ოთარ კახიძე – ხელისუფლება ცდილობს, ქრთამით უცნობი პირები გამოიყვანოს, რომლებიც იტყვიან, რომ „ევროპულ საქართველოს“ ტოვებენ

ოპოზიციონერი დეპუტატის, ოთარ კახიძის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს, ქრთამის სანაცვლოდ უცნობი პირები გამოიყვანოს, რომლებიც იტყვიან, რომ „ევროპულ საქართველოს“ ტოვებენ.

ოთარ კახიძე თერჯოლისა და ტყიბულის რაიონული ორგანიზაციიდან 17 წევრის წასვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ ადამიანებს სახეზე ვერ ცნობს.

„ეს ადამიანები არც შტაბის წევრები არიან, არც მნიშვნელოვანი პოზიცია არ ჰქონიათ და არც ვიცი, არიან თუ არა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები. ერთ-ერთი ახალგაზრდა ბიჭი ვიცანი, რომელმაც განცხადების გაკეთებაში „ქართულ ოცნებას“ ფული გამოართვა. ჩვენს ორგანიზაციის თავმჯდომარეს დაურეკა და უთხრა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან შეხვედრა ჰქონდა და მას ამ განცხადების გაკეთება მატერიალური დაინტერესების სანაცვლოდ უწევდა, რისთვისაც წინასწარ ბოდიში მოუხადა. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ხელისუფლება პანიკაშია, რაც საბოლოო სურათს ვერ შეცვლის, რადგან მეორე ტურში მარცხი გარანტირებული აქვთ, განსხვავება დრამატული და მათთვის გასაკვირი იქნება“, – აღნიშნავს კახიძე.

დეპუტატის შეფასებით, ხელისუფლება ცდილობს, შთაბეჭდილება შექმნას, რომ „ევროპული საქართველოდან“ ხალხი მიდის.

„ევროპული საქართველოს“ წევრებისთვის წინასწარ ცნობილი იყო, რომ მხარს გრიგოლ ვაშაძეს ვუჭერდით. ხელისუფლება ცდილობს, ქრთამით უცნობი პირები გამოიყვანოს, რომლებიც იტყვიან, რომ „ევროპულ საქართველოს“ ტოვებენ. თერჯოლაში, წინა არჩევნებზე, ოთხი ათასმა ადამიანმა ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა, საპრეზიდენტო არჩევნებზე კი, ოპოზიცია შემოხაზეს. ამიტომ, ამაზე იფიქრონ და არა 17 ადამიანის გადაბირებაზე წვრილმანი ქრთამის სახით“, – განაცხადა კახიძემ.

ტყიბულსა და თერჯოლაში „ევროპული საქართველოს“ 17 წევრი „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ხელვაჩაურში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დააკავა
შემდეგი სტატიაარასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მთავარ პროკურატურაში დაიბარეს