ოთარ კახიძე – „გახარიას დანიშვნის შემდეგ, ნამდვილად დაიწყო მეტი აღრიცხვიანობა, გადადგა ნაბიჯები, რომ დანაშაულის რეგისტრაცია მომხდარიყო, რასაც არ აკეთებდნენ მისი წინამორბედები“

დეპუტატმა ოთარ კახიძემ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გამოქვეყნებული, 2018 წლის რეგისტრირებულ დანაშაულის სტატისტიკაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მას შემდეგ რაც გიორგი გახარიაა შინაგან საქმეთა მინისტრი, დანაშაულის აღრიცხვიანობა ხდება, რასაც არ აკეთებდნენ მისი წინამორბედები. დეპუტატმა ის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრებიც ჩამოთვალა, რომლებიც სტატისტიკით მანიპულირებდნენ. ოთარ კახიძის თქმით, როდესაც პოლიციელს აქვს მითითება, რომ ისეთი დანაშაული როგორიც არის ქურდობა, არ დამალონ, ეს იწვევს სტატიკური მონაცემების ზრდას ამ მიმართულებით. მისი განცხადებით ოჯახში ძალადობის შემთხვევების მატება საზოგადოების გაზრდილ ცნობიერებას და შედეგად პოლიციისადმი გაზრდილ მიმართვიანობას უკავშირდება.
„აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ბატონ გიორგი გახარიას დანიშვნის შემდეგ, ნამდვილად დაიწყო მეტი აღრიცხვიანობა. გადადგა ნაბიჯები, რომ დანაშაულის რეგისტრაცია მომხდარიყო, რასაც არ აკეთებდნენ მისი წინამორბედები. თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ მისი წინამორბედები “ქართული ოცნების” გუნდის წევრები იყვნენ. როგორც მღებრიშვილი, ისე ჭიკაიძე, მანამდე ღარიბაშვილი, რომელმაც 2013 წელს დაიწყო სტატისტიკის გაყალბება. სტატისტიკის გაყალბება დასჭირდათ იმის გამო, რომ სრულიად გაუაზრებელი და მოუმზადებელი ფართომასშტაბიანი ამნისტიის შედეგად, ბუნებრივია დაიწყო კრიმინალის მკვეთრი ზრდა, რამაც ასახვა ჰპოვა სტატისტიკაში და როდესაც ნახეს, რომ 2012 წლის მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად აღემატებოდა 2013 წლის მონაცემები, დაიწყეს უკვე სტატისტიკით მანიპულირება. ღარიბაშვილმა გაყალბება დაიწყო, ხოლო მღებრიშვილმა საერთოდ დახურა სტატისტიკა, საერთოდ აღარ აქვეყნებდა.
მე აგიხსნით ახლა, ამ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში რა მიუთითებს აღრიცხვიანობის გაუმჯობესებაზე და რა მიუთითებს კრიმინალის ზრდაზე. როდესაც საქმე ეხება ქურდობას, ქურდობა არის ყველაზე ადვილად დასამალი დანაშაული. როდესაც ქურდობას ატყობინებენ პოლიციას, რომელსაც ხელმძღვანელობისგან აქვს მითითება, რომ დამალოს დანაშაული, არ დაარეგისტრიროს დანაშაული და კარგი სტატისტიკა გვაჩვენოს – ასეთი იყო მითითება მღებრიშვილი-ჭიკაიძე-ღარიბაშვილის დროს – ამ დროს ეს ქურდობა რჩება ლატენტური, დამალული, ანუ არ ჩანს ის ოფიციალურ სტატისტიკაში. როცა შემდგომ უკვე გადაიდგმება ნაბიჯი და არის მითითება პოლიციაზე, რომ დააგესტრიროს ყველა დანაშაული, მათ შორის ქურდობაც, ეს ავტომატურად იწვევს ქურდობის როგორც რეგისტრირებული დანაშაულის ზრდას. ანუ ამიტომ გარკვეული პროცენტი ამ ზრდაში, მე ზუსტად არ მახსოვს, ზუსტად ვერ გეტყვით რამდენია ეს პროცენტი, მაგრამ ნამდვილად უკავშირდება სტატისტიკის აღრიცხვას ანუ დანაშაულის რეგისტრაციას.
რაც შეეხება მეორე ნაწილს, ოჯახში ძალადობის ნაწილი მაგალითად, როდესაც ხდება საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და არის მოწოდება ძალადობის მსხვერპლებისთვის, რომ მათ ითანამშრომლონ პოლიციასთან და დარეკონ – ეს ზრდის მიმართვიანობას უკვე ოჯახში ძალადობის შემთხვევების და ამ შემთხვევაშიც ეს ზრდა შეიძლება განვიხილოთ, რომ მიმართვიანობა გაიზარდა და ამან განაპირობა ზრდა.“ – განაცხადა ოთარ კახიძემ.

banner
წინა სტატიაში,, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საბაჟო-გამშვები პუნქტების გახსნის შესახებ ინფორმაცია არის მცდარი”
შემდეგი სტატიანათია მეზვრიშვილი – „ არ არის სწორი, 2018 წლის სტატისტიკური მონაცემების 2017 წელთან შედარება, იმიტომ რომ 2017 წელს განსხვავებულად ხდებოდა დანაშაულის აღრიცხვა, 2018-ში განსხვავებულად ხდება“