ოთარ კახიძე : ირაკლი შოთაძის შემობრუნება საზოგადოების შეურაცხყოფაა

ჩემი აზრით, ირაკლი შოთაძის შემობრუნება არის საზოგადოების შეურაცხყოფა და ზოგადად, სამართლის მიმართ ცინიკური დამოკიდებულება,-ამის შესახებ საპროკურორო საბჭოს წევრმა, “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა ოთარ კახიძემ გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაბრების დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ოთარ კახიძემ აღნიშნა, ირაკლი შოთაძეს დაუსვამს იმ კითხვებს, რაც საზოგადოებას აქვს. ოთარ კახიძის განმარტებით, პირველ რიგში, ეს კითხვები ეხება სარალიძის საქმეს.

“ირაკლი შოთაძის დაქვემდებარების ქვეშ მომუშავე პროკურატურამ ეს საქმე პრაქტიკულად, გააყალბა, მტკიცებულებები გაანდგურა, ხელი დააფარა ერთ-ერთ ფიგურანტს, რომელიც კავშირში იყო პროკურატურის ყოფილ თანამშრომელ მირზა სუბელიანთან. შოთაძე გადადგა, საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა ამ საქმის ჩავარდნის გამო. შემდგომ, საგამოძიებო კომისიამ დააფიქსირა სისტემური დარღვევები.მათ შორის, გამოკვეთა შოთაძის შესაძლო ბრალეულობა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივია, არის ის, რომ ირაკლი შოთაძის შემდგომ პროკურატურამ ბრალი წარუდგინა იმ ფიგურანტს, რომელსაც შოთაძის პროკურატურა მიიჩნევდა გამშველებლად.დღეს, მკვლელობის ბრალდება აქვს წარდგენილი ამ პირს.შესაბამისად, საინტერესოა რა შეიცვალა და როგორ ფიქრობს ბატონი შოთაძე, დღესაც გამშველებელი უნდა იყოს მკვლელობაში ბრალდებული, თუ რაიმე სხვა აზრი აქვს ამ საკითხზე?!”- განაცხადა ოთარ კახიძემ.

მისივე თქმით, ამავე დროს, ირაკლი შოთაძე იყო ის გენერალური პროკურორი, რომელიც ასრულებდა ბიძინა ივანიშვილის მითითებებს პოლიტიკურ ოპონენტებთან და შერჩევით სამართალთან დაკავშირებით.

“ყველა იმ მნიშვნელოვან საქმეზე,რომელიც საზოგადოების ხელის გულზე დევს, ცხადია, მე კითხვებს დავსვამ.თუმცა, ივანიშვილის პირობებში, თუ ვინ დაიკავებს გენერალური პროკურორის პოსტს, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.ნებისმიერი ფიგურა მაინც იქნება პარტიის თავმჯდომარის დავალებების შემსრულებელი”, – განაცხადა კახიძემ.

რაც შეეხება საპროკურორო საბჭოს, კახიძე მას ფასადურ ორგანოს უწოდებს.

“საბჭო სრულიად ფასადური ორგანოა, რომელიც შექმნილია ვითომ რაღაც დემოკრატოის იმიტაციისთვის, სინამდვილეში გადაწყვეტილებებს ივანიშვილი იღებს. არც პარლამენტში და არ ამ შენობაში(გენერალურ პროკურატურაში) არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღება”,- განაცხადა ოთარ კახიძემ.

banner
წინა სტატიაშითოვლი და წვიმა – დღეიდან ქვეყნის მასშტაბით ამინდი მკვეთრად გაუარესდება
შემდეგი სტატიაგარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისგან ჩემს მიმართ ბევრი ცრუ ბრალდება მომდინარეობს, თუმცა ეს ყველაფერი არის მოტივატორი – შოთაძე