პაატა ბურჭულაძე: ადამიანი არ უნდა იყოს ქვეყნისგან და ხელისუფლებისგან მიტოვებული

ახალციხეში „საქართველოს განვითარების ფონდის“ რეგიონალური წარმომადგენლობა გაიხსნა. ოფისი და მონიტორინგის ცენტრი პაატა ბურჭულაძემ ფონდის დამფუძნებლებთან და წევრებთან ერთად გახსნა. დღეიდან ახალციხელებს პაატა ბურჭულაძის ახალ ორგანიზაციაში გაწევრიანება და ფონდის საქმიანობაში აქტიური მონაწილეობის მიღება შეეძლებათ.
პაატა ბურჭულაძე ასევე რაბათის ციხეში მესხურ დარბაზში შეკრებილ ადგილობრივებსაც შეხვდა. პაატა ბურჭულაძემ ახალციხელების პრობლემები მოისმინა და მათ ამ პრობლემების მოგვარებისთვის ერთობლივი მუშაობა შესთავაზა.

„საქართველოს განვითარების ფონდი არის საზოგადოებრივი ინიციატივა, რომელიც ჩვენ ყველას საერთო მიზნისა და საერთო იდეალების ირგვლივ გაგვაერთიანებს. ჩვენი ფონდი არის ყველა თავისი საქმის მცოდნე ადამიანისთვის, მიუხედავად იმისა, თუ სად არის ის – სახელმწიფო სამსახურში, არასამთავრობო ორგანიზაციაში თუ კერძო ბიზნესში; მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის ის – ქართველი, აფხაზი, ოსი, რუსი, სომეხი, ეზიდი, აზერბაიჯანელი, უკრაინელი, ქისტი, ბერძენი; და, რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, თუ სად ლოცულობს ის. ფონდი შეიქმნა ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებისთვის. ჩემი დიდი სურვილია, რომ „საქართველოს განვითარების ფონდის“ ირგვლივ გაერთიანდნენ ახალგაზრდები, ვინაიდან მათი მონაწილეობის გარეშე ჩვენი ქვეყნის წინსვლა წარმოუდგენლად მიმაჩნია. ფონდი შეიქმნა ყველასთვის, ვისაც სურვილი აქვს, მიიღოს მონაწილეობა განვითარებასა და გამარჯვებაში, რადგან საქართველო ყოველი ჩვენგანის საზრუნავია. ადამიანი არ უნდა იყოს ქვეყნისგან და ხელისუფლებისგან მიტოვებული. საქართველოს სწორი მენეჯმენტი და მართვა სჭირდება. ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ საქართველოს განვითარება“. – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ ახალციხელებთან შეხვედრისას.

საქართველოს განვითარებისთვის „პაატა ბურჭულაძის საქართველოს განვითარების ფონდი“ რეგიონალური ოფისების გახსნას მთელი საქართველოს მასშტაბით გეგმავს.

banner
წინა სტატიაში1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4948 ლარი გახდა
შემდეგი სტატიაგოგა ხაჩიძე: გოგი თოფაძემ არ უნდა დატოვოს მანდატი, არ უნდა წავიდეს პარლამენტიდან