ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატსა და რწმუნებულს პატიმრობა მიესაჯათ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს, დაბა ნასაკირალიდან, შოთა ართმელაძეს და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს, დაბა ნასაკირალის ადმინისტრაციულ ერთეულში ტარიელ ანთაძეს პატიმრობა მიესაჯათ.

გადაწყვეტილება ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში მოსამართლემ რამდენი წუთის წინ გამოაცხადა.

ართმელაძესა და ანთაძეს 7-დან 11-მდე პატიმრობა ემუქრებოდათ, თუმცა საპროცესო გარიგება შედგა, რის სანაცვლოდ ისინი, ჯამში, 60 ათას ლარს გადაიხდიან. თანხის გადახდის შემდეგ მათ სასჯელი შეუმსუბუქდებათ და პატიმრობაში 2 წელი იქნებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქრთამის აღების ბრალდებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი დაბა ნასაკირალიდან შ.ა. და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი დაბა ნასაკირალის ადმინისტრაციულ ერთეულში – ტ. ა. მიმდინარე წლის 18 ივლის დააკავა.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა დაბა ნასაკირალის ტერიტორიაზე მდებარე უმოქმედო სკოლის შენობის სათანადო ნებართვისა და პროცედურების გავლის გარეშე ერთწლიან სარგებლობაში გადაცემის სანაცვლოდ, თურქეთის და საქართველოს მოქალაქეებს ქრთამის სახით 2000 აშშ დოლარი და 1000 ლარი გამოართვეს. სამართალდამცველებმა შ. ა. და ტ. ა. ქრთამის აღების ფაქტზე ქობულეთში დააკავეს.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობდა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქ/პუნქტით, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებდა.

banner
წინა სტატიაში„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები საავადმყოფოში გადაიყვანეს
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: ბევრი რამ არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ ტერორიზმის საფრთხის წინაშე არ აღმოვჩნდეთ