ოზურგეთში ყოფილი სიდედრის, მეზობლის და 5 თვის ბავშვის დაჭრის ფაქტზე დაკავებული მამაკაცის ყოფილი მეუღლე შემთხვევის დეტალებს იხსენებს

ოზურგეთში სამი ადამიანის დაჭრის ფაქტზე დაკავებული მამაკაცის ყოფილი მეუღლე შემთხვევის დეტალებს იხსენებს.

როგორც ინდირა კოსტავამ განაცხადა პირველ ქმარს ორი წლის წინ გაშორდა, რის შემდეგაც ახალი ოჯახი შექმნა, თუმცა ყოფილი მეუღლე „თავს არ ანებებს“.

“ორი წელიწადია გაშორებული ვარ პირველ ქმართან. მქონდა სასამართლო პროცესი და ოფიციალურად განვქორწინდით. პირველი ქორწინებიდან სამი შვილი მყავს და მათი ნახვის უფლება ჰქონდა ყოფილ ქმარს. ამით არ კმაყოფილდებოდა, სულ მაგინებდა, მემუქრებოდა და იყო ერთ ამბავში. განქორწინების შემდეგ მე შევქმენი ახალი ოჯახი და მეორე ქორწინებიდან მყავს ხუთი თვის ბავშვი, რომელიც ყოფილი მეუღლის ნასროლმა ტყვიამ კინაღამ მოკლა.

გუშინაც დამირეკა ტელეფონზე, ითხოვდა შეხვედრას და ისევ დამემუქრა მოკვლით. საუბრის შემდეგ, დაახლოებით ხუთ წუთში მოვიდა ჩემს სახლთან და მანქანიდან ისროლა. გარეთ იყვნენ ჩემი დედამთილი, მეზობლის ქალი და ჩემი ხუთი თვის ბავშვი. როგორც კი გააჩერა მანქანა, მაშინვე ისროლა. ბავშვი დღეს უნდა გამოწერონ “მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრიდან, მაგრამ არ ვიცი, როგორ იქნება, შეიძლება ქუთაისში გავაგრძელოთ მკურნალობა,“ – განაცხადა ინდირა კოსტავამ.

ოზურგეთში მამაკაცმა ყოფილი სიდედრი, მისი მეზობელი და მცირეწლოვანი ბავშვი გუშინ, გვიან ღამით დაჭრა. მამაკაცი დაკავებულია.

banner
წინა სტატიაშიახმეტაში ხანძარი გაჩნდა
შემდეგი სტატიაგიორგი მღებრიშვილი – ცეცხლის ღია კერები აღარ გვაქვს, ვერტმფრენების გამოყენების აუცილებლობა ამ ეტაპზე აღარ არის