ოთარ კვირიკაშვილი-„ოქრუაშვილი მთელი ოპოზიციის მაგივრად ზის ციხეში, ოპოზიციამ კი ის გაწირა“

ოთარ კვირიკაშვილი- „ოქრუაშვილი მთელი ოპოზიციის მაგივრად ზის ციხეში, ოპოზიციამ კი ის გაწირა“

ფრანგულმა კვლევითმა ორგანიზაცია IPSOS-მა, ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ოპოზიციონერი ლიდერების ეფექტურობის კვლევა ჩაატარა, ამ კვლევის თანახმად პირველ ადგილზე ნიკა მელია გავიდა.

ოპოზიციის ლიდერების ჩამონათვალში ვერ მოხვდა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი. რომელიც ხელისუფლებას ციხეში ჰყავს გამოკეტილი. რატომ დარჩა თავდაცვის ყოფილი მინისტრი თამაშგარე მდგომარეობაში, ვის და რატომ ეშინია მისი?

_ ამ თემებზე „თაიმერს“ „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი ოთარ კვირიკაშვილი ესაუბრება.

_ფრანგულმა კომპანიის მიერ ჩატარებულ კვლევას, თქვენი მხრიდან პროტესტი მოჰყვა. თქვენ სოციალურ ქსელში პროტესტი გამოხატეთ იმის გამო, რომ ოპოზიციის ლიდერებს შორის ვერ მოხვდა ირაკლი ოქრუაშვილი. რატომ ვერ მოხვდა ის ამ სიაში და რატომ მიგაჩნიათ, რომ უნდა მოხვედრილიყო?

_ გავიმეორებ, რაც სოციალურ ქსელში დავწერე _ Ipsos-ის კვლევაში ირაკლი ოქრუაშვილის არ მოხვედრა, რბილად რომ ვთქვათ სასაცილოა. ირაკლი სწორედ იმიტომ ზის ციხეში რომ ყველაზე საშიში მოწინააღმდეგე იყო ბიძინასთვის. ამიტომ როცა ესა თუ ის ორგანიზაცია კვლევას ატარებს, ელემენტარული პოლიტიკური კონტექსტი მაინც უნდა გაითვალისწინოს ხოლმე, თორემ ყველა ოპოზიციური ლიდერის შესაძლებლობებს ვაფასებ ვინც იქ მოხვდა და რათქმაუნდა ნებისმიერი მათგანი იმსახურებს დაფასებას, მაგრამ თუ ვინმე იმსახურებს, პირეველ რიგში ეს ირაკლი ოქრუაშვილია, რომელმაც ერთ კვირაში ისე შეარყია და შეაშინა ივანიშვილი, სხვებს წლები რომ სჭირდებათ ხოლმე. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ეს კვლევა იმ ლიდერებს ეხებოდა, რომლებმაც საზოგადოებას 20 ივნისის სისხლიანი ღამიდან დაამახსოვრეს თავი. ვინმემ თუ დაამახსოვრა იმ ღამეს ხალხს თავი, ეს იყო „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი. არც ის დაგვავიწყდეს, რომ ლიდერებიდან 20 ივნისის საქმეზე მხოლოდ ირაკლი ჩასვეს და ის მხოლოდ იმიტომ დაიჭირეს, რომ ყველაზე ეფექტური ლიდერი იყო. ამ დროს ის კვლევაშიც კი ვერ ხვდება. ეს ცოტა უცნაურია.

არ მინდა ვინმეს პიროვნულად შევეხო. რამდენიმე მათგანი მართლა იმსახურებს ამ კვლევაში ლიდერის პოზიციაზე ყოფნას. მაგალითად ნიკა მელია და გიგი უგულავა,მაგრამ დავით უსუფაშვილი რატომ მოხვდა ამ სიაში არ მესმის. ვინ დაიჯერებს რომ მას შეუძლია ხალხის აყოლიება და ირაკლი ოქრუაშვილს არა.

ეს კვლევაც მიმყარებს იმ ეჭვს, რომელიც არაერთხელ გამოვთქვი _ ირაკლის ციხიდან გამოსვლა არც ხელისუფლებას აწყობს და არც ოპოზიციას.

-შემოდგომის აქციები რომ დაიწყო, ოპოზიციამ ერთხელ ახსენა მისი გვარი და პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოითხოვა. მერე ყველამ მიივიწყა.

_ არ მიკვირს ასე რომ მოხდა. ოპოზიციაში იცნობენ ირაკლის და იციან მისი ხასიათი. ის ან გაერიდება სიტუაციას, ან გამარჯვებისთვის იბრძოლებს. ის ხელისუფლებისთვისაც პრობლემა იქნება და ოპოზიციისთვისაც. პროცენტებზე არ შეევაჭრება ხელისუფლებას. ოპოზიციის ნაწილს კი უკვე მონიშნული აქვს ტორტის ნაჭრები, რომლებიც არჩევნებიდან უნდა მიიღონ. ვერც იმას ვიტყვი რომ ყველას არ უნდა ირაკლის გარეთ გამოსვლა. ბევრი გულწრფელად მოითხოვს მის გათავისუფლებას, მაგალითად შალვა ნათელაშვილმა მატროსოვის ციხესთან აქციაც კი გამართა ირაკლის გათავისუფლების მოთხოვნით, მაგრამ ბევრი ვალის მოხდის მიზნით ახსენებს მას.

ზოგიერთს მისი გვარის ხსენება თოქშოუებშიც კი არ უნდა. სხედან ტელევიზიებში, უსამართლობას აპროტესტებენ, უკანონო დაპატიმრებებზე ჩივიან და ამ დროს ოქრუაშვილს არ ახსენებენ. არც ნიკა მელიას და გიგი უგულავას მიმართ არიან დიდად სოლიდარულები. ხელისუფლებაც იმიტომ ბედავს ამდენს, რომ ხედავს ოპოზიცია არ არის ერთიანი. ამ დაქსაქსულობით „ოცნებამ“ იმდენს მიაღწია, რომ ირაკლი ციხეში გამოკეტა. მელია და უგულავა კი დატოვეს გარეთ, მაგრამ ორივე მათგანი ასე თუ ისე განეიტრალებულია. არადა ეს ის ლიდერები არიან, ვისაც ყველაზე კარგად შეუძლია ხალხის აყოლიება. არ მინდა რამენაირად დავაკნინო უსუფაშვილი, მაგრამ მაინც მიწევს მისი გვარის ხსენება. არ არის ეს კაცი ქუჩის ლიდერი და ვერ ვხსნი როგორ მოხვდა იმ კვლევაში. ბიძინამაც კარგად იცის მისი შესაძლებლობები და ამიტომაც არ ერჩის. იცის, ქუჩიდან მისი მხრიდან პრობლემები არ შეექმნება, თოქშოუებში კი ილაპარაკოს რამდენიც უნდა. ივანიშვილს გამოკვეთილი ლიდერების ეშინია. მათთან იმ თამაშს ვერ ითამაშებს, რა თამაშიც მას სურს.

_ ამ კვლევის მიღმა ოქრუაშვილის არ მოხვედრა, ნიშნავს თუ არა იმას, რომ ოპოზიციამ ის საბოლოოდ გაწირა?

_ ამ ეტაპზე ასეა. ოქრუაშვილი მთელი ოპოზიციის მაგივრად ზის ციხეში, ოპოზიციამ კი ის გაწირა. ახლა მე ამერიკის და ევროპის იმედი მაქვს. დასავლეთიდან თუ იქნება სათანადო ზეწოლა, „ოცნებას“ მოუწევს ირაკლის და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ვნახოთ რა იქნება, შეიძლება ოპოზიციაც გააქტიურდეს ამ თემაზე. ახლა მათი ქმედებებიდან ისე ჩანს, რომ ისინი იმ დათვის ტყავის გაყოფით არიან დაკავებული, რომელიც ჯერ არ მოუნადირებიათ.

 

ავტორი:შორენა მარსაგიშვილი 

banner
წინა სტატიაშიაჩო თუ გახჩო?-ვისი პოლიტიკური ვარსკვლავი ჩაქრა
შემდეგი სტატიამარტვილის მუნიციპალიტეტის მერია საახალწლოდ 22 ბენეფიციარს დაეხმარება