ოთარ კახიძე : ჩვენი ინიციატივით სასამართლოს მმართველ კლანს ექსკლუზიური უფლება აღარ ექნება

„ევროპული საქართველოს“ საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, სასამართლოს მმართველ კლანს ექსკლუზიური უფლება აღარ ექნება, პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მხოლოდ ის კანდიდატურები წარუდგინოს, რომლებსაც თავად მიიჩნევენ მიზანშეწონილად, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა, ოთარ კახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ევროპულ საქართველოს“ მიაჩნია, რომ პარლამენტს უფრო ფართო არჩევანი უნდა ჰქონდეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა წევრებსაც უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, კანდიდატები წარადგინონ.

„რაც შეეხება მმართველ გუნდს, ისინი ცდილობენ, ივანიშვილისა და ჩინჩალაძის ჯგუფის გარიგების შესაბამისად უზენაეს სასამართლოში უვადოდ განაწესონ მოსამართლეები, რომლებიც სწორედ ამ ჯგუფის მორჩილები და ქვემდებარე იქნებიან. ეს ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან ცუდია. ამიტომ გუშინდელ კომიტეტზე პრაქტიკულად თვითლუსტრაცია ვიხილეთ. საპარლამენტო განხილვებს სწორედ ეს დანიშნულება აქვს“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნება” მარტოა, რადგან არასამთავრობო სექტორი, სახალხო დამცველი, ადვოკატთა ასოციაცია, „ევროპული საქართველო“ და ზოგადად, პოლიტიკური ჯგუფები ყველანი წინააღმდეგი არიან, რომ „კლანს გაუხანგრძლივდეს ვადა და უზენაესი სასამართლო გადაუფორმონ“.

„თუმცა, „ქართული ოცნება“ მაინც ნაბიჯ-ნაბიჯ ამ გზას მიუყვება. ეს სახელმწიფოსთვის ნეგატიური მოვლენაა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დასასრულს კიდევ უფრო აახლოებს“, – განაცხადა კახიძემ.

მისი განმარტებით, კანონპროექტის პირველი მოსმენის ფარგლებში პრინციპების დონეზე პარლამენტი კენჭს უყრის დებულებებს.

„ვენეციის კომისიის დასკვნის შემდგომ როგორღა შეცვლიან კანონპროექტს. მაშინ პირველ მოსმენამდე ვენეციის კომისიას უნდა დაელოდონ. ქვეყანაში კონტექსტის გათვალისწინების გარეშე, თეორიულ დონეზე ამ კანონპროექტზე მსჯელობა შეუძლებელია. ჩვენ ვენეციის კომისიის დასკვნას დაველოდები და მზად ვართ, მათთან ვითანამშრომლოთ. ნომინირების საკითხზე გადაწყვეტილება 2/3-ით იქნება თუ არა მიღებული, ეს პრინციპულ საკითხად შეუძლოათ, მონათლონ და თქვან, რომ ამაზე პარლამენტს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს“, – განაცხადა კახიძემ.

მისი შეფასებით, გაუგებარია, რატომ ვერ დაიცადა „ქართულმა ოცნებამ“ ორი კვირა.

„ინტერპრეტაციის საშუალება ისევ „ქართულ ოცნებას“ აქვს და რატომ ვერ მოიცადეს ორი კვირა, ჩემთვის გაუგებარია, თუ არ ჩქარობენ ამ კლანისთვის უზენაესი სასამართლოს გადაფორმებას“, – განაცხადა კახიძემ.

საქართველოს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ. ერთი პროექტი საპარლამენტო უმრავლესობას ეკუთვნის, მეორე კი „ევროპულ საქართველოს“.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ ვახტანგ ბუცხრიკიძე გამოკითხა
შემდეგი სტატიააფხაზეთის მთავრობაში საკადრო ცვლილებები დაიწყო – მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველმა კანკავამ თანამდებობა უკვე დატოვა