ოთარ კახიძე ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე: ბიძინა ივანიშვილის პროკურატურა პოლიტიკური დაკვეთების მიხედვით მოქმედებს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ოთარ კახიძე ე.წ. ფოტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურის გადაწყვეტილების შეფასებისგან თავს იკავებს.

როგორც კახიძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის პროკურატურა პოლიტიკური დაკვეთებისა და კონიუნქტურის მიხედვით მოქმედებს, რომლის მიმართაც მას ნდობა არ აქვს.

„ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან თავს შევიკავებ“, – განაცხადა კახიძემ.

მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ფოტოგრაფების საქმე გახსნა და ორი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე, ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით განხორციელებული სამსახურებრივი მდგომარეობის გადამეტების ფაქტზე, დაკავებულ იქნა შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი, ხოლო სასჯელაღსრულების დაწესებულების N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის ალექსანდრე მუხაძის მიმართ გამოტანილ იქნა დადგენილება მისი ბრალდების შესახებ.

ამავდროულად, პროკურატურის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ფოტორეპორტიორების: გიორგი აბდალაძის, ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი და ნათელა გედენიძეების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის თაობაზე და პროკურატურა მათ მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამამართლებელი განაჩენების დადგომას მოითხოვს.

პროკურატურის ინფორმაციით, ფოტორეპორტიორების დაპატიმრება და გამოგონილი ბრალდებით – ჯაშუშობაში დადანაშაულება, წარმოადგენდა წინა ხელისუფლების ანგარისწორებას, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის ამსახველი ფოტოების გავრცელების გამო.

banner
წინა სტატიაშივიქტორ დოლიძე : პრეზიდენტის ინსტიტუტის ჩართვა საკონსტიტუციო კომისიაში, არ იქნებოდა ურიგო
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე ნატოს გენერალური მდივნის ახალ მოადგილეს შეხვდა