ოთარ კახიძე: პოლიტიკური მტრები და გულუბრყვილო მომხრეები ქუჩის ოპოზიციად ქცევისკენ მიგვითითებენ

თუ არჩევნები წააგე, მაშინ პარლამენტში რა გინდა, კანონებს ხომ ხელისუფლება მიიღებს, – ასეთი მოსაზრება საკითხში ჩაუხედავი და უსაგნო მსჯელობაა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ოთარ კახიძე წერს.

როგორც ის აღნიშნავს, ეს არის გზა ქუჩის ოპოზიციისკენ, რაზეც მიუთითებენ პოლიტიკური მტრები ან გულუბრყვილო მომხრეები.

“ისმება კითხვა, რა უნდა გააკეთოთ პარლამენტში? რისთვის შედიხართ? მინდა ამ თემაზე განმარტება გავაკეთო: პარლამენტში იქმნება საპარლამენტო უმრავლესობა, ანუ ხელისუფლება და უმცირესობა, ანუ ოპოზიცია. საკანონმდებლო პროცესის ბერკეტები, ბუნებრივია, ხელში აქვს უმრავლესობას. ასეა საქართველოშიც და ყველა სხვა ქვეყანაში, სადაც არსებობს პარლამენტი. ოპოზიციის ხელში არსებობს შემდეგი მექანიზმები – ა) საპარლამენტო კომიტეტისა და პლენარული სხდომები, ტრიბუნა, სადაც გამოდიხარ და ესაუბრები ამომრჩეველს; ბ) კითხვის დასმის უფლება მთავრობისთვის, რომელიც ვალდებულია გაგცეს პასუხი; გ) დაუბრკოლებლად შესვლის უფლება სახელმწიფო დაწესებულებებში, რათა გაუწიო მათ კონტროლი; დ) უფლება, არ გაამჟღავნო ინფორმაცია, რომელსაც მამხილებლები გაგანდობენ, როგორც დეპუტატს, რაც არის უკანონობის მხილებისთვის საჭირო ინსტრუმენტი; ე) მონაწილეობა საპარლამენტო ნდობის ჯგუფში, რათა ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გქონდეს ინფორმაცია და ხელი შეუშალო მავნებლური ნაბიჯების გადადგმაში; ვ) საერთაშორისო ორგანიზაციებში წარმომადგენლობის უფლება, ურთიერთობა დიპლომატიურ კორპუსთან, ევროკავშირსა და ევროსაბჭოს სტრუქტურებთან და პარტიებთან”, – წერს ოთო კახიძემ.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი წერს, ოპოზიციის ფუნქციაა, წარმოადგინოს ამომრჩეველთა ინტერესები პარლამენტში, ოპონირება გაუწიოს ხელისუფლებას, მიუთითოს მას შეცდომებზე, შესთავაზოს საზოგადოებას უკეთესი ალტერნატივა, დაანახოს საკუთარი უპირატესობა, აჩვენოს, რომ ხელისუფლებაზე ჭკვიანი, კომპეტენტური, პრინციპული და წესიერია, რათა შემდგომ არჩევნებზე მიიღოს უფრო მეტი მოქალაქის ხმა.

“თუ არჩევნები წააგე, მაშინ პარლამენტში რა გინდა, კანონებს ხომ ხელისუფლება მიიღებს”, – არის საკითხში ჩაუხედავი, უსაგნო მსჯელობა. ასეთი ლოგიკით არცერთი ოპოზიცია არ უნდა შედიოდეს პარლამენტში. ეს არის გზა თვითლიკვიდაციისა და ქუჩის ოპოზიციად ქცევისკენ, რაზეც მიგვითითებენ პოლიტიკური მტრები ან გულუბრყვილო მომხრეები”, – წერს კახიძე.

banner
წინა სტატიაში“ერთიან ნაციონალურ მოძროაბაში” ამ დრომდე არ იციან, შევა თუ არა სანდრა რულოვსი პარლამენტში
შემდეგი სტატიაპირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების საქმეზე ბრალდებული გელა ღურწკაია პატიმრობიდან გათავისუფლდა