ოთარ კახიძე : შსს-მ ჩანაწერების მესამე რიგის გამავრცელებლებს არ უნდა შეაწმინდოს ხელი, დასადგენია, ვინ დგას ამის უკან

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი, დეპუტატი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ მთავარია დადგინდეს, პირველად ვინ გაავრცელა პირადი ცხოვრების ფარული ჩანაწერები და რეალურად ვინ დგას ამის უკან.

როგორც კახიძემ განაცხადა, თავიდან, როცა ჩანაწერების გავრცელებაზე დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ განცხადება გააკეთა, რეაგირება არ მოჰყოლია და შემდეგ მოხდა მასიურად გავრცელებაც.

„როცა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა განცხადება, ამ პროცესს არანაირი რეალური რეაგირება არ მოჰყვა. შესაბამისად, ვიხილეთ უკვე მასიურად შემდგომში ამის გავრცელებაც, შენახვაც კი. თქვენ რომ გამოგიგზავნიან სხვისთვის გადაცემა დანაშაულია, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახლა მესამე-მეოთხე რიგის გამავრცელებლებს შეაწმინდოს ხელი და ისრები გადაიტანოს, არასწორია. მთავარია, ვინ გაავრცელა თავიდან, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, ეს არის გამოსარკვევი, არა მხოლოდ ეკა ბესელიას შემთხვევაში, სხვა პოლიტიკოსებსაც გაუვრცელეს უახლოეს წარსულში და არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია“, – განაცხადა კახიძემ.

მისი თქმით, არავინ უნდა შეინახოს კადრები და პოლიციას მიაწოდონ.

„ყველას მინდა ვუთხრა, არ შეინახონ კადრები, შეატყობინონ პოლიციას და არ შეუწყონ ხელი მის გავრცელებას. ეს არის საუკეთესო პრევენცია, მსგავსი ფაქტები მომავალში აღარ იყოს ეფექტიანი, მაგრამ მეორე მხრივ, სახელმწიფოს მოვუწოდებ, რომ რეალური რეაგირება მოახდინოს და ვიღაც მესამე რიგის გამავრცელებლებს არ შეაწმინდოს ხელი“, – განაცხადა კახიძემ.

ამასთან, დეპუტატი ხაზს უსვამს, რომ ჩანაწერის გავრცელება ემთხვევა „ქართული ოცნების“ შიგნით გარკვეულ უკმაყოფილებას, რაც ეჭვის საფუძველს აჩენს.

„ეს ყველაფერი პირდაპირ თანხვედრაშია, პირდაპირ ემთხვევა კონკრეტულ დაპირისპირებას „ქართული ოცნების“ შიგნით და ბიძინა ივანიშვილის უკმაყოფილებას კონკრეტულ პოლიტიკოსებთან. ბუნებრივია, ეს ეჭვების საფუძველს იძლევა. მტკიცებით ფორმაში ვერავიზე ვიტყვი, ვინ დგას ამის უკან, მაგრამ ის, რომ ბიძინა ივანიშვილია არაფორმალური მმართველი, გადაწყვეტილების მიმღები და რეალურად, თანამდებობის პირებზე მძიმე დანაშაული არ იხსნება, ცხადია, აღნიშნული იწვევს ეჭვებს, რომ ის დგას ამ პროცესის უკან“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

banner
წინა სტატიაშიყველა იმ პირმა უნდა აგოს პასუხი, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი – კალაძე ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე
შემდეგი სტატია“თადუმაძემ მოგვატყუა… ოთხშაბათს მივდივარ მასთან და იმედია არ დამემალება”- ზაზა სარალიძე