ოთარ ფარცხალაძეს ლევან ჯანგველაძის მკვლეობის საქმეზე ბრალი წარედგინება

ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წარედგინება – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ჯანგველაძის მკვლელობის საქმე სრულად გახსნილია.

“შსს მიერ ჩატარებული ასეულობით საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადგენილია, ვინ ხელმძღვანელობდა ორგანიზებულ ჯგუფს, რომელმაც ჩაიდინა ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობა. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე გახსნილად შეგვიძლია გამოვაცხადოთ. გამოტანილია დადგენილება ოთარ რომანოვ ფარცხალაძის მიმართ, ბრალდებულის სახისთ პასუხისგებაში მიცემის შესახებ. გამოძიებით დადგინდა, რომ დროთა განმავლობაში, დანაშაულებრივ დაჯგუფებად ჩამოყალიბებულ პირთა წრეს და ამ დაჯგუფების ლიდერებს, ოთარ ფარცხალაძეს და მისი ნდობით აღჭურვილ პირებს, ძმებს დავით და გიორგი მიქაძეებს, ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით, გარკვეულის სახის დაპირისპირება და უთანხმოება ჰქონდათ ლევან ჯანგველაძესთან. ამ უკანასკნელთან დიდი ხნის განმავლობაში დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით, ჯანგველაძის მკვლელობა დააორგანიზეს. ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას, როგორც შექმნილი დანაშაულებრივი ჯგუფის უპირობო ლიდერი, ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა. მისი მითითებით და დავალებით, ძმები დავით და გიორგი მიქაძეები, თავის მრივ დაუკავშირდნენ მათ მეგობარს და ნდობით აღჭურვილ პირს, გიორგი ჯოხაძეს, რომელსაც მკვლელობის ჩადენსი შესახებ გეგმა გაანდეს. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად დაგეგმილი შეკვეთილი მკვლელობის ჩასადენად, მათ მიერ მოძიებული იქნა, გიორგი ჯოხაძის დაცვის ყოფილი თანამშრომელი, გელა უძილაური. დანაშაულებრივი დაჯგუფების მიერ, ასევე იქნა მოპოვებული ინფორმაცია, ლევან ჯანგველაძის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ , რის შედეგადაც გელა უძილაურმა, 2025 წლის 14 მარტს, თბილისში , ჭავჭავაძის გამზირზე, შეკვეთით და ანგარებით მოკლა ლევან ჯანგველაძე, ხოლო მის თანმხლებ პირს იმავე ცეცხლსასროლი იარაღიდან სხეულის დაზიანება მიაყენა. მოცემულ საქმეზე ჩატარებულია მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ათეულობით ექსპერტიზა, გამოიკითხულია ათეულობით მოწმე, ამოღებულია არაერთი ნივთიერი მტკიცებულება და მსგავსი საქმეების გამოძიების სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაბამისი მტკიცებულებითი სტანდარტით, მოპოვებულია როგორც დანაშაულებრივი დაჯგუფების ხელმძღვანელის, ასევე მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ჩადენის მამხილებელი უტყუარი მტკიცებულებები. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ აღნიშნულ საქმეზე დანაშაულის უშუალო ამსრულებელი გელა უძილაური მკვლელობის ჩადენიდან მალევე დააკავეს. მის მიმართ მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და უძილაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმეზე ასევე დაკავებულები არიან გიორგი მიქაძე, მამუკა ბაღდავაძე, გიორგი კაჭკაჭაშვილი, ხოლო დავით მიქაძის და გიორგი ჯოხაძის მიმართ გამოცხადებულია ძებნა. ასევე დაკავებულია მათი ყოფილი მეგობარი, სანდრო წივწივაძე, რომლის სახელზეც იყო წარსულში რეგისტრირებული ლევან ჯანგველაძის მკვლელობის იარაღი. მითითებული ბრალდებულების მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს”, – განაცხადა დარაველიძემ.

მისივე თქმით, ოთარ ფარცხალაძის მიმართ საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება.

“რაც შეეხება დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელს, ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს: მას, პროკურორის მიერ გამოტანილი შესაბამისი დადგენილების მიხედვით, ბრალი ედება იმაში, რომ ჩაიდინა ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდების მხარე სასამართლოს ოთარ რომანოვ ფარცხალაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს და მის მიმართ გამოცხადდება საერთაშორისო ძებნა”, – განაცხადა დარახველიძემ.

ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატიმრობა უკვე მიუსაჯა.

ასევე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე.

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა – გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან.

ყოფილი გენპროკურორის სახელმა და გვარმა არაერთხელ გაიჟღერა “კანონიერიქ ქურდის” ძის მკვლელობის საქმეში.

პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.

banner
წინა სტატიაში7 დაკავებული და 12 დახურული ობიექტი – პროსტიტუცია აჭარაში
შემდეგი სტატიათიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში