ოთარ კახიძე – ახალი ინფორმაცია მივიღეთ, ფარდულის დემონტაჟში ჩართული იყო პოლიცია და გასარკვევია, რა ფორმით

მოწმეების ნაწილი პირველ და ორ დეკემბერსაა გამოკითხული, მაგრამ საქმეში ამ გამოკითხვის ოქმები არ ჩანს,- ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ოთარ კახიძემ განაცხადა.

ამასთან, როგორც კახიძემ აღნიშნა, დღეს გამოკითხული მოწმე, ნიკოლოზ იორდანიშვილი ვინც ჩხუბს თავიდან ბოლომდე უყურებდა, ამბობს, რომ პოლიციაში რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ და მისი გამოკითხვის ოქმი საქმეში არ დევს.

კახიძის თქმით, დღეს ეს ადამიანი აცხადებს, რომ არაფერი დაუნახავს.

„ამ გასაუბრებების შედეგად კომისიისთვის რაც ახალი გამოვლინდა არის ის, რომ მოწმეების ნაწილი პირველ და ორ დეკემბერსაა გამოკითხული, მაგრამ საქმეში ამ გამოკითხვის ოქმები არ ჩანს. ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია ეს ოქმები სად წავიდა. ეს დოკუმენტაცია სად არის.

როგორ შეიძლება საქმეში დანაშაულის თვითმხილველის გამოკითხვის ოქმი იდოს შემთხვევიდან ორი და სამი კვირის შემდგომ. ეს უბრალოდ ახსნას არ ექვემდებარება. ვაპირებთ, რომ ეს საკითხები კომპეტენტურ პირებთან შსს-ში გავარკვიოთ. იმიტომ, რომ სხვაგვარად ეს მოტივაცია ჩვენთვისაც გაურკვეველია. არ მინდა დასკვნები წინასწარ გავაკეთო. ფაქტია ის, რომ ადამიანი ვინც ჩხუბს თავიდან ბოლომდე უყურებდა, ეს ადამიანი თავის პირით ამბობს, რომ პოლიციაში ვიყავი რამდენიმე საათის განმავლობაში მკითხავდნენ და მისი გამოკითხვის ოქმი საქმეში არ დევს. დღეს ეს ადამიანი გვეუბნება, რომ არაფერი დაუნახავს. მაშინ, როდესაც მისი თვალთახედვის არეალში იყო უშუალოდ ლევან დადუნაშვილის სასიკვდილო დაჭრა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია. ამიტომ კომისია მუშაობას განაგრძობს. ჩვენთვის ყოველდღიურ რეჟიმში ცნობილი სულ ახალ ახალი დეტალები ხდება. არ მინდა მოვლენებს წინასწარ გავუსწრო, მაგრამ ყველა ეს ფაქტი და გარემოება დასკვნაში ჩვენს მიერ შეფასებული იქნება“,- განაცხადა კახიძემ.

მისივე თქმით, მიიღეს ახალი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფარდულის დემონტაჟში ჩართული იყო პოლიცია. კახიძე აღნიშნავს, რომ გასარკვევია, რა ფორმით იყო ჩართული დემონტაჟში სამართალდამცველები.

„ახალი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით მივიღეთ, რომ ფარდულის დემონტაჟში ჩართული იყო პოლიცია და გასარკვევია, რა ფორმით. კონკრეტულად რომელი პოლიციელები იყვნენ. ასევე დღეს გავიგეთ, რომ ერთ-ერთი პირი საუბრობს მოზარდზე, რომელსაც თავში ჰქონდა დაზიანება და მას სისხლი სდიოდა. ეს იყო აბსოლუტურად ბუნდოვანი, აქამდე უცნობი გარემოება. შესასწავლია ეს მოზარდი ვინ იყო, ვისზე საუბრობს. არც დადუნაშვილს და არც სარალიძეს თავში დაზიანება, ჭრილობა მიღებული არ ჰქონია და ეს დეტალია, რომელიც საქმეში არ იდო”,- განაცხადა ოთარ კახიძემ.

ამასთან, კახიძის თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფარდული ვინმეს კერძო საკუთრება იყო, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ეს ფარდული პრივატიზებული და დაკანონებული არ იყო, ხოლო ფარდულის დემონტაჟზე მითითება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმის განმარტებით პოლიციამ გასცა და კონკრეტული პირი იყო, ვინც პოლიციასა და მესაკუთრეებს შორის შუამავალი იყო. კომუნიკაცია რჩეულიშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებასთან მიმდინარეობდა. ეს არის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს. ამას გადამოწმება და დამატებითი შესწავლა სჭირდება”,- განაცხადა კახიძემ.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ ხორავას ქუჩაზე მე-4 პირიც ყოფილიყო დაჭრილი, კახიძე აცხადებს, რომ წინასწარ ამაზე საუბარი უჭირს, თუმცა ამაზე ერთ-ერთი თვითმხილველი ნამდვილად უთითებს. საგამოძიებო კომისიამ მუშაობის შედეგად უნდა გამოარკვიოს, საუბარი ვისზეა“, – განაცხადა კახიძემ.

როგორც კახიძემ დღეს გამოკითხულ მოწმე იორდანშვილის შესახებ საუბრისას აღნიშნა, უცნაურია ის ფაქტი, რომ მოწმეს პირველ დეკემბერს ჩვენება აქვს პოლიციაში მიცემული, თუმცა ჩვენება საქმის მასალებიდან გამქრალია.

„მოქალაქე, რომელიც ხედავს, მის თვალწინ ადამიანს დანას ურტყამენ, პირველი, ვალდებულია პოლიციაში და სასწრაფო დახმარებაში დარეკოს. მეორე, ვალდებულია დახმარება თავად გაუწიოს. თუ შეუძლია, რომ წაიყვანოს მანქანაში ჩასვას და მიეხმაროს. შემდგომ ვალდებულია ამის შესახებ მიაწოდოს ჩვენება როგორც პოლიციას, ისე საგამოძიებო კომისიას. უცნაური ამ ყველაფერში გახლავთ ის, რომ ამ ადამიანს იმავე დღეს შემთხვევიდან რამდენიმე საათში პოლიციისთვის ჩვენება აქვს მიცემული, რაღაც მოყოლილი აქვს და საქმიდან ეს ჩვენება გამქრალია. დღეს ეს მოწმე არაფერს არ ამბობს”,- განაცხადა კახიძემ.

ხორავას ქუჩაზე დღეს ის პირი გამოიკითხა, რომელიც პირველ დეკემბერს, არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირებისას შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. მოწმე ნიკოლოზ იორდანიშვილი ადგილზე იმ ავტომობილით იყო მისული, რომლითაც პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე იმყოფებოდა.

კომისიის წევრებს უკვირთ, როგორ ვერ დაინახა მოწმე იორდანიშვილმა მოზარდების დაპირისპირება, როცა ამ დროს საკუთარ მანქანაში იჯდა და ეზოდან გასვლას ცდილობდა.

banner
წინა სტატიაშიაკაკი ზოიძე ვარაუდობს, რომ სამინისტროების გაერთიანებით ადმინისტრაციული ხარჯი 100-120 მილიონი ლარით შემცირდება
შემდეგი სტატია„აღარ მჯერა რომ ეს კაცი შემთხვევით გადამეკიდა“ – მოძალადე მამკაცმა ინგა გრიგოლიას ღია ნომრით, ფსიქიატრიული კლინიკიდან დაურეკა