ოთარ გაბელია სოხუმში და დონეცკში

24 მარტს ბრწყინვალე მეკარე ოთარ გაბელიამ აღნიშნა დაბადების დღე-ის 68 წლის გახდა. მისი სახელი კარგად არის ცნობილი ათეულობით ქვეყანაში, მან თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში დაიმსახურა ასობით მილიონობით გულშემატკივრისა და სპეციალისტთა დიდი არმიის სიმპატია.თავისი საფეხბურთო კარიერის საუკეთესო პერიოდი ზუგდიდში დაბადებულ -გაზრდილმა ოთარ გაბელიამ თბილისის „დინამოში“ გაატარა.
ფეხბურთის სტაჟიანი გულშემატკივრისთვის კარგად არის ცნობილი , რომ მისი გზა დიდ ფეხბურთში ზუგდიდის „დინამოში“ (1970-71 წწ) დაიწყო, შემდეგ თამაშობდა სოხუმის „დინამოში“ (1972-1973) და ქუთაისის „ტორპედოში“ (1974-1976, 1983), მერე კი იყო თბილისის „დინამოში“ (1977-1982, 1984-1989) , საქართველოს ნაკრებში (1979, მეორე ადგილი სსრკ სპარტაკიადზე). ოთარი არის ევროპის თასების მფლობელთა თასის მფლობელი (1981), სსრკ – ჩემპიონი (1978), ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი, სსრკ თასის მფლობელი ( 1979), სსრკ საუკეთესო მეკარე (1979).
მე კარგად მახსოვს ოთარ გაბელიას თამაში სოხუმში (1972-1973)-სოხუმის მე-17 სკოლის მეექსვე-მეშვიდე კლასი მოსწავლე ვიყავი, ოთარი კი ადგილობრივი „«დინამოს»“ მეკარე. თანაკლასელებთან ერთად ხშირად დავდიოდი სოხუმისს ძველ სტადიონზე(ორჯონიკიძის ქუჩაზე),სადაც იმართებოდა ადგილობრივი «დინამოს» ოფიციალური მატჩები ( სსრკ მეორე ლიგა) და ამხანაგური შეხვედრები სსრკ პირველი და უმაღლესი ლიგის კლუბებთან. 1973 წელს, სსრკ -ში არსებული დებულების მიხედვით, სსრკ ჩემპიონატი ყველა ლიგაში ოფიციალური მატჩების ფრედ დამთავრების შემთხვევაში გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია ინიშნებოდა, ეს გადაწყვეტილება სსრკ ფეხბურთის ფედერაციამ იმ მოტივით მიიღო რომ ე.წ. „ჩაწყობილი“ თამაშების წინააღმდეგ ებრძოლა. 1973 წლის ჩემპიონატში სოხუმში მეორე ლიგის ფრედ დასრულებული მატჩების შემდეგ ოთარ გაბელია ოსტატურად იგერიებდა პენალტებს, თავად მატჩების დროს კი ძალიან ემოციური იყო -ამას ხედავდა მეტოქეც და მაყურებელიც და ხშირად ეს დამატებით ხალისს ანიჭებდა თამაშებს.
სოხუმის ქუჩებში და განსაკუთრებით სანაპიროზე ბევრჯერ მინახავს ოთარი გულშემატკივრების ალყაში-ესაუბრებოდნენ, თუ ახლოს იყო ფოტოგრაფი-სურათებსაც იღებდნენ. თავად ოთარი საინტერესო მოსაუბრე, იუმორით სავსე ახალგაზრდა იყო.
სოხუმში ცხოვრების დროს ოთარი თამაშობდა იქ მოქმედი საქართველოს სუბრტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის გუნდში ( ამ ინსტიტუტის დაუსწრებელი განყოფილების სტუდენტი იყო), რომელიც გამოდიოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პირველობაზე, საქართველოსა და სსრკ ჩემპიონატებში სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტების გუნდებს შორის. იხ. 1973 წელს სოხუმში გადაღებული ფოტო, რომელიც მომაწოდა ზემოაღნიშნული ინსტიტუტის ყოფილმა სტუდენტმა და ამ გუნდის ყოფილმა ფეხბურთელმა თამაზ ხუბუამ (ამჟამად არის აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას პირველი მოადგილე). 1974 წელს ოთარ გაბელია მიიწვიეს ქუთაისის „ტორპედოში“, რომელიც იმ დროს სსრკ პირველ ლიგაში თამაშობდა. 1977 წელს კი ოთარი თბილისის „დინამოში“ გადაიყვანეს. ყველამ იცის, რომ 1976-1982 წწ თბილისის „დინამომ“ (ფაქტობრივად საქართველოს ნაკრებმა) უდიდეს შედეგებს მიაღწია საკავშირო და საერთაორისო ტურნირებში, სწორედ ამიტომ სპეციალისტები თბილისის „დინამოს“ ამ პერიოდს „ოქროს წლებად“ მოიხსენიებენ.
1976 წლის სექტემბრიდან 1981 წლის ივნისამდე მე ვსწავლობდი უკრაინაში, დონეცკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე, შემდეგ კი ნახევარი წელი ვმუშაობდი პედაგოგად დონეცკის ოლქის დობროპოლიეს რაიონის ქალაქ ბელოზერსკში, 1981 წლის დეკემბრიდან 1983 წლის ივნისამდე ვმსახურობდი ჯარში დონეცკის ოლქში.
უკრაინაში ცხოვრების დროს (1976-1983) დავესწარი თბილისის «დინამოს» ყველა მატჩს დონეცკში, რამდენიმე შეხვედრას ხარკოვში, კიევსა და ლუგანსკში ( ვოროშილოვგრადი), ზაფხულობით კი სოხუმიდან თბილისში ხშირად ჩავდიოდით დინამოელთა მატჩებზე. იმ დროს (1976-1983) დონეცკის „შახტიორი“ საკმაოდ ძლიერი გუნდი იყო , თბილისის «დინამოსთან“ მათ მატჩებზე ბილეთები შოვნა რთული იყო, მითუმეტეს მარტო კი არ დავდიოდი ასეთ მატჩებზე: დონეცკის უნივერსიტეტისა და ამ მილიონიანი ქალაქის სხვა უმაღლესი სასწავლებლების ( პოლიტექნიკური, სავაჭრო და სამედიცინო ინსტიტუტების) ქართველი,აფხაზი, ბერძენი, სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტებთან (საქართველოს მკვიდრნი) ერთად – 20-30 კაციან ჯგუფად მივდიოდით სტადიონზე თბილისის «დინამოს» საქომაგოდ. ბილეთებს ხშირად ჩვენი გუნდის ფეხბურთელები (ვიტალი დარასელია, ოთარ გაბელია)ან დინამოელთა მთავარი მწვრთნელი ნოდარ ახალკაცი გვჩუქნიდნენ. თამაშის წინა დღეს მივდიოდით დონეცკის იმ სასტუმროში (“უკრაინა”, “შახტიორი” ან “დონბასი”) და იქ ფოიეში ვსაუბრობდით ფეხბურთელებთან და მწვრთნელებთან. სტადიონზე ( მატჩები ტარდებოდა „ლოკომოტივის“ ან „შახტიორის“ არენებზე) შევდიოდით «დინამოს» პლაკატით (წარწერა ქართულ ენაზე იყო) , ვქომაგობდით, რამდენიმეჯერ პატარა კონფლიქტიც მოგვივიდა ადგილობრივ ფანებთან, თუმცა მილიციამ და ფანების სხვა ნაწილმა დაგვიცვეს.
ძალიან კარგად მახსოვს 1979 წლის 6 ოქტომბერს დონეცკში თბილისის დინამოელთა მატჩი „შახტიორთან“ – სამი დღით ადრე, 3 ოქტომბერს, თბილისში ჩვენმა გუნდმა დაამარცხა ლეგენდარული „ლივერპული“ ( 3-0) , 5 ოქტომბერს ჩვენი უნდი დონეცკში ვნახე. სასტუმროში ფანებს არ უშვებდნენ. მე, ჩემი ორი დონეცკელი მეგობარი და სოხუმიდან საგანგებოდ ჩამოსული მამაჩემი, ფეხბურთის სტაჟიანი გულშემატკივარი ბოჩია პაჭკორია (დაიღუპა სოხუმში 1993 წლის 20 თებერვალს რუსეთის ავიაციის მიერ განხორციელებული ავიადაბომბვის შედეგად-იხ.

14.08.1992 როგორ მწიფდებოდა რუსეთ-საქართველოს ომი?!

სასტუმროში შეგვიშვეს ნაცნობმა მილიციელებმა ( წინა წლებში მათ რამდენიმეჯერ ჭაჭა ვაჩუქეთ . ფოიეში ვნახეთ დინამოელები, ბედნიერები ვიყავით, რომ რამდენიმე წუთი ვესაუბრეთ მათ ( დათო ყიფიანს, ვიტალი დარასელიას, ოთარ გაბელიას, მანუჩარ მაჩაიძეს, ალექსანდრე ჩივაძეს, გიორგი ჭილაიას) და მწვრთნელებს . დონეცკში ის მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა. ეს იყო ნამდვილი საფეხბურთო სპექტაკლი. შეხვედრის შემდეგ „შახტიორის“ ფანებმა მოაწყეს მსვლელობა დონეცკის ცენტრალურ ქუჩებში -დაახლოებით 5-6 ათასი კაცი მონაწილეობდა მსვლელობაში, მათ შორის ვიყავით ჩვენ, თბილისის «დინამოს» დაახლოებით 25 ფანი, ჩვენ ვიყავით ჩვენი ქართული პლაკატით „დინამო“! მსვლელობის დროს ფანებმა ფაქტიურად გადაკეტეს არტიომის ქუჩა-დონეცკის ცენტრალური გამზირი, მილიცია ხელს არ გვიშლიდა, რადგან ეს იყო მშვიდობიანი საფეხბურთო აქცია. მეორე დღეს მე და დონეცკის უნივერსიტეტის კიდევ რამდენიმე სტუდენტი გამოგვიძახეს რექტორატში და გვითხრეს: “კარგია, რომ ფეხბურთი გიყვართ,მაგრამ ქუჩების გადაკეტვა არ არის საჭირო“. მე ვუპასუხე, რომ ეს იყო წმინდა საფეხბურთო მანიფესტაცია. უნივერსიტეტის პრორექტორმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ნიკოლაი ტურივნენკომ, რომელიც ფეხბურთის დიდი ქომაგი იყო, გვითხრა : “ვიცით,რომ მატჩის წინა დღეს სასტუმროში იყავით, ვიცით, ვინ და სად დაამზადეთ ეს ბანერი ქართულ ენაზე, ვიცით, რომ თბილისის „დინამო“ ძალიან ტექნიკური გუნდია, მაგრამ გთხოვთ- ამიერიდან ქუჩები არ გადაკეტოთ, თორემ კანონით გათვალისწინებულ ზომებს მივიღებთ!».
შემდგომში ბევრჯერ ვყოფილვარ მატჩებზე დონეცკში, კიევში და მოსკოვში, როცა თბილისის «დინამოს» კარებს იცავდა ოთარ გაბელია, ხშირად მინახავს ის თბილისის დინამოელებთან ერთად ან პირადი მიზნებით ჩამოსული სოხუმში, ქალაქში, რომელიც მისთვის ძალიან დიდ ემოციებთან არის დაკავშირებული. მახსოვს კარგად მისი ჩამოსვლა სოხუმში 1992 წელს, ზუგდიდის „ოდიშის“ მთავარი მწვრთნელის აპლუაში, „ოდიშს“ სოხუმის „ცხუმი“ მასპინძლობდა.
გულშემატკივრებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ოთარმა თითქმის 30 წელი იმუშავა მწვრთნელად- საქართველოს სხვადასხვა კლუბებში, ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების მთავარი მწვრთნელის ასისტენტად.
ამ დღეებში რამდენიმეჯერ ვესაუბრე ბატონ ოთარს, მივულოცე დაბადების დღე, გავიხსენეთ მისი სოხუმში ცხოვრების პერიოდი და ბოლოს ვკითხე „რატომ ხარ დაძაბული?“
«საქართველოს ნაკრები 25, 28 და 31 მარტს გამართავს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებს შვედეთთან( გასვლა), ესპანეთთან( თბილისში) და საბერძნეთთან ( გასვლა), არც მეკარე ვარ ახლა და არც მწვრთნელი , თუმცა ისე განვიცდი და ვემზადები, თითქოს მე უნდა დავდგე კარში. პროგნოზები არ მიყვარს. იმედია, ჩვენი ბიჭები ბოლომდე იბრძოლებენ»- მითხრა ოთარმა.

თენგიზ პაჭკორია, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი

banner
წინა სტატიაშიბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე მეწყრული პროცესის შეჩერების მიზნით, დამცავი კედლის მოწყობა უკვე დაიწყო
შემდეგი სტატიაამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ის პრობლემების მოსაგვარებლად აირჩიეს და არა ქვეყნის დასაყოფად