ოთარ კვირიკაშვილი: „ოპოზიციასთან შეხვედრისას არჩილ თალაკვაძემ ბიძინა ივანიშვილს აგინა“

მიუხედავად მძვინვარე პანდემიისა, დასავლეთმა საქართველოსთვის მოიცალა. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები „ქართულ ოცნებას“ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას სთხოვენ, რაც პოლიტპატიმრების განთავისუფლებასაც გულისხმობს. პოლიტპატიმრების თემაზე მმართველი პარტია ძალიან მწვავედ რეაგირებს და დასავლეთიდან მიღებული წერილების გამო ახლაც ძალიან გამწარდა.
რატომ ჭიანურდება პოლიტპატიმრების განთავისუფლება, რა თქვა თალაკვაძემ ივანიშვილზე, რის იმედი ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ – ამ საკითხებზე „თაიმერს“ „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ოთარ კვირიკაშვილი ესაუბრება:

-ბოლო ერთი კვირაა, რაც „ქართულ ოცნებას“ არ უმართლებს: დასავლეთიდან წერილი წერილზე მოდის, უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ სააკაშვილი მაღალ თანამდებობაზე დანიშნა. ამ ყველაფერზე მმართველ პარტიას ძალიან უცნაური რეაქცია აქვს. რას იტყოდით ამასთან დაკავშირებით?
-უკვე ძალიან არაადეკვატურები არიან. სხვა ახსნა არ აქვს იმ განცხადებებს, რომლებსაც ერთი კვირაა უკრაინასთან მიმართებაში აკეთებენ, ხოლო დასავლეთიდან მოსულმა წერილებმა, რომელთა ავტორებიც პოლიტპატიმრების განთავისუფლებას ითხოვენ, ისინი სულ გამოიყვანა მწყობრიდან. დასავლეთი უკვე ღიად აცხადებს – 8 მარტს მიღწეულ შეთანხმებას არღვევთო. ამათ იმედი ჰქონდათ, რომ კორონავირუსის პანდემიის ფონზე საქართველოს პოლიტპატიმრები ყველას დაავიწყდებოდა. ბიძინა ივანიშვილმა, როგორც ყოველთვის, გადაწყვიტა, რომ ახლაც მოატყუოს დასავლეთი, მაგრამ ამჯერად არ გამოსდის. დასავლეთმა შეურაცხყოფილად იგრძნო თავი და არა მგონია, რომ შემთხვევითი იყოს წერილების ერთბაშად მოსვლა. კოორდინირებულია ეს ყველაფერი, რადგან მანამდე იყო აშშ-ს საელჩოს და ევროკავშირის ელჩის განცხადებები. მე ვფიქრობ, რომ საქართველოში აშშ-ს ახალი ელჩი ძალიან კარგად მუშაობს. დასავლეთი უკვე გეგმაზომიერად უტევს ივანიშვილს და მკაცრ გაფრთხილებებს აძლევს. მას დაანახეს, რომ არავის დავიწყებია საქართველო და აქ მიმდინარე პროცესებს გამადიდებელი ლუპით უყურებენ. „ქართული ოცნების“ ლიდერი თუ გონს არ მოეგება, სანქციებიც არ დააყოვნებს. საკონსტიტუციო ცვლილებების პირველ მოსმენამდე ბევრი აღარ დარჩა. ახლა ცდილობენ, რომ ეს პირველი მოსმენა რაც შეიძლება გაჯანჯლდეს და დროში გაიწელოს. იმ დღეს ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ მაინც მოვასწრებთ ოქტომბრამდე ამ ცვლილების მიღებასო.
-თუ მაინც უნდა მიიღონ, რაღას აჯანჯლებენ?
-მათ ვალდებულება აქვთ აღებული, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველ მოსმენამდე გამოუშვან პოლიტპატიმრები. ამის გაკეთება არ უნდათ და ყველაფერს აკეთებენ, რომ მათ რაც შეიძლება გვიან დატოვონ საპატიმრო დაწესებულებები. ჰგონიათ, რომ ოპოზიცია რეიტინგის აკრეფას ვერ მოახერხებს, ამით კი „ოცნება“ ისარგებლებს და იხეირებს. გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი სერიოზული ფიგურები არიან. მათი საარჩევნო კამპანიისას გამოშვება ძალიან დააზარალებს „ოცნებას“. ამიტომ ცდილობენ, რაც შეიძლება გვიან გამოუშვან ისინი. დღეს იქნება თუ ხვალ, მაინც მოუწევთ მათი გამოშვება. სადღაც 20 დღეში უნდა იყოს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა და სადღაც ამ პერიოდში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება.
-ბოროტი ხმები ამბობენ, რომ შეიძლება 26 მაისისთვის მოხდეს მათი შეწყალება. ამაზე თუ გსმენიათ რამე?
-თარიღების დასახელება არ მინდა. ფიზიკურად ვერ გაექცევიან პოლიტპატიმრების განთავისუფლებას. არჩილ თალაკავაძე ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსს მიმართავს – ჩვენ არ ვერევით მართლმსაჯულებაშიო და ამისკენ რატომ მოგვიწოდებთო. ყველაფერი კარგად და ნორმალურად დალაგდება იმ შემთხვევაში, თუ პოლიტპატიმრებს სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს. მან ეს საკუთარი ინიციატივით უნდა გააკეთოს, ირაკლი შეწყალებას არ მოითხოვს.
-უგულავას ადვოკატმა უკვე მიმართა პრეზიდენტს შეწყალების მოთხოვნით.
-ორივეს შეწყალება შეუძლია, თან ამით ხელისუფლებაც მშრალად გამოვა და ისე გამოჩნდება, რომ მართლმსაჯულებაში თითქოს არ ჩარეულა. როგორც ვატყობ, არ უნდათ ამის გაკეთება და რაღაცებს მიედ-მოედებიან, რაზეც პასუხს აგებენ.
-ვერ აცნობიერებენ საფრთხეს? აშკარაა, რომ დასავლეთი არ გაატარებს ამ ამბავს.
-ასე იმიტომ იქცევიან, რომ მათთვის დასავლეთი აღარ იყო პრიორიტეტი. „ქართული ოცნება“ ეკონომიკურად ძირითადად რუსეთზე და ჩინეთზე იყო მიბმული. განცხადებებით უჭერდნენ დასავლეთს მხარს. მერე უკვე ღია ანტი-დასავლური ნაბიჯები გადადგეს – მოაწყვეს გავრილოვის ღამე, ჰყავთ პოლიტპატიმრები, ჩააგდეს ანაკლიის პორტის პროექტი. დასავლეთმა ამაზე თვალი არ დახუჭა, კლანჭები გამოაჩინა და „ოცნება“ თავის ადგილზე მოსვა. ესენი ჯერ კიდევ აზრზე ვერ მოდიან თუ რა დღეში არიან.
სააკაშვილის უკრაინაში დანიშვნასთან დაკავშირებით დაწყებული ისტერიკით კი თავი დაიმცირეს. იმხელა პოლიტიკა კეთდება და აქ მათიკაშვილ-კუჭავები ბოდავენ რაღაცეებს. მდინარაძე ყავის მომდუღებლად მიიჩნევს მიშას, არადა გაგებული მაქვს, რომ სწორედ ეგ იყო ზურაბ ადეიშვილის ყავის მომდუღებელი. პოლიტპატიმრების თემაზე უკან ვერ დაიხევენ, თავად პოლიტპატიმრები კი ციხეს დატოვებენ როგორც გმირები. მათ „გაშავებასაც“ ვერ შეძლებს „ქართული ოცნება“.
-რატომ გგონიათ რომ ვერ „გააშავებენ“?
– ფეისბუქმა კოკა ყანდიაშვილის ტროლების ფაბრიკა დახურა და ძალიან ცუდ დღეში არიან ახლა. როგორც იტყვიან – საითაც გაიქცნენ, იქით წაიქცნენ. მას შემდეგ, რაც ბიძინამ ტიკ-ტოკისთვის იცეკვა, ყველა მიმართულებით უკან უკან წაუვიდა საქმე. როგორც უკვე ვთქვი, პოლიტპატიმრები გმირებად გამოვლენ, ბიძინა კი ტიკ-ტოკის ვარსკვლავად დარჩება და თანაც შეიძლება სანქციებსაც გამოჰკრას ხელი.
-ვერ აცნობიერებს ბიძინა თუ რა ხდება მის თავს?
-არა მგონია, რომ ვერ აცნობიერებდეს. უტვინო კაცი ნამდვილად არ არის. უბრალოდ, ის გასული საუკუნის 90-იან წლებშია ჩარჩენილი. ფიქრობს, რომ ვერაგობით და გაიძვერობით გავა ფონს. ამასთან ერთად არის ჯიუტი. გავიხსენოთ, როგორ გადაწყვიტა მარიხუანას დათესვა. ამბობდა, 4 მილიარდის ამბავია და “მიაწვა” ეკლესიას, რომელიც ამ პროექტს კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. ეკლესია დათმობაზე არ წავიდა და ბიძინას მოუწია უკან დახევა. ამის შემდეგ მან ეკლესიის დისკრედიტაცია დაიწყო. ერთი სული ჰქონდა, ზიარებიის შედეგად ვინმე დაინფიცირებულიყო. ეს რომ მომხდარიყო, საპატრიარქოზე დაიწყებოდა შტურმი და ივანიშვილი ეგრევე დათესავდა მარიხუანას.
გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან სულ ვერაგობით აღწევს ყველაფერს. პოლიტპატიმრების თემის მოგვარებაც ასე სურდა. ეგონა, ოქრუაშვილი შეწყალებას მოითხოვდა, მაგრამ ირაკლი მაგრად დაუხვდა. დასავლეთი დაჟინებით ითხოვს პოლიტიკური ნიშნით დაკავებულების განთავისუფლებას. ბიძინა თავის დაგებულ ხაფანგში გაება. ეს არ დაემართებოდა, ორი წიგნი მაინც რომ ჰქონოდა წაკითხული.
-ერთი ნამდვილად აქვს წაკითხული, ნიცშეზე.
-ნიცშეს ეკამათება. მე ისეთ წიგნებს ვგულისხმობ, სადაც წერია თუ როგორ ამთავრებენ ცხოვრებას ვერაგი ადამიანები.
-ბიძინას მოვეშვათ და არჩილ თალაკვაძის საპასუხო წერილზე მინდა გკითხოთ, რომელიც მან კუბილიუსს გაუგზავნა. რას ფიქრობთ ამაზე?
-ისეთ დღეში არიან, ძნელია ადეკვატურობა მოსთხოვო. ასეთი წერილებით ცდილობენ მხარდამჭერებზე მანიპულირება მოახდინონ. მის გარდა „ოცნების“ სხვა წევრებიც წერენ წერილებს, სადაც ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ ევროპარლამენტარი უკიდურესად არაკომპეტენტურია. ასეთი წერილებით ბიძინასაც ატყუებენ. „ოცნების“ კულუარებიდან გამოჟონა ინფორმაციამ, რომ არჩილ თალაკვაძე მართლა აგინებდა ბიძინას. ამის შესახებ მედიაშიც გაიჟღერა. დაუჩივლია : ვერაფერი შევაგნებინე მაგ კაცს, ერთ დღეს ასეთ ხასიათზეა, მეორე დღეს კი ისეთზეო.
– ალასანიამ ეგეთი რაღაც ჯერ კიდევ როდის თქვა. ჯერ ხელისუფლებაში არ იყო „ოცნება“ მოსული ეს ჩანაწერები რომ გამოქვეყნდა, სადაც ალასანია გაოგნებული ჩიოდა, დღეს ვაშინგტონში წასვლას მთხოვს, ხვალ ბრიუსელში და მე რა გავაკეთოო?
-დაახლოებით ასეთივე საუბარი ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარეს ოპოზიციის ლიდერებთან. ეს შეხვედრები ჩვენი დასავლელი პარტნიორების ორგანიზებით შედგა. ალასანიასავით გამოუვიდა, პოზიციებს იცვლის და მე რა გავაკეთოო… შეიძლება შეაგინა კიდევაც ბიძინას, მე იქ არ ვყოფილვარ და დეტალები არ ვიცი. ფაქტია, რომ ოპოზიციასთან „კარგო კაცის“ როლს თამაშობდა. ახლა ევროპელებს წერილებს სწერს და ბიძინას აწონებს თავს. ივანიშვილმა ისეთი გარემოცვა შეარჩია, რომელიც შორს არ იყურება და მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორმე იმ მომენტში გადაირჩინოს თავი

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიდავით ფაცაციამ თანამშრომლებთან მორიგი ინტერნეტ-სამუშაო შეხვედრა გამართა
შემდეგი სტატიამაია ბუწაშვილი – შეზღუდვების მოხსნა ისე არ უნდა გაიგოს ხალხმა, თითქოს სრული თავისუფლებაა