ოთარ კვირიკაშვილი: „ოცნებას“ უნდა, რომ ოქრუაშვილმა სალომე ზურაბიშვილს სთხოვოს შეწყალება

პოლიტპატიმრების განთავისუფლებაზე ოპოზიციის გაუაზრებელი კუნტრუში 13 აპრილს სასამართლომ დაასრულა. 20 ივნისის საქმეზე სასამარლომ ირაკლი ოქრუაშვილს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა, არადა ოპოზიცია მარტში გამარჯვებას ზეიმობდა და ამტკიცებდა, რომ სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად, ოქრუაშვილიც გარეთ გამოვაო.
რამ გამოიწვია ასეთი განაჩენი; რა ჩაიფიქრა „ქართულმა ოცნებამ“; რას მალავს და რა თამაშს თამაშობს ოპოზიცია – ამის შესახებ „თაიმერს“ „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი ოთარ კვირიკაშვილი ესაუბრება:

– სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს 20 ივნისის საქმეზე 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ელოდით ასეთ განაჩენს?
– ასეთი განაჩენი არანაირ ლოგიკაში და ჩარჩოში არ ჯდება. მათ არც ფაქტები და არც მტკიცებულებები ჰქონდათ ირაკლის წინააღმდეგ. მემონტაჟის გაკეთებული „მტკიცებულების“ გარდა ფაქტიურად არაფერი ჰქონიათ. ამათი ხასიათიდან გამომდინარე მაინც ველოდებოდი, რომ რაღაც არაორდინალურ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ. მოდით რეალობას თვალი გავუსწოროთ და ვთქვათ, ახლა ირაკლის გარეთ ყოფნა არავის აწყობს.
– „არავისში“ ვის გულისხმობთ?
– პოზიციასაც და ოპოზიციასაც. მოდით ვთქვათ სიმართლე, დღეს ოპოზიციას ძალა არ გააჩნია, ირაკლის ციხიდან გამოსვლა კი მთლიანად შეცვლიდა დღის წესრიგს. ამათ უკვე გადანაწილებული აქვთ თავისი წილი იქედან, რაც მათ ხელისუფლებამ გამოუყო.
არაერთხელ მისაუბრია ირაკლისთან სამომავლო გეგმებზე. ერთხელ მან მითხრა, მე რამდენიმე მანდატზე არასდროს დავიწყებ ვაჭრობასო, ხოლო პოლიტიკაში მოვდივარ იმისთვის, რომ მოვახდინო ცვლილებებიო. პროცესებს ირაკლი გლობალურად უყურებს, ხოლო ოპოზიციონერებისთვის საკმარისია ერთი ან ორი მანდატი. როდესაც ადამიანს ამბიცია და დიდი მოთხოვნილებები არ გაგაჩნია, იგი ყოველთვის ვაჭრობს. დიდი ამბიციები ვისაც აქვს, ის ერთი ან ორი მანდატისთვის არასდროს დაწვრილმანდება. ირაკლის დიდი ამბიციები ჰქონდა და აქვს, ამიტომაც არ ჯდებოდა არავის დღის წესრიგში.
არ მინდა ყველას ერთ ტაფაზე მოხრაკვა, რადგან გამონაკლისებიც არიან, მაგრამ ძირითადი ნაწილი თავს მშვენივრად გრძნობს. თუნდაც ამის გამო ვფიქრობდი, რომ საქმეს იმ ფრანგ პენსიონერამდე მიიყვანდნენ.
– სალომე ზურაბიშვილი გყავთ მხედველობაში?
– დიახ.
– „საქმის ფრანგ პენსიონერამდე მიყვანაში“ რას გულისხმობთ?
– ხელისუფლებაში იმედი აქვთ, რომ ოქრუაშვილი პრეზიდენტს მიმართავს შეწყალებით და მერე ციხიდან გამოვა რეიტინგ დაკარგული. ფიქრობენ, რომ ასე დაუგდებენ მას რეიტინგს და დაიყვანენ რიგითი ოპოზიციონერის დონეზე.
ხელისუფლება ირაკლისთვის 5–წლიანი პატიმრობის მისჯით არ დაკმაყოფილდება. ახლა ხელისუფლების წარმომადგენლები სარგებლობენ იმით, რომ დასავლეთს თავისი პრობლემები აქვს – მთელი მსოფლიო კორონას ებრძვის. ამ დროს „ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაც გადასწია და არ გამოვრიცხავ, რომ ჩააგდოს. ისინი იმედოვნებენ, რომ ამერიკა და ევროპა მთლიანად კორონაზე იქნება გადართული. ამასობაში, ესენი კიდევ ერთხელ ჩააგდებენ ცვლილებებს და არც 120/30-ზე პრინციპს მიიღებენ. შესაბამისად, არჩევნები ძველი სისტემით ჩატარდება.
– წავლენ ამაზე?
– ამასაც იკადრებენ. ამერიკამ თუ ვერ მოიცალა, ყველაფერზე წავლენ. ჯერჯერობით დასავლეთს ჩვენთვის არ სცალია. ეს საგანგებო მდგომარეობა კიდევ თუ გაწელეს მაისის შუა რიცხვებამდე, კაცმა არ იცის რას იკადრებენ. ამის პარალელურად გაჩაღებული აქვთ წინასაარჩევნო კამპანია და პიარი.
–თქვენ თქვით, რომ ირაკლი არავის დღის წესრიგში არ ჯდებოდაო. ეს მისი დაკავების დღიდან გამოჩნდა. ერთი ხეირიანი აქციაც კი არ გამართულა მისი გათავისუფლების მოთხოვნით. როდესაც დაკავებულებზე საუბრობდნენ, ოქრუაშვილის გვარს ლამის გაზით ვაძრობდით პირიდანო.
– მე არ მიკვირს ასე რომ მოხდა. ირაკლი როგორც კი ხელახლა შემოვიდა პოლიტიკაში, ხელისუფლების ისეთი დაბომბვა დაიწყო, ვიღას ახსოვდა დანარჩენი ოპოზიცია. მას ზოგი ლანძღავდა, ზოგი დასცინოდა, მაგრამ ყველა მასზე საუბრობდა. ის იყო მთავარი თემა და ქმნიდა დღის წესრიგს.
– სანამ ოფიციალურად მოვიდოდა პოლიტიკაში, მაშინაც კი სერიოზული წივილ-კივილი მოსდევდა მის განცხადებებს.
– მისი ნებისმიერი განცხადება იყო რეზონანსული. ეს კარგად დაინახა ოპოზიციამ. ასე ვთქვათ, ყველამ იცის თავისი ბაგაჟი. ამიტომ არავის მოსწონდა მისი აქტიურობა და პოლიტიკაში ყოფნა. უგულავას დაკავების შემდეგ, ოპოზიციამ დაიწყო ხმაური. მიხვდნენ, რომ ივანიშვილს შეიძლება ნებისმიერი მათგანი ჩაეგდო ციხეში. მარტო უგულავას ხსენება ულამაზო გამოვიდოდა, ამიტომაც დაიწყეს ოქრუაშვილის გვარის ხსენებაც. მისი გულშემატკივრები რომ ყოფილიყვნენ, ამას ივლისში და აგვისტოში ვნახავდით.
დავიჯერო, ვერ მიხვდნენ, რომ ხელისუფლებასთან გაფორმებული შეთანხმება არ შესრულდებოდა? როგორ დავიჯერო, რომ ირაკლის განთავისუფლების პირობა დადეს და მერე ერთ თვეში 5 წელი მიუსაჯეს? პირდაპირ გვითხრან თუ რაზე იყო იქ საუბარი. ის არგუმენტიო არ მიიღება, რომ „ვერ ვილაპარაკებ, რაზეც დახურულ შეხვედრაზე იყო საუბარი“. არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე თუ საუბრობენ, ამათ რა ფიცი აქვთ ასეთი დადებული? თქვან სიმართლე?! იქ აშკარად სხვა რამე მოხდა. იმ შეხვედრებს ყველა ოპოზიციონერი არ დასწრებია და შეიძლება რაღაცას გვიმალავენ. ეს ბოლომდე არ დაიმალება და ამის გამო ხალხი არჩევებზე გასცემს პასუხს. ხალხი იმაზეც გასცემს პასუხს, რომ მთელი პოზიცია-ოპოზიცია ეკლესიას რომ ლანძღავს, თითქოს ეკონომიკა დალაგებული იყოს და პოლიტპატიმრები არ გვყავდეს.

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშისაერთაშორისო სავალუტო ფონდი პოზიტიურად აფასებს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს მოქალაქეებისა და კერძო სექტორის მხარდასაჭერად
შემდეგი სტატიათენგიზ ცერცვაძე – რაც უფრო მკაცრად დავიცავთ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებს, პიკს მით უფრო ჩქარა გავივლით, საგანგებო მდგომარეობაც მოიხსნება და ეკონომიკაც გაცოცხლდება