“ოუფენ ნეტმა” ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში, კახეთის და თიანეთის სოფლების ინტერნეტიზაციისთვის 24.3 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.
აღწერის თანახმად, კონტრაქტორმა კომპანიამ კახეთის დასახლებულ პუნქტებში, ასევე თიანეთის რაიონში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა უნდა შექმნას. ტენდერში კომპანიებს წინადადებების დაფიქსირება 2026 წლის 13 მაისამდე შეეძლებათ. აღწერა მოიცავს სოფლების – მატანის; კორეთის; ნაფარეულის; ფშაველის; ასევე სოფლების უდაბნოს; გამარჯვებას; ხორნაბუჯის; ერისიმედის; ზემო ქედის; დედოფლისწყაროს და სხვა დასახლებული პუნქტების ინტერნეტიზაციას.
ცნობისთვის, 2025 წლის ბოლოს ინტერნეტიზაციის პროექტის დასრულების თარიღი 2 წლით გახანგრძლივდა, პროექტის ბიუჯეტი კი 40 მილიონი დოლარით გაიზარდა. შესაბამის ცვლილებას ითვალისწინებს საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკთან გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულება.
როგორც ირკვევა, რეგიონებში ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური ქსელის ასაგებად თავდაპირველად გამოყოფილი 70 მლნ ევრო (IBRD-ის და ევროპის საინვესტიციო ბანკის კრედიტი) საკმარისი არ აღმოჩნდა, ასევე არასაკმარისი აღმოჩნდა პროექტის განხორციელების ვადებიც, რაც გახანგრძლივდა.
საყოველთაო ინტერნეტიზაციისთვის ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2020 წლიდან დაიწყო და ორ ეტაპად განხორციელდა, შემდეგ კი, 2021 წლიდან, სამშენებლო სამუშაოები Log-in Georgia-ს ფარგლებში, IBRD-ის სესხის საფუძველზე გაგრძელდა. გეგმის თანახმად, 2025 წლის ბოლოსთვის სულ 5000 კმ სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური ინფრასტრუქტურა უნდა აშენებულიყო. ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის რუკის თანახმად, ამ დროისთვის აშენებულია 1 850 კმ.
















