ოთარ კვირიკაშვილი: „კობახიძეები და თალაკვაძეები ივანიშვილს ლუკმაპურის გარეშე დატოვებენ“

ხელისუფლების პირველი პირები ჯერ იმას ამტკიცებდნენ, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან და არავის არ გავათავისუფლებთო. დასავლეთის ჩარევის შემდეგ მოუწიათ პოლიტპატიმრების გათავისუფლებამ  და ახლა იმას ამტკიცებენ, რომ მათი გათავისუფლება ოპოზიციას არ სურდა. ასეთი განცხადება სოზარ სუბარმა გააკეთა.

რატომ არ აქვს სუბარს პოლიტპატიმრებზე საუბრის უფლება. რას ნიშნავს დასავლელი პარტნიორების ლანძღვა-გინება, ვის ჭკუაზე დადიოდა ივანიშვილი? – ამ თემებზე „თაიმერს“ „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი ოთარ კვირიკაშვილი ესაუბრება.

– ოთარ, პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე უამრავი უცნაური ვერსია მოვისმინეთ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან. სოზარ სუბარმა კი ყველას აჯობა. მისი მტკიცებით, ოპოზიციას უნდოდა რომ ოქრუაშვილი და უგულავა ციხეში დარჩენილიყვნენ და ხელისუფლებამ ეს არ დაუშვა.

– თავიდან ეს განცხადება რომ წავიკითხე  მეგონა რაღაც იუმორისტული გვერდი იყო. ვერ ვიჯერებდი რომ სერიოზულად შეეძლო ვინმეს ასეთი რამის თქმა. ზოგადად სუბარის განცხადებებზე კომენტარების გაკეთება დიდად არ მხიბლავს. ამის მიუხედავად რაღაცების გახსენება მომიწევს. 2011 წელს, როცა ირაკლი ოქრუაშვილმა „ქართული პარტია“ შექმნა სოზარ სუბარიც ჩვენთან იყო.  ახლა ამბობს, ჩემი ნება რომ ყოფილიყო, უგულავას და ოქრუაშვილს არ გამოუშვებდიო. წლების წინ ოქრუაშვილის გადმოყრილ ნამცეცებზე რომ იყო, მაშინ კარგი იყო ირაკლი? მაშინაც კარგი იყო ირაკლი, როცა სუბარი მისი რეიტინგით ცდილობდა ხელისუფლებაში მოსვლას. ასე არ შეიძლება პოზიციებს ცვლა.

– სუბარს ბევრჯერ გამოუყენებია ხელისუფლებაში მოსასვლელად ბევრის რეიტინგი. ბევრი პარტია აქვს გამოცვლილი.

– კი ბატონო, მაგრამ ოპოზიციის ლიდერად მას შემდეგ აღიარეს, რაც „ქართულ პარტიაში“ შემოვიდა და ეს ირაკლის დამსახურებაა. მე არ ვამბობ რომ სუბარს არ ჰქონდა უფლება ოქრუაშვილს დაპირისპირებოდა, მაგრამ ყველაფერს ხომ საზღვარი აქვს. ადამიანი ასეთი უმადური არ უნდა იყო. როცა ირაკლი უყრიდა ნამცეცებს მისკენ იყო და ახლა როცა ბიძინამ გადმოუყარა, სხვანაირად ჭიკჭიკებს. საერთოდ არასერიოზული კაცია და მის განცხადებაზე კომენტარის გაკეთება არ ღირს.

– გასაგებია რომ არასერიოზული კაცია, მაგრამ ეს არასერიოზული კაცი ხელისუფლებას წარმოადგენს.

– ის სახედაკარგული ხელისუფლების ერთ-ერთი სახეც არის. ასეთი ადამიანები რომ არიან ხელისუფლებაში, ამიტომაც არის ამ ქვეყნის საქმე ცუდად. კიდევ უფრო სამწუხაროა ისაა, რომ სუბარი ამ ხელისუფლებაში ბევრზე ჭკვიანია.

ივანიშვილს აქვს ასეთი სტილი – თავის გარშემო სახედაკარგული და მოღალატეები სჭირდება. მას შემდეგ რაც ირაკლი ალასანია ოპოზიციაში წავიდა, რამდენიმე მისი თანაპარტიელი ბიძინასთან დარჩა. ვიქტორ დოლიძე, ზურაბ აბაშიძე, თეა წულუკუანი. სულ ასეთ ხალხზე დგას ივანიშვილი. დააწინაურა ასეთები.

– რაში შჭირდება  ასეთიო ხალხი?

– ასეთი ადამიანები ყოველთვის ცდილობენ, რომ ახალ პატრონს ერთგულება დაუმტკიცონ. ივანიშვილმა ისეთი სურათი დახატა, თითქოს ყოფილი მტრები დაიყენა გვერდზე. ძველადაც ხშირად ხდებოდა ასე. ადრე მმართველები ფიქრობდნენ, რომ მთავარია მტერი დაიყენო გვერდზე და ყველა გიერთგულებს. ამ კუთხით ჭკვიანი გამოდგა. მის გვერდით ყველაზე ზნედაცემული და გარეწარი ადამიანები არიან. ახლა ისინი უზნეობებით ამტკიცებენ პატრონისადმი ერთგულებას.

–  პოლიტპატიმრებს და ოპოზიციას რომ ლანძღავენ კიდევ გავიგე, მაგრამ ჩვენ დასავლელ პარტნიორებს რომ აგინებენ ერთ ხმაში. ეს რაზე მიანიშნებს? გაატარებს დასავლეთი ამას?

– ესენი საერთოდ ვერ ითვალისწინებენ საერთაშორისო კონტექსტს. ამაყობენ თავისი საზღვარგარეთული განათლებით. განსაკუთრებით კობახიძემ და თალაკვაძემ წაგვჭამეს ტვინი. წარმოდგენა არ აქვთ რა არის დასავლური ღირებულებები. მე არ ვიცი რას სწავლობდნენ ისინი იქ.

– დასავლეთში განათლების მიღება არ ნიშნავს დასავლური ღირებულებების ათვისებას. კიმ ჩენ ინი შვეიცარიაში სწავლობდა, მაგრამ ვერ არის პირსისხლიანი დიქტატორი?

– კიმ ჩენ ინი ისეთ ქვეყანას წარმოადგენს, რომ იქ სხვანაირად ვერ იქნებოდა. ის პირდაპირ დიქტატორად დასვეს. ის დიდი ქვეყნის მმართველია, ლამის 2 მილიონიანი არმია დგას მის უკან.  ამათ რისი იმედი აქვთ ვერ ვხვდები. თალაკვაძეები და კობახიძეები იმდენს იზამენ ივანიშვილს ლუკმაპურის გარეშე დატოვებენ. დასავლეთი ბიძინას ძალიან მარტივად დაუწესებს ფინანსურ სანქციებს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აზრზე არ არიან რა არის საერთაშორისო კონტექტი.

სულ ახლახანს სამარცხვინო რამე ჩაიდინეს,  შესეულები იყვნენ აშშ-ს საელჩოს, ჯიმ რიშის და კუბილიუსის გვერდებს. სრულ სისულელეებს უწერდნენ, აგინებდნენ და ლანძღავდნენ.

ამათ რა ჰგონიათ რომ კუბილიუსი და რიში „ოცნების“ დეპუტატებივით ვიღაცებმა ნიჩბით აიღეს და სენატსა და ევროპარლამენტში დადეს? სანამ იქ მოხვდებოდნენ ძალიან დიდი გზა გაიარეს. დასავლეთში პოლიტიკა სხვანაირად კეთდება. იქ პოლიტიკოსობა ვაზელინისგადასხმას და მლიქვნელობას არ ნიშნავს. მათიკაშვილების მსგავს ადამიანებს, იქაურ პოლიტიკაში არავინ გააჭაჭანებს.

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა და მხარდამჭერებმა რაც იკადრეს, ამას დასავლეთი არ გაატარებს. ამ ლანძღვას ისინი პირად შეურაცხყოფად მიიღებენ. კობახიძეს და თალაკვაძეს ამ თავხედობას არავინ აპატიებს. პასუხი ივანიშვილსაც მოეთხოვება. ყველამ იცის, რომ ისინი მის დავალებას ასრულებდნენ.

– ისინი ივანიშვილის ნებართვის გარეშე ნაბიჯსაც არ გადადგამდნენ, მაგრამ ამბობენ, რომ მათ შთააგონეს ივანიშვილს არ გაეთავისუფლებინა პოლიტპატიმრები. „ოცნების“ კულუარებში იმასაც ყვებიან, რომ თალაკვაძის  ე.წ კლასტერმა დაარწმუნა ივანიშვილი, რომ შარშან  პროპორციულ წესზე გადასვლა ჩაეგდოთ.

– არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი და დავით მათიკაშვილი ერთი გუნდია. მათ „ოცნების“ სხვა დეპუტატებისგან განსხვავებით ხშირი კონტაქტები აქვთ ბიძინა ივანიშვილთან. ძალიან ცუდად იქცევიან და „ოცნების“ მხარდამჭერებსაც კი შეაძულეს ტავი.ისინი არც გუნნდში უყვართ. ეს იცით როგორი ხალხია? ბავშვობაში ეზოშიც რომ არ ჩასულან სათამაშოდ და ამის გამო დაბოღმილები არიან. არ იციან სად წაიღონ თავიანთი ბოღმა და გარშემო ყველას ჩირქს სცხებენ.

ახლა ცდილობენ დაგვარწმუნონ რომ სალომე ზურაბიშვილმა მათგან დამოუკიდებლად მიიღო პოლიტპატიმრების შეწყალების გადაწყვეტილება. არავინ დაიჯერებს, რომ სალომე დამოუკიდებელი პრეზიდენტია. ეს კობახიძეები და თალაკვაძეები იყვნენ გამოჭიმული მის საარჩევნო ბილბორდებზე და 48-ს გაიზახოდნენ.

– სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ოპოზიციის ერთი ნაწილი აპირებს აქციის მოწყობას. ისინი მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტმა კრიმინალები შეიწყალა. მათი აზრით ოქრუაშვილი და უგულავა კრიმინალები არიან.

– მე ამათ ოპოზიციას ვერ დავარქმევდი. ისინი არიან ივანიშვილის მიერ მართული ოპოზიციის წარმომადგენლები. ახლა ცდილობენ რომ ბიძინას თვალში მოხვდნენ, რათა მისგან რაღაც სარგებელი მიიღონ.

შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიპრემიერის მრჩეველი – ვიზიარებთ იმ საერთაშორისო სულისკვეთებას, რაც თანასწორობისკენ სწრაფვას გულისხმობს
შემდეგი სტატიაზუგდიდში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა