ოთარ ანგურიძე – ოპოზიციიდან და სოციალისტური ჯგუფებიდან მინიმალური ხელფასის განაკვეთი ყოველთვის პოლიტიკური სპეკულაციების თემა იყო

მინიმალური ხელფასის განაკვეთი საქართველოში ყოველთვის პოლიტიკური სპეკულაციების თემა იყო, ძირითადად ოპოზიციიდან და სოციალისტური ჯგუფებიდან, – ამის შესახებ თსუ-ს ანალიტიკური პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე აცხადებს.

როგორც ოთარ ანგურიძე სოციალურ ქსელში წერს, იგი მომხრეა ეკონომიკის მიმართულებით იყოს გარკვეული რეგულაციები, თუმცა ის ამ შემთხვევაში ლიბერალურ რეგულაციას ემხრობა, რადგან ეკონომიკის განვითარებას ეს უფრო შეუწყობს ხელს.

„მინიმალური ხელფასის განაკვეთი საქართველოში ყოველთვის პოლიტიკური სპეკულაციების თემა იყო, ძირითადად ოპოზიციიდან და სოციალისტური ჯგუფებიდან. უნდა ითქვას, რომ მსგავსი ტიპის რეგულაცია ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ ნეგატიურ ფონს წარმოქმნის რადგან, როგორც წესი ასეთ რეგულაციას მოსდევს შავი შრომის ბაზრის განვითარება. ანუ, დაქირავებულების ის კატეგორია, რომლებსაც მინიმალურზე დაბალი ხელფასი ექნებათ, შესაძლოა არალეგალურ დასაქმებულებში გადავიდნენ და ამის გაკონტროლება სახელმწიფოს საკმაოდ გაუჭირდება, თან ბიუჯეტიც დაკარგავს შემოსავლებს.

რაღაც დონეზე ზეგანაკვეთური შრომა რომ რეგულირდებოდეს შესაძლოა კარგი იყოს, მაგრამ მკაცრად არა. მით უმეტეს თუ ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება წინასწარ განისაზღვრება 25%-ით. პირობითად, თუ დამსაქმებელი ჩათვლის, რომ მისმა თანამშრომელმა ზეგანაკვეთურ დროს ისეთი შრომა გასწია, რომ იმსახურებს 100%-იან დანამატს, რატომ უნდა შევზღუდოთ? ჩემი აზრით ჯობია ეს საკითხი თვითონ ბაზარმა დაარეგულიროს. კერძო სექტორში ეს საკითხი ასე თუ ისე დარეგულირებულია.

კონკურენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი შრომის ბაზრის განვითარებისათვის და თუ მუდმივ ხელშეკრულებებად ვაქცევთ ეს გარკვეულწილად კონკურენციას მოკლავს, რადგან ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ბაზარზე კადრების მიწოდებას ჩამორჩება.

P.S. ზოგადად მომხრე ვარ ეკონომიკის მიმართულებით იყოს გარკვეული რეგულაციები, თუმცა, ამ შემთხვევაში ლიბერალურს ვემხრობი, რადგან ეს უფრო შეუწყობს ხელს ეკონომიკის განვითარებას“, – წერს ოთარ ანგურიძე.

banner
წინა სტატიაშითბილისში დამატებით 30 ახალი ავტობუსი იმოძრავებს
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევა კახეთშიმსხვერპლით დასრულდა