ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ოთარ ფარცხალაძე მზად არის, ნებისმიერ დროს ითანამშრომლოს გამოძიებასთან, საგამოძიებო ორგანოს მიერ საამისო საჭიროების მოთხოვნის შემთხვევაში, – ამის შესახებ აღნიშნულია ოთარ ფარცხალაძის ადვოკატის საგანგებო განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო წლებში ოთარ ფარცხალაძე ხდება სხვა და სხვა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან თავდასხმის ობიექტი და მის მიმართ მედია საშუალებებში ვრცელდება არაერთი აბსურდული განცხადება, რომელიც ძირითადად ეყრდნობა გავრცელებულ ცრუ ინფორმაციებს.

„ცრუ ინფორმაციები სურთ წარმოაჩინონ, როგორც დამტკიცებული ფაქტი და შესაბამისად, საზოგადოებას მიაწოდონ არარეალური ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის მიზანია, ოთარ ფარცხალაძის დისკრედიტაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, ოთარ ფარცხალაძის მხრიდან არ არსებულ არაფორმალურ მმართველობაზე საზოგადოების დარწმუნება. სიცრუეზე აგებულმა პიარკამპანიამ ბოლო პერიოდში მიიღო სისტემატური და ორგანიზებული სახე. ყველაფერი, რაც ბოლო პერიოდში მოისმინა საზოგადოებამ ფარსი და დადგმული სპექტაკლი რომ გახლავთ, ეს დადასტურდა კიდევაც, როგორც საზღვარგარეთ, ასევე საქართველოში ჩატარებული საექსპერტო კვლევებით, რომლებმაც ნათლად და მკაფიოდ გასცეს პასუხი გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ოთარ ფარცხალაძეს არანაირი შეხების წერტილი არ ჰქონია ოქუაშვილის მიერ გამოთქმულ ინფორმაციასთან და მზად არის, უპასუხოს ყველა კითხვას, რომელიც მის მიმართ შეიძლება არსებობდეს, მათ შორის ბიზნესზე, რომელსაც ლეგალურად აწარმოებდა.

„ყოველივე ზემოთქმულის ნათელი დადასტურებაა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ექვსი ოქტომბრის გადაცემაში გასული ინფორმაცია ოთარ ფარცხალაძის საცხოვრებელი სახლის შესახებ, რომელშიც აშკარად იკვეთება ფაქტების მიზანმიმართული და განზრახ დამახინჯებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. ცხადია, ეს გადაცემაც მათ შორის არის ერთიანი, ორკესტრირებული პიარკამპანიის შემადგენელი ნაწილი, რომელიც სიცრუის უტიფარი ტირაჟირებით მიზნად ისახავს ოთარ ფარცხალაძის პიროვნების საზოგადოების თვალში დემონირებას. მაგალითისათვის, აღნიშნული ე.წ. სიუჟეტის შემთხზველები ელემენტარულად ოთარ ფარცხალაძის საცხოვრებელი სახლის ქუჩის მისამართის განზრახ შეცვლასაც არ მოერიდნენ. ასევე სიცრუეა საცხოვრებელ სახლთან მიმართებაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა აღნიშნული მიწის ნაკვეთი ოთარ ფარცხალაძემ შეიძინა მოქალაქე სოსო (იოსებ) დოლიძისაგან და ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მოხდა ამ საკითხის დაკავშირება ერთ – ერთ სისხლის სამართლის საქმესთან, რაზეც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ეს ყველაფერი არის მტკნარი სიცრუე, რაც დასტურდება შესაბამისი ფაქტებით. ხაზი უნდა გაესვას, რომ აღნიშნული ნაკვეთი და მასზე არსებული თითქმის დასრულებული საცხოვრებელი სახლი (ე.წ. თეთრი კარკასის მდგომარეობაში) ოთარ ფარცხალაძემ 2017 წლის დეკემბერში შეიძინა მოქალაქე დავით მამულაიშვილისაგან, რომელიც მიწის ნაკვეთის რეალური მესაკუთრე გახლდათ და არა სოსო დოლიძისაგან. ეს ინფორმაცია არ არის კომერციული საიდუმლოება, საჯარო რეესტრის ამონაწერი ნებისმიერი პირისათვის ხელმისაწვდომია და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია, აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება შესაბამის ოფიციალურ ვებგვერდზე. სწორედ აღნიშნული გვაძლევს მყარ საფუძველს იმის მტკიცებისათვის, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები, ამ რეალობის უტიფრად იგნორირებით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ოთარ ფარცხალაძის დისკრედიტაციას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, ოთარ ფარცხალაძე მზად არის, ნებისმიერ დროს ითანამშრომლოს გამოძიებასთან, საგამოძიებო ორგანოს მიერ საამისო საჭიროების მოთხოვნის შემთხვევაში.

„აღვნიშნავთ, რომ უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით დეტალურ და ობიექტურ ინფორმაციას შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რათა ერთხელ და სამუდამოდ იცოდეს საზოგადოებამ სიმართლე, სიმართლე, რომელიც გარკვეულ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჯგუფებს მოუსპობს საშუალებას გაავრცელონ ცრუ ინფორმაცია”,- ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“ეს განცხადება არის ხელმოცარული და უნიათო ფაშისტის განცხადება” – ირაკლი კობახიძე ნიკა გვარამიაზე საუბრობს
შემდეგი სტატიავინც ხელს აფარებს ფაშისტს, თავადაც არის ფაშიზმის თანამონაწილე, სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შორისაც არიან