ოთარ ფარცხალაძის კომპანიის საპარტნიორო ფონდის პროექტში მონაწილეობა კორუფციასთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, ოთარ ფარცხალაძის შემოსავლის წყაროსთან დაკავშირებით მისი ადვოკატის, მეორე მხრივ კი – საპარტნიორო ფონდის განცხადებები კორუფციასთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს.

უფრო კონკრეტულად, როგორც გიგაურმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ჩნდება შემდეგი კითხვა: საპარტნიორო ფონდის პროექტებში იმ კერძო კომპანიის თანამონაწილეობა, რომელიც ისეთ გავლენიან ყოფილ თანამდებობის პირს ეკუთვნის, როგორიც ოთარ ფარცხალაძეა, ხომ არ ხდება ობიექტური და სამართლიანი კრიტერიუმების საფუძველზე შერჩევის გარეშე.

“საპარტნიორო ფონდთან თანამშრომლობითა და ოთარ ფარცხალაძის კომპანიის მონაწილეობით 85 მილიონ დოლარიანი პროექტის განხორციელება ნამდვილად აჩენს კითხვებს კორუფციასთან დაკავშირებით. საპარტნიორო ფონდის პროექტებში იმ კერძო კომპანიის თანამონაწილეობა, რომელიც ისეთ გავლენიან ყოფილ თანამდებობის პირს ეკუთვნის, როგორიც ბატონი ფარცხალაძეა, აჩენს ეჭვს, რომ პარტნიორების შერჩევა ობიექტური და სამართლიანი კრიტერიუმების საფუძველზე არ ხდება.

ფარცხალაძის „როიალ დეველოფმენტში“ საქმიანობის პერიოდს ემთხვევა კომპანიის მიერ სახელმწიფოსგან მიწის მიღება საინვესტიციო პირობით, ასევე, საპარტნიორო ფონდთან თანამშრომლობა, რაც მათ შორის, ფონდის მხრიდან პროექტის თანადაფინანსებაშიც გამოიხატა. ასევე, საყურადღებოა, რომ ოთარ ფარცხალაძის კავშირი „როიალ დეველოპმენტთან“ ოფიციალური დოკუმენტებიდან ქრება მას შემდეგ, რაც ამ გარიგებაში მისი როლით ჩვენი ორგანიზაცია და მედიაც დაინტერესდა. ამის მიუხედავად, როგორც მისმა ადვოკატმა აღნიშნა, ოთარ ფარცხალაძის შემოსავლის წყარო კვლავაც აღნიშნული პროექტია, რაც კითხვის ნიშნებს უფრო მეტად აძლიერებს. ვინაიდან საპარტნიორო ფონდი სახელმწიფოს მიერაა დაფუძნებული და საჯარო რესურსს განკარგავს, ხოლო ოთარ ფარცხალაძე ყოფილი მაღალი თანამდებობის პირია, რომელიც წარსულში ბიზნესსაქმიანობით დაკავებული არ ყოფილა. ჩნდება კითხვა, რა როლი ჰქონდა მის გავლენას და ხელისუფლებასთან კავშირებს ამ გარიგების წარმატებაში?”, – განაცხადა გიგაურმა, რითაც ფარცხალაძის ადვოკატის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ყოფილი მთავარი პროკურორის შემოსავლის წყაროსა და კომპანია “Elbit”-ის თვითმფრინავების ნაწილების ქარხნის პროექტში მონაწილეობას ეხებოდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აღნიშნულთან დაკავშირებით შემდეგ ფაქტობრივ მონაცემებსაც უსვამს ხაზს: საავიაციო ნაწილების ქარხნის მშენებლობის შესახებ ცნობილი 2015 წლის გაზაფხულზე გახდა, როდესაც საპარტნიორო ფონდმა, ეკონომიკის სამინისტრომ და Elbit Cyclone-მა ხელი მოაწერეს პროექტს. ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული კომპანია “როიალ დეველოპმენტი” ამ პროექტში 2015 წლის ოქტომბრიდან. კერძოდ, 5 ოქტომბერს კომპანიამ სახელმწიფოსგან ის მიწა მიიღო, რომელზეც ქარხანა უნდა აშენებულიყო. საინტერესოა, რომ ოთარ ფარცხალაძემ 40%-იანი წილი ამ კომპანიაში ამავე პერიოდში, 2015 წლის 18 სექტემბერს შეიძინა. 2016 წლის 27 დეკემბრიდან “როიალ დეველოპმენტმა”, აღნიშნული მიწა საავიაციო ნაწილების ქარხანას გადასცა (JSC Aerostructure Technologies Cylone). 2016 წლის 11 აგვისტოს შემდეგ ოთარ ფარცხალაძე “როიალ დეველოპმენტში” აღარ ფიგურირებს. დატოვა, როგორც დირექტორის პოსტი, ასევე აღარ ფლობს წილებს.

banner
წინა სტატიაშისაუბრობენ, რომ ქართული ენა არ ვიცი, მაგრამ არ ახსოვთ, რომ ლავროვს ქართულად ველაპარაკე
შემდეგი სტატიაგარდაბანში, აქციის მონაწილეებმა და ჩინურმა მხარემ გარკვეულ საკითხზე მოლაპარაკებას მიაღწიეს