ოზურგეთის მერმა ბიძაშვილის კომპანიას, ტენდერის გვერდის ავლით, 187 276 ლარი მისცა

“ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, ოზურგეთის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ მისი ბიძაშვილის კომპანიას, ტენდერის გვერდის ავლით, პირდაპირი შესყიდვის წესით – 187 ათასი ლარი გადაურიცხა. თანხა კომპანია “მშენებელმა”, რომლის მფლობელიც დავით გოგუაძეა, 2019-2020 წლებში სხვადასხვა ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მიიღო.

კომპანია “მშენებელს” – 2013-2020 – 7 წლის განმავლობაში, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 658 ათასი ლარი აქვს გადარიცხული.

ორგანიზაციის მკვლევარები არ გამორიცხავენ, რომ ოზურგეთის მერი შესაძლოა ამ საეჭვო ტენდერებით სარგებელს თავადაც იღებდეს, რადგან ბოლო 2 წლის განმავლობაში კონსტანტინე შარაშენიძემ 143 ათასი ლარის უძრავი ქონება იყიდა, მაშინ როცა მერის ოფიციალური შემოსავალი ამ წლებში მხოლოდ 56,500 ლარი იყო.

“2020 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას მან სულაც არ უარყო ეს ფაქტი და თქვა რომ ამაში პრობლემას ვერ ხედავდა. მან საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს ამ საკითხზე კითხვის დასმისას უთხრა: “გოგუაძეს უნდა გაეკეთებინა ეგ სამუშაოები შე შტერო, აბა სხვა ხო არ გააკეთებდა… დათოიე გოგუაძე ყველას უყვარს აქანე ვინც არის”, – წერს ორგანიზაცია.

ცნობისთვის, შპს “მშენებელი” 2013 წლის დეკემბერში დაარსდა ოზურგეთში მცხოვრები გურამ გოლიაძის მიერ. 2013-2020 წლებში ამ კომპანიას 6 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, საიდანაც მხოლოდ ერთში გაიმარჯვა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისგან 110,000 ლარი მიიღო საცხოვრებული კორპუსების გადახურვის სამუშაოებისთვის.
იმავე წლებში ამ კომპანიასთან სხვადასხვა მუნიციპალიტეტებმა 16 გამარტივებული შესყიდვა განახორციელა, სხვადასხვა სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად, რომლის შედეგადაც შპს “მშენებელმა” ბიუჯეტიდან 448,000 ლარი მიიღო. 2016 წლიდან ამ კომპანიის 100% წილის მფლობელი გახდა დათო გოგუაძე, რომელმაც გააგრძელა აღნიშნული კომპანიით ოპერირება სახელმწიფო ტენდერებში.
დათო გოგუაძე დადასტურებული ინფორმაციით არის ოზურგეთის მოქმედი მერის კონსტანტინე შარაშენიძის ბიძაშვილი (დედის ძმისშვილი). სწორედ მერად გახდომის შემდეგ, გაუფორმეს მის კომპანიას გამარტივებული შესყიდვები, თანაც ისეთი სამუშაოებისთვის, რომლებიც არ ჯდებოდა გადაუდებელი აუცილებლობის კატეგორიაში, შესაბამისად ამგვარი მომსახურების შესყიდვა უტენდეროდ და ბიუჯეტის ეკონომიის გარეშე დაუშვებელი იყო.
მაგალითად ხელშეკრულებები იდებოდა ისეთი სამუშაოების შესასრულებლად, როგორებიცაა: ზოგიერთ სოფელში სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება, სოფ. ძიმითში მემორიალის ეზოს კეთილმოწყობა და გარე განათების დამონტაჟება, კულტურის სახლის ეზოს კეთილმოწყობა და სხვა.
მხოლოდ 2019-20 წლებში, როცა ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძეა (2017-დან), მან თავის ბიძაშვილს 187,276 ლარის გამარტივებული შესყიდვა გაუფორმა. 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას მან სულაც არ უარყო ეს ფაქტი და თქვა რომ ამაში პრობლემას ვერ ხედავდა. მან საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს ამ საკითხზე კითხვის დასმისას უთხრა: “გოგუაძეს უნდა გაეკეთებინა ეგ სამუშაოები შე შტერო, აბა სხვა ხო არ გააკეთებდა… დათოიე გოგუაძე ყველას უყვარს აქანე ვინც არის”.
აღსანიშნვია ისიც, რომ კონსტანტინე შარაშენიძემ 2019-20 წელს შეიძინა 143,000 ლარის უძრავი ქონება, კერძოდ: 133,000 ლარის ღირებულების ბინა თბილისში და 5000-5000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი და კომერციული ფართი ქ. ზურგეთში. ეს ყველაფერი მაშინ როდესაც 2019-20 წლებში მისი სახელფასო შემოსავალო 56,600 ლარი იყო, ხოლო 2018 წელს 45,000-ლარიანი სესხი აქვს აღებული ვითიბი ბანკიდან. ეს შემოსავალი არ არის საკმარისი 143,000 ლარიანი უძრავი ქონების შესაძენად.
ცნობისთვის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 62,600 ადამიანი ცხოვრობს, საიდანაც ყოველი მე-6 სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება.

banner
წინა სტატიაშიგამოძიება დღეს ამოიღებს “ასტრაზენეკას” ფლაკონს, რომლითაც მეგი ბაქრაძე აიცრა
შემდეგი სტატიაადგილობრივების ინფორმაციით, ნამახვანში პოლიციის დამატებითი ძალები შეჰყავთ