ოთარ დანელია ევროკომისიის წარმომადგენლებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის აღმოსავლეთ სამეზობლოს მიმართულების ხელმძღვანელს, მეთიუ ბოუსქეთს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის მიმართულების ატაშეს, ალვარო ორტეგას და ევროკიმისიის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც “თაიმერს” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა ევროპის სამეზობლო პროგრამის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის (ENPARD- I) ფარგლებში განხორციელებული პროექტები განიხილეს.

მინისტრმა დეტალურად ისაუბრა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების და ექსტენციის სისტემის, მათ შორის მობილური ექსტენციის სერვისის შემუშავების მნიშვნელობაზე.

ოთარ დანელიამ მცირე და საშუალო ფერმერების მხარდაჭერის მიზნით განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ევროკავშირის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ევროკავშირის მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, რაც ხელს უწყობს საქართველოში ევროკავშირის საქმიანობის შესახებ ცნობადობის ამაღლებას.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ENPARD II-ის ფარგლებში სოფლის განვითარების კუთხით დაგეგმილ ღონისძიებებს. ოთარ დანელიამ აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ უკვე მოამზადა სოფლის განვითარების კონცეფცია, რომელიც კომენტარებისა და მოსაზრებების მიღების მიზნით, გადაგზავნილია სხვა სამინისტროებში.

შეხვედრაზე მეთიუ ბოუსქეთმა სამინისტროს საქმიანობა წარმატებულად შეაფასა და აღნიშნა, რომ უკვე დაწყებულია ENPARD III – ის (ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის) ფორმირება და მინისტრს საბიუჯეტო დახმარების ნაწილში ძირითადი კომპონენტების წარდგენა სთხოვა.

banner
წინა სტატიაშიაშშ ჩრდილოეთ კორეას მოუწოდებს რეგიონში სიტუაცია არ დაძაბოს
შემდეგი სტატიასაუდის არაბეთმა იემენში ამბოხებულების წინააღმდეგ ავიადარტყმები გაააქტიურა