პაატა ბურჭულაძე : დღეს საფრთხის წინაშე დგას სახელმწიფოებრიობა, რომელსაც 25 წელია, ვაშენებთ

ჩვენს ქვეყანაში სულ უფრო მკაფიო და ხშირია სამართალდარღვევის ფაქტები, დაუცველი გახდა ადამიანი, დაუცველობის გრძნობა ეუფლება თითოეულ ჩვენგანს, საქართველოში ბრუნდება კრიმინალური გარჩევები, ძალადობა, კორუფცია, მკვლელობები ქალაქის ცენტრში, პოლიციელების მხრიდან ზეწოლის გამო ორი თვითმკვლელობა მოხდა უკანასკნელი ერთი თვის მანძილზე. ბანკების გაქურდვა, მოქალაქეთა პირად ცხოვებაში ჩარევის ფაქტები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა,- ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანების „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ მედიის წარმომადგნლებთან შეხვერდაზე განაცხადა.

მისივე თქმით, „დღეს საფრთხის წინაშე დგას სახელმწიფოებრიობა, რომელსაც 25 წელია, ვაშენებთ. უკვე აშკარაა პრორუსული ძალების გააქტიურება, რომელებიც აღარ ერიდებიან ფართო თავყრილობებსა და სატელევიზიო რეკლამებს“.

„ზეწოლა ჩემზე და ჩემ მიერ დაარსებულ მოძრაობაზე „სახელმწიფო ხალხისთვის“ არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ სისტემა და მეთოდები არ შეცვლილა, შეიცვალნენ მხოლოდ შემსრულებლები. ჩვენ გვითვალთვალებენ, გვისმენენენ, ზეწოლის ქვეშ არიან ის ბიზნესმენები, ვინც მხარს უჭერენ ჩვენს პარტიას. მათზე ვინც მხარს უჭერენ ჩვენს იდეას – სახელმწიფო ჩადგეს ხალხის სამსახურში. ეს ერთის მხრივ, ნიშანია იმისა, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და შევძელით საუკეთესო და კომპეტენტური გუნდის ორგანიზება, რომელსაც აქვს მზარდი რეიტინგი, მაგრამ მეორეს მხრივ აღნიშნული ქმედებები ყოველგვარ ზღვარს სცდება“,-აღნიშნა ბურჭულაძემ.

მისივე თქმით, ამომრჩეველი ხედავს, რომ „სახელმწიფო ხალხისთვის“ დღეს რეალური ლიდერია და ნამდვილად შეუძლია უიმედო სიტუაციის შეცვლა.

„ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ მთავრობა არის ხალხის მიერ დაქირავებული და ის ხალხს უნდა ემსახურებოდეს. ჩვენ თითქოს უკვე მივეჩვიეთ კიდეც ნეგატიური ინფორმაციის მოსმენას, მივეჩვიეთ უმოქმედობასა და ყველაფერ ცუდს. მე, სწორედ ამიტომ გადავდგი ეს ნაბიჯი და დღეს მიწევს ათასგვარი ცილისწამების ატანა მხოლოდ იმის გამო, რომ დარწმუნებული ვარ, იმ პროფესიონალთა გუნდთან ერთად, რომელიც შევკრიბე, უმოკლეს დროში შევძლებ ქართველი ხალხის გამოყვანას ამ კრიზისიდან. მთავრობა აუცილებლად ჩადგება ხალხის სამსახურში“,-აღნიშნა მედიასთან შეხვედრაზე პატა ბურჭულაძემ.

როგორც ბურჭულაძემ აღნიშნა, საქართველოში პოლიტიკა იქამდე იქნება ბინძური საქმე, ვიდრე საზოგადოება შეეგუება რომელიმე მხარის ბინძური მეთოდებით მოქმედებას.

„უზნეობაა, როდესაც პაატა ბურჭულაძის დისკრედიტაციის მიზნით შეეცდები ზიანი მიაყენო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე საამაყო საქმეს საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“, რომელმაც პირდაპირი გაგებით არაერთი ბავშვისა და ოჯახის სიცოცხლე იხსნა! დაამკვიდრა ქველმოქმედების კულტურა! მსოფლიოს ლეგენდარული მუსიკოსები უანგაროდ ჩამოიყვანა, გააცნო მათ საქართველო და არაერთხელ გაიტანა საზღვარგარეთ ქართული კულტურა. უზნეობაა, როდესაც იჭრები პირად სივრცეში და იმ მიზნით, რომ პაატა ბურჭულაძის ავტორიტეტს ავნო, იწყებ სრულიად უსაფუძვლო ჭორების ტირაჟირებას. ჩვენ, მრავალი წელია ვიბრძვით ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის და არავის არ უნდა მივცეთ უფლება, რომ მთელი ქვეყანა აქციოს ორღობედ, სადაც ვინ როგორ ჭორს მოყვება, ეს იქნება მთავარი. უზნეობაა და უკანონობაა, სხვა ადამიანის პირადი წერილების კითხვა და პირადი საუბრების მოსმენა და შემდეგ საჯარო სივრცეში გამოქვეყნება. მკაცრად უნდა დაისაჯოს ყველა ის პიროვნება, ვინც ამ ბინძური მეთოდით ცდილობს სხვისი ცხოვრებაზე ზეგავლენის მოხდენას.

ვცდილობდი მოვლენებისთვის მსუბუქად და ზოგჯერ იუმორითაც კი შემეხედა, მაგრამ არა, ეს დღესვე უნდა შეწყდეს, რათა ჩვენ შევძლოთ 8 ოქტომბრის არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარება, რა მეთოდითაც უნდა იბრძოლონ, იდეა – სახელმწიფო ხალხისთვის გაიმარჯვებს“,-განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

banner
წინა სტატიაში„ახალი მზიურის“ მხარდამჭერებმა პროექტის განხორციელებიდან ერთი წლის იუბილე აღნიშნეს
შემდეგი სტატიაკახა კახიშვილი ევროკავშირის მიწვევით მოლდოვას რესპუბლიკაში გაემგზავრა