაც ის გალანძღა, ერთმანეთს შეხვდნენ