პაატა ბურჭულაძე : კანონი უნდა კანონობდეს, თუ აირჩია ხალხმა, უნდა იყოს არჩეული, სალომე ზურაბიშვილი ჯერ კიდევ არ არის არჩეული

რუსთავი 2“-ის ეგზიტპოლს ვენდობი, მაგრამ ვნახოთ, ეგზიტპოლიც შეიძლება შეცდეს, – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ მეორე ტურის შემდეგ ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

„ჯერ უნდა დაითვალონ ხმები და მერე შევაფასებთ შედეგებს. ეგზიტპოლებს როგორ შეიძლება რომ არ ენდო. მით უმეტეს „რუსთავი 2“-ის ეგზიტპოლს ვენდობი, მაგრამ ვნახოთ, ეგზიტპოლიც შეიძლება შეცდეს.
დავითვალოთ ყველაფერი და შემდეგ ვნახოთ რა მოხდება“,- განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელმაც განაცხადა, რომ არ აპირებს არჩევნების შედეგების აღიარებას და ამომრჩევლებს სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს, ბურჭულაძე აცხადებს, რომ არ მოუსმენია სააკაშვილის განცხადება, თუმცა ამბობს, რომ ალბათ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ხალხს მოუწოდა, საკუთარი აზრი გამოეთქვათ.

„არ მომისმენია. არა, დაუმორჩილებლობისაკენ ახლა ვერ მოუწოდებს. ალბათ, მოუწოდა, რომ გამოთქვით თქვენი აზრიო. არ ვიცი, არ მომისმენია.

მე ვარ გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი დღესაც და ვიქნები ყოველთვის. ჩემი აზრი იყო ყოველთვის ის, რომ ჩვენ ესეთი პრეზიდენტი ქართველებს არ უნდა გვყოლოდა. ვნახოთ, ჯერ კიდე არჩეული არ არის. ჯერ კიდევ წინ არის ყველაფერი.

ჩემი პირადი პოზიციაა, რომ კანონი უნდა კანონობდეს. თუ აირჩია ხალხმა, უნდა იყოს არჩეული. ვნახოთ რა მოხდება. ჯერ კიდევ არ არის არჩეული“,- განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

Edison Research-ისა და Gallup-ის ეგზიტპოლებით, საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს.

banner
წინა სტატიაშისულხან სალაძე : ბოლო წლებში ძალიან მიჭირს გავიხსენო იმაზე მძიმე არჩევნების დღე, რომელიც დღეს გვქონდა
შემდეგი სტატიათეიმურაზ გორჯესტანი – დღეს უფრო მეტად საქართველოზე ვფიქრობ, რადგან ეს არის საქართველოს გამარჯვება